ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული ქართული ჟელიბონების მწარმოებელი ბრენდი „ჟელიუსი“ აცხადებს, რომ პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია. ამის შესახებ BM.GE-სთან ბრენდის დამფუძნებელმა, თათია გოგრიჭიანმა ისაუბრა.
„ჟელიუსი“ გასულ წელს შეიქმნა. როგორც დამფუძნებელი აღნიშნავს, ბიზნესის იდეა შვილების ტკბილეულისადმი სიყვარულიდან გაჩნდა. მისი თქმით, ბრენდმა მოკლე დროში მომხმარებლის ინტერესი დაიმსახურა, თუმცა მალევე ოპერირება დაახლოებით ერთი წლით შეაჩერა. მიმდინარე წელს წარმოება კვლავ განახლდა და შეკვეთების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა.
„ჩემი შვილები განსაკუთრებით ჟელიბონებს ეტანებიან. სწორედ ამიტომ გამიჩნდა სურვილი, მათთვის და სხვა ბავშვებისთვის შემექმნა ნატურალური, ქიმიური დანამატების გარეშე დამზადებული ალტერნატივა. თავიდან შედეგი ისეთი არ იყო, როგორიც მინდოდა, თუმცა არაერთი ცდისა და რეცეპტურის დახვეწის შემდეგ მივიღეთ ხარისხიანი და გემრიელი პროდუქტი. მინდა აღვნიშნო, რომ ქართულ ბაზარზე ჟელიბონებზე მოთხოვნა მზარდია“, – ამბობს თათია გოგრიჭიანი.
მისივე თქმით, წარმოება სახლის პირობებში ხდება და ამ ეტაპზე, მხოლოდ ოჯახის წევრები არიან ჩართული.
„ჟელიუსის“ პროდუქცია ნატურალური ხილისგან მზადდება. დამფუძნებლის ინფორმაციით, სეზონზე შეძენილი ხილი იყინება, შემდგომ კი მისგან ნატურალური წვენები მზადდება, რომლებიც ჟელიბონების საფუძველს წარმოადგენს. ასევე გამოიყენება ბანანის მაღალი ხარისხის ნატურალური წვენი, ახლად გამოწურული ფორთოხალი და გრეიპფრუტი. როგორც გოგრიჭიანი ამბობს, პროდუქტი არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს.
"ამ ეტაპზე, დღეში საშუალოდ 4 კილოგრამ ჟელიბონს ვაწარმოებთ. ფასები 100 გრამზე 5 ლარიდან იწყება, ხოლო შოკოლადიანი ვერსიის ღირებულება 7 ლარია. ზომის მიხედვით, დაახლოებით 8-დან 14 ცალამდე ჟელიბონი შედის.
დამფუძნებლის თქმით, მოთხოვნა წელს განსაკუთრებით მაღალია. „გასულ წელს შეკვეთებს პრაქტიკულად ვერ ვასწრებდით. ახლაც, როდესაც წარმოება განვაახლეთ, უკვე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება. მომხმარებლებისგან მუდმივად დადებით უკუკავშირს ვიღებთ“, – აცხადებს გოგრიჭიანი.
ბრენდი წარმოების ეტაპობრივ გაფართოებას გეგმავს, რათა მზარდ მოთხოვნას სრულად უპასუხოს და ნატურალური ტკბილეულის სეგმენტში პოზიციები გააძლიეროს.




























