მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BBC-მ საქართველო იმ ოთხ მიმართულებას შორის დაასახელა, რომლებსაც ტურიზმის ზრდა სჭირდებათ

მესტია

ჭარბი ტურიზმის წინააღმდეგ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გამართული საპროტესტო აქციების ფონზე, BBC იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებსაც ტურიზმის მაჩვენებლების ზრდა სჭირდებათ და მოგზაურებს გაშლილი ხელებით ხვდებიან. ჩამონათვალში საქართველოც მოხდა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროპაში გადატვირთული ქალაქების მიღმა, არსებობს სანახაობები, რომლებიც მდიდარი კულტურით გამოირჩევიან, თუმცა დამსვენებლების სიჭარბეს ვერ შეხვდებით.

BBC ასევე წერს, რომ მიუხედავად დესტრუქციული თვისებებისა, ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ტურიზმი შემოსავლის მთავარი წყაროა, რაც შემდეგ ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სოციალური სივრცეების მშენებლობას უწყობს ხელს.

"საქართველოს, რომელიც თურქეთს, რუსეთს, აზერბაიჯანსა და შავ ზღვას ესაზღვრება, დიდი გეგმები აქვს, რათა ყველა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვიზიტორები იქნებიან თუ დამოუკიდებელი მოგზაურები, ქვეყანაში ბათუმის პორტის დახმარებით მოიწვიონ. განვითარების ახალ, 10-წლიან გეგმაში საუბარია ყველაფერზე, მათ შორის საერთაშორისო (ენაზე) ნიშნულების მოწყობაზე, რათა ტურისტებმა ქვეყანაში დამოუკიდებელი მოგზაურობა შეძლონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ საკრუიზო ხომალდები უფრო ხელმისაწვდომი გახადონ", - წერს BBC.

სტატიაში ტურისტული კომპანია Wild Frontiers-ის საქართველოს საკითხების ექსპერტი, ნატალი ფორდემის ინტერვიუცაა მოცემული, სადაც ტუროპერატორი აღნიშნავს, რომ ტურიზმის ინდუსტრია ქვეყნისთვის ახალია, სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით კი უცხოელებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს, რის შედეგადაც ქვეყანაში "ფანტასტიკური ტურებია" ხელმისაწვდომი.

"[ქართველებს] ძალიან უხარიათ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი არიან. ინგლისურად შესანიშნავად საუბრობენ და იციან, როგორ მოერგონ სხვადასხვა ადამიანებს. ჩვენი მოგზაურები ხშირად უმეგობრდებიან ადგილობრივებს და უკან დაბრუნება უნდებათ ხოლმე", - ამბობს ნატალი ფორდემი.

BBC-ის სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში საავტომობილო გზა განვითარებული არ არის და, შესაძლოა, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა სწორედ ეს ინფრასტრუქტურული პრობლემა აღმოფხვრას.

"თბილისი ჩემი საყვარელი დედაქალაქია. მომნუსხველი ქვაფენილებით, ნამდვილი ესთეტიკით, ძველი ციხესიმაგრეებით თუ მუზეუმებით. აქვე ვხვდებით მღვიმე-ქალაქებს, საბჭოთა არქიტექტურასა და ისტორიას - სწორედ აქ დაიბადა სტალინი - და ჩრდილოეთით თუ სამხრეთით მთებს, UNESCO-ს ტაძრებსა და მონასტრებს, ღვინისა და საკვების აყვავებულ ინდუსტრიას. იმდენი რამ არის სანახავი, ერთკვირიანი მოგზაურობის დაგეგმვა მაინც დაგჭირდებათ", - ამბობს ტუროპერატორი.

საქართველოსთან ერთად, იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც ტურისტული მაჩვენებლების ზრდა სჭირდებათ, გრენლანდია, მაროკო და სერბეთი ხვდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები