„ოცნების“ მთავრობის პრემიერი, შს მინისტრის შემდეგ აცხადებს, რომ შსს-ს აკრძალული ქიმიური ნივთიერება „კამიტი“ "ნაციონალური მოძრაობის" დროსაც არ შეუძენია, თუმცა იმასაც ამბობს, რომ BBC-ს საგამოძიებო ფილმში წარმოდგენილი გდდ-ს ინვენტარის სია ავთენტიკურია და UN3439 კოდის ქვეშ ნივთიერებები შსს-ს 2009 წელს ვანო მერაბიშვილის დროს ჰქონდა შეძენილი. პრემიერი ამბობს, რომ 2024 წლის საპროტესტო აქციების დაშლისთვის გამოიყენებოდა გარკვეული ნივთიერებები, თუმცა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ეს ნივთიერებები აკრძალულია თუ არააკრძალული და სრული ინფორმაცია, რას მოიცავდა ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს შეძენილი UN3439 კოდის ქვეშ ფხვნილი გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი.
დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ BBC-იმ "გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე" პასუხი რომ აგოს, რისთვისაც „ოცნების“ მთავრობა სუს-ის გამოძიებასთან ერთად ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და საერთაშორისო სამართალს მიმართავს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ტვ პირველის“ და ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებმა „ოცნების“ პრემიერს დეტალური კითხვები დაუსვეს, მათ შორის პრემიერის და ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობის შესახებ, თუმცა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება და თუ ვინმეს პასუხისმგებლობა შეიძლება განიხილებოდეს, ეს ვანო მერაბიშვილია და არა ვახტანგ გომელაური, რომლის დროსაც მოხდა 2024 წლის საპროტესტო აქციების დაშლა.
BMG ჟურნალისტებისა და ირაკლი კობახიძის პასუხს სრულად გთავაზობთ:
- ვარაუდი, რომელიც BBC-მ გამოთქვა, რამდენიმე ინფორმაციას ეყრდნობა, მათ შორის ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. ერთ-ერთი კოდი UN3439 საეჭვოა... აპირებს თუ არა შსს გამოაქვეყნოს ინფორმაცია, რა ნივთიერება იყო გარეული დაშლის დროს?
- რაც შეეხება ნივთიერების გარევას, ნივთიერება გარეული იყო, მაგრამ მთავარია იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული. „კამიტის“ გამოყენებაზე პრაქტიკულად მტკიცებითი ფორმით საუბრობდა BBC, თუმცა შსს-მ დაადასტურა, რომ ფაქტობრივად კი არ გამოყენებულა ეს ნივთიერება, არამედ არც არასდროს შეუძენია შსს-ს, მათ შორის ნაცმოძრაობის რეჟიმის პირობებში. დანარჩენი მიმდინარეობს გამოძიება და შედეგები გასაჯაროვდება.
- შსს არ გვეტყვის რა გამოიყენეს - კანონიერი იყო თუ არა?
- პირველი ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა და BBC შსს-მ სიცრუეში უკვე ამხილა. დეტალური ინფორმაციას გამოძიების გამოქვეყნებისთანავე გავრცელდება. ნივთიერება „კამიტის“ გამოყენება შსს-მ უკვე უარყო დოკუმენტაციასა და ანალიზებზე დაყრდნობით, რომელიც მის ხელთაა.
- ეს ქიმიური კოდი ბევრ ნივთიერებას მოიცავს და არამხოლოდ "კამიტს". ამაზე ვახტანგ გომელაური სხვა რამეს ამბობდა და გელა გელაძე სხვა რამეს ამბობდა. რატომ ელოდებით გამოძიების დასრულებას - გვითხარით და გაფანტეთ ის სპეკულაციები თუ თვლით, რომ ეს სპეკულაციაა?
- ვახტანგ გომელაურმა თქვა ასეთი რამ, რომ ის ნივთიერება, რაზეც კონკრეტული ადამიანები საუბრობდნენ 2009 წელს იყო შეძენილი. არავითარ შემთხვევაში ვახტანგ გომელაურს არ დაუდასტურებია, რომ ნივთიერება "კამიტი" იყო გამოყენებული. მოგვიანებით შს მინისტრმა საზოგადოების წინაშე განაცხადა, რომ ნივთიერება "კამიტი" არ არის გამოყენებული. ამიტომ ამ ორ განცხადებას შორის უთანხმოება არ არის - ზოგადად ვახტანგ გომელაური საუბრობდა, რომ ეს ფხვნილი შეძენილი იყო 2009 წელს, რაც შეეხება გელა გელაძეს, მან განაცხადა, რომ ნივთიერება "კამიტს" ეს ფხვნილი არ შეიცავდა.
- ჩვენ არ ვიცით, რომელია მართალი ამიტომ არის საჭირო გამოქვეყნება - რა ნივთიერება იყო გარეული? რატომ არ გაასაჯაროვეთ - აქციების შემდეგ მთელი ერთი წელია გასული?
