BBC-ის მომავალ გენერალურ დირექტორად Google-ის ევროპის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი, მეტ ბრიტინი დაასახელეს.
ბრიტინი, რომელმაც გასულ წელს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში Google-ის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, ტიმ დეივს კორპორაციისთვის კრიტიკულ პერიოდში შეცვლის - ამჟამად BBC მთავრობასთან მომავალი დაფინანსების მოდელზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.
57 წლის ბრიტინის დანიშვნა 25 მარტს, BBC-ის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა. იგი აღიქმება სოლიდურ ფიგურად, რომელსაც BBC-ის სამეფო ქარტიის განახლებასთან დაკავშირებით, მთავრობასთან რთულ მოლაპარაკებებში უშუალოდ ჩართვა შეუძლია.
ამავე დროს შიდა წრეებში მის სარედაქციო გამოცდილების ნაკლებობაზე მიუთითებენ და შიშობენ, რამდენად შეძლებს ის კორპორაციაში პერიოდულად წარმოქმნილ კრიზისებთან გამკლავებას.
მოსალოდნელია, რომ BBC ბრიტინის მხარდასაჭერად გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს შექმნის, რომელსაც, სავარაუდოდ, სერიოზული სარედაქციო გამოცდილების მქონე პირი დაიკავებს. ასევე დაინიშნება BBC News-ის ახალი ხელმძღვანელიც.
გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ცნობილი გახდა, რომ პოსტზე განიხილულმა რამდენიმე ფავორიტმა კანდიდატურა მოხსნა ან კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის მიზეზი ის წნეხი და პოლიტიკური თავდასხმებია, რამაც BBC-ის ხელმძღვანელობა საჯარო სფეროში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სამუშაოდ აქცია.
ამჟამინდელი გენერალური დირექტორი ტიმ დეივი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც BBC-ის ყოფილმა გარე მრჩეველმა მიკერძოებულობის შესახებ მწვავე ბრალდებები წამოაყენა. ამას დაემატა BBC-ის ბოდიში დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის რედაქტირების გამო, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტმა კორპორაციას უჩივლა.
ბრიტინი, რომელიც ასევე იყო Guardian Media Group-ის დირექტორთა საბჭოს არააღმასრულებელი დირექტორი, BBC-ში იმ დროს მიდის, როცა კორპორაცია მთავრობასთან დაფინანსებაზე მოლაპარაკებების პარალელურად, ხარჯების სერიოზულ შემცირებას გეგმავს. მოსალოდნელია, რომ მას რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს პერსონალის რაოდენობასა და პროგრამირებასთან დაკავშირებით.
ბრიტინი ახალ როლს, სავარაუდოდ, მალევე შეუდგება. მან Google გასულ წელს დატოვა და მიზანმიმართულად აიღო შესვენება. მან კარიერა ბიზნეს-სტრატეგიის კონსულტანტად დაიწყო. 2007 წელს, გამომცემლობა Trinity Mirror-ში (ამჟამად Reach) ხანმოკლე მუშაობის შემდეგ, ის Google-ში გადავიდა. დეივის მსგავსად, ისიც ხელოვნური ინტელექტის (AI) აქტიური მხარდამჭერია და სატელევიზიო ინდუსტრიას ამ ტექნოლოგიიდან "სწავლისა და ნახტომისკენ" მოუწოდებდა.



























