"ბაზისბანკის" მიერ "ლიბერთი ბანკის" 95.99%-იანი წილის შეძენის შემდეგ, "ბაზისბანკის" გენერალური დირექტორი დავით ცაავა "ლიბერთი ბანკში" გენერალური დირექტორის პოზიციასაც დაიკავებს.
ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ბიზნეს პროცესების უწყვეტობისა და ორი ფინანსური ინსტიტუტის კოორდინირებულად მართვის უზრუნველსაყოფად მიიღეს.
"მიმდინარე ეტაპზე ორივე ბანკი ჩვეულ რეჟიმში, დამოუკიდებლად აგრძელებს საქმიანობას. ბაზისბანკის მომხმარებლები მომსახურებას მიიღებენ ბაზისბანკში, ხოლო ლიბერთი ბანკის მომხმარებლები - ლიბერთი ბანკში.
მომხმარებლებისთვის ყველა სერვისი, პროდუქტი და არხი მუშაობს შეუფერხებლად და მომსახურება გრძელდება ჩვეულ რეჟიმში", - ნათქვამია ბანკის გავრცელებულ ინფორმაციაში
"ამ გარიგებით, ვაძლიერებთ კონკურენციას ბაზარზე" - ასე აფასებს "ბაზისბანკის" გენდირექტორი დავით ცაავა, მათ მიერ "ლიბერთი ბანკის" შეძენას.
“აღნიშნული ტრანზაქცია უმნიშვნელოვანესი ეტაპია ორი წარმატებული ბანკის ისტორიაში. ბაზისბანკის მიერ ლიბერთი ბანკის შეძენა არის უნიკალური შესაძლებლობა ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსების სინერგიით შევქმნათ მძლავრი უნივერსალური ფინანსური პლატფორმა, რომელიც თანაბრად ძლიერია, როგორც ბიზნესის მხარდაჭერით, ისე საცალო მიმართულებით.
ამ გარიგებით, ვაძლიერებთ კონკურენციას ბაზარზე, რაც პოზიტიურად აისახება მომხმარებელთა ინტერესებზე. დამატებითი რესურსები კი, მეტი ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობაა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.
ბანკში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს საქართველოს საბანკო სექტორის განვითარებაში და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ბაზარზე. ორი წარმატებული ფინანსური ინსტიტუტის ერთობა, რომელთაც აქვთ ერთმანეთის შემავსებელი ძლიერი მხარეები, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კონკურენციის გაძლიერებას და მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას.
ცნობისთვის, პროფესიით ფინანსისტ დავით ცაავას კარიერა ბაზისბანკში 2004 წელს საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე დაიწყო, 2008 წელს გენერალური დირექტორის მოადგილე კორპორაციული მიმართულებით, ხოლო 2010 წელს კი - ბანკის გენერალური დირექტორის პოსტზე დაწინაურდა.
დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობასთან ერთად, დავით ცაავა 2015-2018 წლებში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო. ამჟამად ის არის ორივე შვილობილი კომპანიის - ბბ ლიზინგის და ბბ დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ "ბაზისბანკი" "ლიბერთი ბანკის" შესყიდვას აღარ განიხილავდა და ბანკებს შორის გარიგება შესაძლო გაერთიანების ფორმატს ითვალისწინებდა.
"ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ 2025 წლის სექტემბერში BMG-ის განუცხადა, რომ მხარეთა შორის ბანკის გასხვისებაზე მოლაპარაკებების დაწყების შემდგომ თავად "ლიბერთი ბანკის" ფინანსური მაჩვენებლები და პარამეტრები საგრძნობლად გაუმჯობესდა, შესაბამისად ის თანხა, რაზეც თავდაპირველად იყო მსჯელობა უნდა გადახედილიყო.
ბაზისბანკის შესახებ
ბაზისბანკი ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც კორპორაციულ, მცირე და საშუალო ბიზნესის და საცალო მომხმარებლებისთვის საბანკო, სალიზინგო და სადაზღვევო მომსახურების შეთავაზებით ქმნის ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებლის წარმატებასა და გრძელვადიან ნდობაზეა ფოკუსირებული.
2025 წლის ფინანსური შედეგებით, ბანკის მთლიანი აქტივები 4.9 მლრდ ლარს შეადგენს. მთლიანი საკრედიტო პორტფელი 3.3 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 3.5 მლრდ ლარი. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 122.4 მილიონი ლარია.
ლიბერთი ბანკის შესახებ
ლიბერთი ბანკი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.
ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600-ს აღემატება. ბანკის აქტივები 5.8 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.2 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4.17 მლრდ ლარი. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონი ლარია.




























