მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე სამთო-საკურორტო სპორტული ტანსაცმლის ახალი ქართული ბრენდი გამოჩნდა - „კოკოს“ გეგმები

642ed8e4d093a
სალომე ხიდურელი
06.04.23 21:49
1052
ქართულ ბაზარზე სამთო-საკურორტო სათხილამურო, სპორტული ტანსაცმლის ახალი ბრენდი გამოჩნდა. როგორც „კოკოს“ დირექტორი თამარ ურუშაძე BM.GE-სთან განმარტავს, მათი შთაგონების წყარო ამერიკული ბრენდი The North Face იყო.

„ერთი თვეც არ არის, რაც ბრენდი შეიქმნა. იდეა გაჩნდა იქიდან, რომ ჩვენ უკვე გვქონდა სამკერვალო საწარმო, რომელიც სხვადასხვა კომპანიისთვის უნიფორმებს კერავს, თუმცა გვინდოდა, ქართული ბაზრისთვის ახალი, განსხვავებული ტანსაცმელი შეგვეკერა. North Face-ის სტილში გვინდოდა სამოსის შექმნა და პირველი კოლექციაც სამთო-სათხილამურო სპორტული ტანსაცმელია. საქართველოში არ არსებობს ბრენდი, რომელიც ამ ხაზს აწარმოებს. პირველები ვართ და ვიმედოვნებთ, რომ წარმატებასაც მივაღწევთ,“, - აღნიშნავს თამარ ურუშაძე.

ქართული წარმოების სპორტული ტანსაცმლის რეალიზაცია როგორც ონლაინ, ასევე ფალიაშვილის ქუჩაზე, ქართველი დიზაინერების მაღაზიაში ხდება, თუმცა როგორც „კოკოს“ დირექტორი განმარტავს, სხვა სარეალიზაციო კუთხეებში შესვლა ბრენდისათვის გამოწვევაა.

„ბაზარზე ძალიან შეზღუდულია ისეთი ობიექტების რაოდენობა, სადაც ჩვენი სამოსის რეალიზაცია შეგვეძლება, რაც არსებობს იქაც არ არის ადგილები და ვერ შეგვაქვს ტანსაცმელი“ - აღნიშნავს თამარ ურუშაძე.

სირთულეებზე საუბრისას „კოკოს“ წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებისთვის აუცილებელი ქსოვილები თითქმის არ არსებობს.

„წარმოებისთვის აუცილებელი ნედლეულის 50%-ს, ანუ იმ ნაწილს, რაც ადგილობრივად იშოვება, საქართველოში ვყიდულობთ. თუმცა სპეც-ქსოვილი, გარკვეული აქსესუარები და მასალები აქ არ არის, ქსოვილის ფერების არჩევანიც კი ძალიან მცირეა, რის გამოც გვიწევს, ნედლეული თურქეთში შევუკვეთოთ. ეს, რა თქმა უნდა, დიდ ხარჯებთანაცაა დაკავშირებული,“ - ამბობს „კოკოს“ დირექტორი.

„კოკოს“ პირველი კოლექციის ფასები კი ასე განისაზღვრა: შარვლები - 95 ლარი; ქურთუკების ღირებულება კი 200-ლარის ფარგლებშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები