მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაზრის მოკვლევის ელექტრონული სისტემით მთავრობა გამარტივებული შესყიდვების გამჭვირვალობის ზრდას გეგმავს

ფული

საქართველოს მთავრობა სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს, რითაც გამარტივებული შესყიდვების გამჭვირვალობის გაზრდის მოლოდინი აქვთ. საქმე ბაზრის მოკვლების პროცედურას შეეხება, რომელიც როგორც უტენდერო შესყიდვებს, ასევე ჩვეულებრივ ტენდერებს უსწრებს და მის მიზანს შესასყიდი მომსახურების თუ პროდუქციის სავარაუდო ფასის დადგენა წარმოადგენს.

არსებული პრაქტიკით, ბაზრის მოკვლევა არის დახურული პროცედურა, რომელშიც შემსყიდველი ორგანიზაცია საკუთარი გადაწყვეტილებით უგზავნის შესასყიდი მომსახურების თუ პროდუქციის აღწერას და მათგან ფასების შეთავაზებებს იღებს. ამ პროცესის გამჭვირვალობის ზრდისთვის სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში იგეგმება ბაზრის კვლევის ახალი ელექტრონული მოდულის დანერგვა. ამ მოდულზე კომპანიები ნახავენ სხვადასხვა საჯარო უწყებების მიერ გამოცხადებულ ფასთა მოკვლევას და საკუთარ წინადადებებს ელექტრონული ფორმით დააფიქსირებენ.

ახალი სისტემა იმუშავებს როგორც ღია და ინკლუზიური ონლაინ პლატფორმა, სადაც სახელმწიფო უწყებები გამარტივებული შესყიდვის დაგეგმვისას საჯაროდ განათავსებენ ინფორმაციას საჭირო საქონელსა თუ მომსახურებაზე, ხოლო ყველა რეგისტრირებულ მიმწოდებელს შეეძლება საკუთარი ფასის შეთავაზება.

მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის, განცხადებით, ეს ცვლილება გამარტივებულ შესყიდვებს მთლიანად ახალ სტანდარტზე გადაიყვანს.

"ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული უზრუნველყოფს პროცესის სრულ გამჭვირვალობას. თუ ადრე შემსყიდველი ორგანიზაცია თავად ირჩევდა რამდენიმე კომპანიას და მხოლოდ მათ უგზავნიდა შეთავაზების მოთხოვნას, ახალი სისტემით შეტყობინება გაეგზავნება ყველა რეგისტრირებულ მიმწოდებელს. შედეგად, გამარტივებული შესყიდვები აღარ იქნება მხოლოდ ორგანიზაციის დისკრეციაზე დამოკიდებული და გამორიცხავს შესაძლო არარეგულარულ პრაქტიკებს,“ – აღნიშნა ბაჩიაშვილმა.

სისტემაში შემსყიდველი ვერ იხილავს მიმწოდებელთა შეთავაზებებს ბაზრის კვლევის დასრულებამდე, რაც უზრუნველყოფს სამართლიან ფასწარმოქმნასა და ობიექტურ კონკურენციას.

მთავრობის მიერ მომზადებული განმარტებით ბარათის მიხედვით, ცვლილება საშუალებას მისცემს სახელმწიფო სტრუქტურებს უკეთ გააკონტროლონ გამარტივებული შესყიდვების პროცესი, შეამცირონ სუბიექტურობის და დარღვევების რისკი და უზრუნველყონ ბაზრის რეალურ ფასებზე დაფუძნებული შესყიდვები.

ახალი მოდულის სავალდებულო გამოყენება 2026 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.

2024 წლის განმავლობაში 3,325 გამარტივებული შესყიდვით საქართველოს მთავრობამ და მუნიციპალიტეტებმა სულ 1.18 მილიარდი ლარი დახარჯეს. ეს ამავე წელს სახელმწიფო შესყიდვებზე გაწეული ხარჯების 14.5% იყო.

მხარჯავი უწყებების უდიდესი ნაწილის განმარტებითი ბარათის თანახმად, გამარტივებული შესყიდვა აუცილებელი იყო გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები