მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BBC საქართველოსთვის - ირაკლი ლაითაძის ბლოგი

bbc
23.03.24 14:24
216

"თანმიმდევრულობა დანაპირების შესრულებაა,
მაშინაც კი, როდესაც გარემოებები იცვლება"
დეივიდ ჯერემია

„ამ გახლეჩილ ქვეყანას ყოველთვის ჰყავს BBC“ - უთხრა ბრიტანელ პარლამენტარებს British Broadcasting Corporations-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მაიკლ სვონმა. პატარა საკითხი არ იყო, The Troubles დრო იდგა. ანუ რა თქვა სვონმა? რომ დიდ ბრიტანეთში არსებობს ინსტიტუტები, რომლებიც საერთო ეროვნული კრიზისის დროსაც კი, ინახავს სიმართლეს და თანმიმდევრულობას და არ არის მიდრეკილი კონიუნქტურის მიხედვით ქამელეონივით ფერის ცვლაზე. ბრიტანეთში ეს BBC-ია, კემბრიჯის და ოქსფორდის უნივერსიტეტებია, Bank of England და სკოტლანდ იარდია, სერტიფიცირებულ არქიტექტორთა თუ ინჟინერთა ინსტიტუტები და ხელოვნების საბჭოა. კიდევ ბევრია. ჩვენთან? ვერ ვიხსენებ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, არა და 33 წელი ცოტა აღარაა, ხანგრძლივი და მასიური რაციონალური ნდობის ღირსი რამე სეკულარული ინსტიტუტი შეგვექმნა - საჯარო იქნებოდა იგი, კერძო თუ არასამთავრობო.

დავუბრუნდეთ BBC-ის. ბრიტანეთის მოსახლეობის არანაკლებ 75% უსმენს, უყურებს ან კითხულობს BBC და ის რჩება ახალი ამბების ყველაზე სანდო წყაროდ - და ეს ხდება იმ ქვეყანაში, სადაც ძალიან ნაკლებადაა ბრმა ნდობა, ხოლო რაციონალური სკეპსისი ნაციონალური სპორტია.

„ამ გახლეჩილ ქვეყანას ყოველთვის ჰყავს BBC“ – ეს ფრაზა გამოხატავს BBC-ის დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ - იყოს სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების ცენტრში; მიიღოს კრიტიკა ყოველი მხრიდან და აღიქვას კრიტიკა, როგორც ეროვნული ფსიქოდრამის გარდაუვალი ელემენტი; და დარჩეს ნეიტრალური, თანმიმდევრული და სანდო. ეს მიდგომა უკვე ერთ საუკუნეს ითვლის (BBC დაფუძნდა 1920 წელს) და მომდინარეობს BBC-ის პირველი გენერალური დირექტორის, ლორდ ჯონ რეითზის კალვინისტური სულისკვეთებიდან და არამარტო - ეს კარგი, ძველი ინგლისის ფასეულობებია. სერ რეითზმა უარყო ამერიკული რადიოსადგურების კომერციული მოდელი. ინფორმირება, განათლება, ჩართულობა - ეს იყო BBC-ის რეითზისეული ხედვა და ასეთადვე რჩება.

ერთერთი ბოლო შემთხვევა: BBC-ს მწვავედ აკრიტიკებდა და აკრიტიკებს როგორც ბრიტანული მთავრობა, ასევე საერთაშორისო მედია და ჩვეულებრივი მოქალაქეები, რადგან ის არ უწოდებს ჰამასის მებრძოლებს ტერორისტებს. ახსნა?

„ტერორიზმი დამუხტული სიტყვაა. ადამიანები მას იყენებენ იმ ქმედებების აღსანიშნავად, რომელთაც ისინი მორალურად არ ამართლებენ. BBC-ის საქმე არ უთხრას ხალხს, თუ ვის დაუჭიროს მხარი და ვინ დაგმოს - ვინ არიან კარგი ბიჭები და ვინ არიან ცუდი ბიჭები.

ჩვენ რეგულარულად ვამბობთ, რომ ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების მთავრობებმა დაგმეს ჰამასი, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, მაგრამ ეს მათი საქმეა. ჩვენ გვაქვს ინტერვიუები და ვახდენთ იმ კონტრიბუტორების ქვოტირებას, ვინც ჰამასს ახასიათებს, როგორც ტერორისტებს.

მთავარი არის ის, რომ ამას ჩვენი ხმით არ ვამბობთ. ჩვენი საქმე არის ჩვენი აუდიტორიისთვის ფაქტების წარდგენა, და მათ თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება.“

ცხადია, რომ BBC პროპალესტინური არ არის. არც პროისრაელურია. BBC თავისი დამფუძნებელი პრინციპების ერთგულია.

გაუძლებს თუ არა BBC დღეს გამეფებულ (ხშირად სამართლიან) ცინიკურ დამოკიდებულებას ზოგადად ინსტიტუტების მიმართ? ლორდი რეითზი ჯიუტად იმეორებდა, რომ საჯარო ინტერესი უფრო მეტი და მრავლისმომცველია, ვიდრე სხვადასხვა და ცვლადი სამთავრობო, ოპოზიციური, კორპორატიული ინტერესები თუ საზოგადოებრივი ტრენდები, რაოდენ მნიშვნელოვანიც არ უნდა ჩანდეს ისინი იმ კონკრეტულ მომენტში. სერ ჯონ რეითზი უარყოფდა ქედმაღლურ, პატერნალისტურ პრინციპს: „ცოტამ იცის თუ რა უნდა, და კიდევ უფრო ცოტამ იცის თუ რა სჭირდება.“

მე მჯერა, რომ დღესაც - დაუნდობელი კონკურენციის პირობებში, სოციალური ქსელების, სატელიტური ტელევიზიების და Netflix-ის ეპოქაში - BBC დარჩება მსოფლიო ჟურნალისტიკის ფლაგმანად და ეტალონად, რადგან მთავარი პრინციპებია და არა ტექნოლოგიები.

ერთი პატარა BBC კი დაგვამშვენებდა. ან სერტიფიცირებულ არქიტექტორთა ინსტიტუტი.

ავტორი - ირაკლი ლაითაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები