დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილ ელჩს, დიპლომატ გიორგი ბადრიძეს BBC-ის გამოძიებაზე „ოცნების“ რეაქცია მათ პირველ მორალურ სკანდალს ახსენებს.
[BBC-ის გამოძიებაზე „ქართული ოცნების“ განცხადებები] მახსენებს პირველ დიდ, მორალურ სკანდალს [ოცნების] ხელისუფლების პირობებში, როდესაც ჟურნალისტების, საკუთარი და ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ, პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერების გამოყენება დაიწყეს... კარგად მახსოვს, მაშინაც პირველი რეაქცია იყო, ეს ნაცების დროს გაკეთდაო. ამ დროს, სრულიად აშკარა იყო, რომ მათი ნახელავი იყო“, - თქვა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში დიპლომატმა BBC-ის დოკუმენტურ ფილმზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რეაქციის შეფასებისას.
გიორგი ბადრიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მყისიერი რეაქცია, რომ გამოძიება ტყუილია და BBC „ფეიკ“ ორგანიზაციაა, პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა.
„[ქართული ოცნების] მხრიდან, უპასუხისმგებლო პოლიტიკური დამოკიდებულება გრძელდება, რადგან ყოველდღე ახალ ვერსიას ვისმენთ... ჯერ თქვეს, რომ საერთოდ არაფერი ამგვარი რამე არ ყოფილა და მერე აღმოჩნდა, რომ ეს თუ იყო, ნაცების ბრალი იქნებოდა“, - ამბობს დიპლომატი.
რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორების რეაგირებას BBC-ის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე, რომლის თანახმად, გასულ წელს ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი გამოიყენა, გიორგი ბადრიძე მიზეზად, თუ რატომ არ არის ჯერჯერობით საერთაშორისო პარტნიორების აქტიური გამოხმაურება, გადამოწმების პროცესს ასახელებს.
„პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები მყისიერად, გადამოწმების გარეშე არ აკეთებენ განცხადებებს“, - აღნიშნა მან.
გიორგი ბადრიძე ასევე მიიჩნევს, რომ BBC-ის გამოძიება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის საკმარისი კონკრეტული სამართლებრივი ან პოლიტიკური ნაბიჯების გადასადგმელად დასავლური ქვეყნების მხრიდან, თუმცა მისი ვარაუდით, რეაქცია „ძალიან კეთილი არ უნდა იყოს იმის მიუხედავად, თუ რას დაადგენს გამოძიება.“
დიპლომატი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან თავს ვერ დაიხსნის.
„რომც აღმოჩნდეს, რომ [წყლის ჭავლით დემონსტრანტების დაშლისას] არანაირი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული, იქ ვიყავი და ვიცი, რომ ჩვენ, ქართველ ხალხს, რომლებიც მოვითხოვდით მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციის შესრულებას და მრავალი თაობის ქართველების ეროვნული ამოცანის არგადახაზვას, გვეპყრობოდნენ როგორც მტრებს... საშუალებები, რომელსაც იყენებდნენ, იყო არა კონკრეტული შენობების დასაცავად ჩვენგან, არამედ ჩვენს დასასჯელად. ის სისასტიკე, რომელიც ვნახეთ, ვერავის ვერ გადაბრალდება... ის, რაც გაუკეთეს მშვიდობიან დემონსტრანტებს - ამას დამპყრობელი უკეთებს დაპყრობილ ხალხს, რომელიც მას წინააღმდეგობას უწევს. ასე რომ, პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან ისინი თავს ვერ დაიხსნიან“, - განაცხადა გიორგი ბადრიძემ.




























