შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" საჩივარი, რომლითაც პარტიამ BBC-ს მიმდინარე წლის იანვარში მიმართა, ორ ინსტანციაში არ დაკმაყოფილდა - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია "ფორმულას" კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
საქმე BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალას ეხება, რომელშიც გამოცემა აღნიშნავდა, რომ 2024 წელს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპული პროტესტის ჩასახშობად, "ქართულმა ოცნებამ", შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. BBC-ის მტკიცებით, ექსპერტებთან, ექიმებთან და სპეცრაზმის ინსაიდერებთან ინტერვიუების საფუძველზე გამოიკვეთა ნივთიერება "კამიტის" გამოყენების კვალი.
ბრალდებებს "ქართულმა ოცნებამ" დეზინფორმაცია უწოდა და სამართლებრივი დავა დაიწყო. ოფიციალური საჩივრით მათ BBC-ს 14 იანვარს მიმართეს.
"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა არის კოშმარი. განიხილეს ჩვენი საჩივარი და თქვეს რომ არა, ჩვენ ვართ მართლებიო. საერთოდ აბსურდია, ანუ ვინც ტყუილი გამოიგონა, იმ ჟურნალისტებმა განიხილეს ჩვენი საკითხი. ამის შემდეგ გვითხრეს უარი.
შევიტანეთ ხელახალი საჩივარი. ამის შემდეგ აღმოჩნდა რომ შემდეგი ინსტანცია გახლავთ იმ ხალხის რედაქცია, უფრო სწორად ასე ვთქვათ, სარედაქციო ჯგუფი, რომელმაც დაავალა ეს სიუჟეტი, ჩაიბარა ეს სიუჟეტი და გაუშვა ეს სიუჟეტი. ამ რედაქციამ განიხილა და მათაც, ჩვენდა გასაკვირად, თქვეს, რომ არა ჩვენ ვიყავით მართლებიო და უარი შემოგვითვალეს.
ახლა ვართ მესამე ეტაპზე, რომ შევიტანოთ კიდევ ერთი საჩივარი. კიდევ ისევ ბიბისის უნდა მივმართოთ, რომელიც ახლა ცოტა კიდევ ერთი დონით მაღლა ხდება განხილვა, მაგრამ ასევე ბიბისიში, რომელმაც ეს სიუჟეტი დაუკვეთა, ეს სიუჟეტი ჩაიბარა და ეს სიუჟეტი გაუშვა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, "ქართული ოცნება" თავისი საჩივრით BBC-სგან პლატფორმიდან ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების აღებას და BBC-ის მხრიდან "საჯარო და მკაფიო ბოდიშს" ითხოვს. სარჩელის შეტანის შემდეგ პაპუაშვილი განმარტავდა, რომ დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის შესაბამისად, დაწესებულია გასაჩივრების თანმიმდევრობა, რომლის მიხედვითაც მომჩივანმა ჯერ მედიას უნდა მიმართოს. თუ BBC "ოცნების" სარჩელს არ დააკმაყოფილებს, შემდეგი ეტაპი ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროში (ოფკომს) მიმართვაა.




