- ამისთვის სამ რამეს გამოვიყენებთ, პირველ რიგში ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებაა, მეორე ეს არის მივმართავთ ბრიტანულ მარეგულირებელს და მესამე ეს არის საერთაშორისო მართლმსაჯულება, რა თქმა უნდა, სამივე ინსტანცია იმუშავებს.
- BBC-ის სპეციალისტები ეუბნებიან, რომ ყველა ნივთიერება, რომელიც ამ კოდის ქვეშ არის აკრძალულია...
- არა, ტყუილია. ამ კოდის ქვეშ ერთ-ერთი ნივთიერება არის "კამიტი", რომელიც აკრძალულია და იქ არის ათეულობით ნივთიერება, რომელთაგან ძალიან დიდი ნაწილი არ არის აკრძალული...
- ანუ სხვა ნივთიერებები შეიძლება გამოყენებული იყოს?
- რა თქმა უნდა, არააკრძალული ნივთიერებები...
- ადასტურებთ თუ არა BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ ინვენტარიზაციის სიას...
კი, კოდის ქვეშ არის როგორც აკრძალული, ასევე არააკრძალული ნივთიერებები...
- ამ კოდის ქვეშ ნივთიერებები იყო შესყიდული სახელმწიფოს მიერ ?
- რა თქმა უნდა, იქ არის როგორ აკრძალული, ასევე არააკრძალული და შესყიდვას არააკრძალული ნივთიერებები ექვემდებარებოდა.
- შეგიძლიათ გვითხრათ როდის გამოიყენეთ - ამ კოდის ქვეშ ნივთიერებები 2024 წლის აქციების დროს იყო გამოყენებული?
- იქნებოდა, სავარაუდოდ, კოდი არაფერს იძლევა, რადგან იქ ათეულობით ნივთიერებაა, რომელთაგან უდიდესი ნაწილი აკრძალული არ იყო.
- UN3439 კოდის ქვეშ არსებული ნივთიერებები სახელმწიფოს არასდროს შეუძენია?
- "კამიტიც" არის ამ კოდის ქვეშ, თუმცა უკვე რაც შეიძლება ითქვას, "კამიტს" არ შეიცავდა ეს ფხვნილი
- სხვა აკრძალულ ნივთიერებებს შეიცავდა ეს ფხვნილი ?
- მაგას ადგენს გამოძიება და შემდეგ წარედგინება საზოგადოებას ინფორმაცია, ვანო მერაბიშვილმა შეიძინა თუ არა რამე აკრძალული ამას გამოძიება დაადგენს...
- თქვენ რამდენჯერმე თქვით, რომ "კამიტის" გამოყენება და ფლობაც კი გამორიცხა გელა გელაძემ და ამით თითქოს ტყუილში ამხილა ტელეკომპანია BBC. მან ეს სიტყვებით გააკეთა და დასტურად არაფერი წარმოუდგენია. სიტყვებზე ვენდოთ გელა გელაძეს?
- გამოძიების დასრულების შემდეგ საზოგადოებას და მათ შორის მედიას დეტალური ინფორმაციას წარედგინება. გელა გელაძის გავრცელებული ინფორმაცია კონკრეტულ მასალას ეფუძნება. ადვილია უფრო მეტად ერთი ნივთიერების არსებობა-არარსებობა გამორიცხო ფხვნილში, ვიდრე შეისწავლო ნივთიერების სრული სპექტრი. შესაბამისი პროცედურებით უკვე დადგენილია, რომ ეს ფხვნილი ნივთიერება კამიტს არ შეიცავდა. დანარჩენ სრულ სპექტრთან დაკავშირებით გამოძიება გაუზიარებს მთელ საზოგადოებას. კამიტი უკვე გამოირიცხა, გამოძიება გაგრძელდება და დადგინდება თითოეული ნივთიერება, რომელსაც შეიცავდა ეს ფხვნილი.
- იმავე პროცედურით, რომლითაც დაადგინეთ, რომ "კამიტს" შეიცავდა ეს ფხვნილი, სხვა ნივთიერებების დადგენა არ შეიძლება?
- არა, ამას დამატებითი ანალიზი სჭირდება, უფრო ადვილია ერთი ნივთიერების გამორიცხვა, ვიდრე სრული სპექტრის დადგენა. კამიტი გამოირიცხა, გამოძიება გაგრძელდება და თითოეული ნივთიერება დადგინდება, რომელსაც შეიცავდა ეს ფხვნილი.
- სად ჩატარდა ეს პროცედურა რომლითაც გამოირიცხა კამიტის ამ ფხვნილში არსებობა?
