მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ბაზისბანკი“ „ლიბერთის“ ყიდულობს - ეროვნულმა ბანკმა კონცენტრაციის განხილვა დაიწყო

ბაზის ბანკი და ლიბერთი

„ბაზისბანკი“ „ლიბერთი ბანკს“ ყიდულობს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონცენტრაციის განხილვის პროცედურები დაიწყო.

"საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს სს „ბაზისბანკის“ (ს/ნ 203841833) მიერ სს „ლიბერთი ბანკის“ (ს/ნ 203828304) აქციების 95.99%-ის შესაძლო შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს. ორივე ზემოხსენებული ეკონომიკური აგენტი საბანკო სექტორში საქმიანობს.

დაინტერესებულ პირებს შესაძლო კონცენტრაციასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ 2025 წლის 23 ივლისის ჩათვლით, საქართველოს ეროვნულ ბანკში მისამართზე: ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1, ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე: [email protected]",- აცხადებენ სებ-ში.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის აპრილში ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვის სურვილი დაადასტურა. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, მოლაპარაკებებს აწარმოებდა როგორც „ბაზის ბანკთან“, ისე სხვა ბიზნეს-ჯგუფებთან. ამასთან, მან არც სხვა "პატარა ბანკის" შეძენა და ბაზარზე გამსხვილება გამორიცხა. ივნისში BMG-ს წყარომ განუცხადა, რომ “ბაზისბანკი“ „ლიბერთი ბანკს“ ყიდულობს. აღნიშნული ინფორმაცია 5 ივნისს ირაკლი რუხაძემ დაადასტურა. მან განაცხადა, რომ "თუ ეს გარიგება დასრულდა, იქნება ძალიან კარგი საქართველოსთვის და მისი ეკონომიკისთვის".

ვის ეკუთვნის და რა ზომისაა "ლიბერთი ბანკი"

"ლიბერთი ბანკი" უკვე მრავალი წელია საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი ბანკია. 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 5.45 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო მისი საკრედიტო პორტფელი 3.9 მილიარდი ლარია. ამასთან, ბანკს 2025 წლის 4 თვეში 40 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.

რაც შეეხება "ბაზისბანკს", ბანკი ჩინური "ჰუალინგ ჯგუფის" საკუთრებაშია. ის აქტივების ზომით, ანუ 4 მილიარდი ლარით საქართველოს რიგით მეოთხე ბანკია, ხოლო მისი საკრედიტო პორტფელი 3 მილიარდი ლარია. ბანკს 2025 წლის 4 თვეში 31 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.

შედეგად, გარიგების საფუძველზე ჩამოყალიბებული ბანკის აქტივების ზომა იქნება 9 მილიარდი ლარი, ხოლო საკრედიტო პორტფელი კი თითქმის - 7 მილიარდი ლარი. ამ მაჩვენებლით, ის აქტივებით და კრედიტების ზომით საბანკო სისტემის 10%-ს დაიკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები