ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციამ (BBC) აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს ფორმალურად ბოდიში მოუხადა. ცნობისათვის, საქმე ეხება მაუწყებლის მიერ ტრამპის 2021 წლის 6 იანვრის სიტყვით გამოსვლის აუდიო მონტაჟს. კონკრეტულად, ტელეარხმა პრეზიდენტის მიერ დროის ორ სხვადასხვა მონაკვეთში წარმოთქმული ფრაზები ისე შეაერთა, რომ სხვა შინაარსის წინადადება გაჟღერებულიყო.
აღნიშნული შემთხვევის შემდგომ, აშშ-ის პრეზიდენტი ტელეკომპანიას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში ჩივილით დაემუქრა. სკანდალის ფონზე თანამდებობა დატოვეს მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა და ახალი ამბების დეპარტამენტის უფროსმა.
დამონტაჟებული კადრები BBC One-ის ეთერში, გადაცემა Panorama-ში გავიდა, დოკუმენტური ფილმის სათაური კი “Trump: A Second Chance?” იყო. აღნიშნულ ვიდეოში ტელემაუწყებელმა ტრამპის მიერ წარმოთქმული სამი ციტატა ამოიღო და ერთ წინადადებად გააერთიანა. ციტატების ამგვარი გადაადგილებით ისე გამოვიდა, თითქოს ტრამპმა თავის ამომრჩეველს პირდაპირი ძალადობისაკენ მოუწოდა, ხოლო ის ნაწილი, სადაც პრეზიდენტი მშვიდობიანი დემონსტრაციის აუცილებლობაზე საუბრობს, დოკუმენტურ ფილმში არ მოხვდა.
მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებელმა ბოდიში მოიხადა და სინანული გამოხატა, BBC-ში მიიჩნევენ, რომ ტრამპის მუქარა $1 მილიარდიან სასამართლო დავასთან დაკავშირებით სრულიად უსაფუძვლოა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ მოცემულობით ტრამპის ადმინისტრაციას დავის მოგება როგორც ამერიკულ, ისე ბრიტანულ სასამართლოებში ძალიან გაუჭირდება.




