- ამ თემაზე მუშაობენ სუს-ი და შსს, რომელმა დაადგინა ამ უწყებებს გკითხეთ. როდესაც შს მინისტრმა ეს ინფორმაცია გაავრცელა, მას უტყუარი ინფორმაცია ჰქონდა, რომ ეს ნივთიერება არ გამოყენებულა. შს მინისტრი იღებს პასუხისმგებლობას უტყუარ ინფორმაციაზე, რომ "კამიტი" არ გამოყენებულა და მეც შემიძლია დაგიდასტუროთ ეს უტყუარი ინფორმაცია.
- შსს პირდაპირ ვერ გვეუბნება რომელი ნივთიერება გამოიყენეს 2024 წლის აქციების დროს. შეგიძლიათ იმის გამორიცხვა, რომ ასევე არ გამოგიყენებიათ სხვა აკრძალული ნივთიერებები?
- მე ასე მგონია, იმიტომ რომ სავარაუდოდ შსს გადაამოწმებდა იმას, თუ რა ტიპის ფხვნილი შეიძინა ვანო მერაბიშვილმა თავის დროზე, თუმცა ეს ჩემი ვარაუდია. ჯობია დაველოდოთ ოფიციალურ გამოძიებას და მის შედეგებს. სერიოზული არ იქნება გამოძიების შედეგებს გავუსწროთ.
- თქვენი ეს პასუხი შეიცავს დაშვებას, რომ სხვა აკრძალული ნივთიერება იყო გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ?
- ჩემი პასუხი შეიცავს ერთადერთ რამეს, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება გრძელდება და უნდა დაადგინოს რა ნივთიერებებს შეიცავდა ფხვნილი. როგორ შეიძლება ასეთი არასერიოზული განცხადება გავაკეთო და ვთქვა, რომ რაღაც ნივთიერებას შეიცავდა და რაღაცას არა.
- მაშინ რა საფუძვლით ესხმით თავს BBC-ის? BBC-მ ალბათობის მაღალი ხარისხით ივარაუდა, რომ საქმე გვაქვს "კამიტის" გამოყენებასთან, თუმცა იქვე მიუთითა, რომ აქ შესაძლოა, რომელიმე სხვა აკრძალული ნივთიერება იყოს გამოყენებული. რას ერჩით BBC-ის თუ გვეუბნებით, რომ თქვენვე უნდა გაარკვიოთ სინამდვილეში გამოიყენეთ თუ არა აკრძალული ნივთიერება?
- შეგნებულად მოხდა საკითხის დრამატიზება - როდესაც BBC ამბობს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული და მას შემდეგ აკრძალული ნივთიერება - "კამიტი" იყო გამოყენებული მიტინგის დაშლისას, ეს შეგნებული დრამატიზების მცდელობაა. ეს სიცრუე მარტივად ამხილა შსს-მ. დანარჩენს დაადგენს გამოძიება... ერთადერთი რატომაც არ გცემთ ამ კითხვაზე პასუხს, სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ გამოძიებას.
მე შემიძლია ვიცოდე, რომ ვიღაცამ კაცი არ მოკლა, მაგრამ გამოძიება თუ გრძელდება, მე ამის თქმის უფლება არ მაქვს.
- დარწმუნებული ხართ რომ არ გამოუყენებიათ ეს ნივთიერება?
- მე ვარაუდით შემიძლია ვისაუბრო - წესით, შსს-ს უნდა გადაემოწმებინა რა ნივთიერება შეიძინა ვანო მერაბიშვილმა 2008 წელს...
- თუ არ გადაამოწმა და საქმე იქამდე თუ მივიდა, რომ უწყება აკრძალულ ნივთიერებას ფლობდა?
ამაზე გამოძიება გაგცემთ პასუხს, იმის მიხედვით თუ რა არის სინამდვილე.
- თქვენს მინიმუმ პოლიტიკურ პასუხისმგელობაზე თუ უნდა ვისაუბროთ თუ თქვენი მმართველობის პირობებში აღმოჩნდა, რომ თურმე გამოიყენეს ქიმიური იარაღი მოქალაქეების წინააღმდეგ?
- არა, როგორ გეკადრებათ. თეორიულადაც რომ დავუშვათ აქ არაფერ შუაში არ არის... 2009 წელს გარკვეული გამხსნელი ფხვნილი შეიძინა ვანო მერაბიშვილმა, რა თქმა უნდა, შეიძლება ვისაუბროთ გადამოწმების ვალდებულებაზე, არ ვიცი, მაგრამ თუ ვინმეს პასუხისმგებლობა თეორიულად შეიძლება დადგეს ეს ვანო მერაბიშვილია, რადგან მას შეგნებულად კონკრეტული ფხვნილი შეუძენია, თუ ასეთი რამ დადგინდება...
- და ვახტანგ გომელაური რატომ ინახავდა?
არ გისურვებთ, რომ თქვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გამოვლინდეს როგორც დამნაშავე...
- და არა ვახტანგ გომელაური?
- ჯერ ერთი თეორიაზე ვსაუბრობთ. თეორიაზე ნუ გავაგრძელებთ საუბარს, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.




























