განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ალექსანდრე წულაძის ბრძანებით, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამები დამტკიცდა.
ქართული ენისა და ლიტერატურის საკითხების ჩამონათვალში მნიშვნელოვანი ცვლილებებია გასულ წელთან შედარებით და საგამოცდო პროგრამიდან არაერთი ნაწარმოებია ამოღებული.
კერძოდ, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამაში აღარაა სულხან-საბა ორბელიანის ნაწარმოებების მნიშვნელოვანი ნაწილი და დარჩენილია მხოლოდ "სიბრძნე-სიცრუისა" და ლეონის თავგადასავალი. აღარ შედის მემკვიდრის აღზრდის ამბავი და სრულად ამოღებულია იგავ-არაკები: „მეფე ხორასნისა“, „ძუნწი და ვაჭარი“, „უგუნური მცურავი“, „სამნი ბრმანი“, „მეფუნდუკე და დიდვაჭარი“.
დავით გურამიშვილის შემოქმედებიდან შედის მხოლოდ "დავითიანი", "ქართლის ჭირი". ამოღებულია: „სწავლა მოსწავლეთა“, „ქართველ უფალთა მეგვარტომობის იგავი“, „მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი“, „ქართველთა და კახთაგან თავიანთ უფალთად შეორგულება“, „საწყაულის მოწყვა ღვთისაგან“, „დავით გურამისშვილის ლეკთაგან დატყოება“, „ოდეს დატყოებულმან ურჯულოს ქვეყანას საყვარლის სახე და სურათი ვეღარა ნახა, ამისი მოთქმა დავითისაგან“, „ტყვეობითგან გაპარვა დავითისა“, „შველა ღვთისაგან დავითისა. ტყვეობიდან გამოსვლა სარუსეთოში“, „დავით გურამისშვილისაგან საწუთოს სოფლის სამდურავი“.
ამოღებულია ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „გოგჩა“.
გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებიდან დარჩენილია მხოლოდ „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“. აღარ შედის: "საღამო გამოსალმებისა" და "პასუხი შვილთა".
ნილოლოზ ბარათაშვილის ლექსებიდან დატოვებულია: „მერანი“, „ფიქრნი მტკვრის პირას“, „შემოღამება მთაწმინდაზე“; ასევე პოემა „ბედი ქართლისა“. ამოღებულია ლექსები: „არ უკიჟინო, სატრფოო“, „ცისა ფერს“, „ხმა იდუმალი“, „სულო ბოროტო“, „ვპოვე ტაძარი“.
ილია ჭავჭავაძის ლექსებიდან ამოღებულია: „ბედნიერი ერი“; პასუხის პასუხი“; „ჩემო კალამო“; პოემა „განდეგილი“, „აჩრდილი“. დატოვებულია: „კაცია-ადამიანი?!“, „მგზავრის წერილები“, „ოთარაანთ ქვრივი“; სტატია „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“.
აკაკი წერეთლის ლექსებიდან ამოღებულია "აღმართ-აღმართ", "სულიკო", "ქებათა ქება" და დატოვებულია მხოლოდ "განთიადი".
საერთოდ ამოღებულია ალექსანდრე ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა", პაოლო იაშვილის ლექსი "პოეზია, ასევე პოლიკარპე კაკაბაძის პიესა "ყვარყვარე თუთაბერი".
ამოღებულია ვაჟა-ფშაველას ლექსები: „რამ შემქმნა ადამიანად“ და „იას უთხარით ტურფასა“, დატოვებულია: „ჩემი ვედრება" და „კაი ყმა“. პოემებიდან დატოვებულია „ალუდა ქეთელაური“ და „სტუმარ-მასპინძელი“, ხოლო ამოღებულია „ბახტრიონი“, მოთხრობა „ამოდის, ნათდება“ და პუბლიცისტური წერილი „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“.
გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებიდან ამოღებულია „მშობლიური ეფემერა". ასევე, აღარ შედის გიორგი ლეონიძის "ყივჩაღის პაემანი".
ანა კალანდაძის ლექსი „მკვდართა მზე ვარ“ ჩანაცვლებულია მისივე ლექსით: „ვაჟო, დილის მზის სხივო...".
ცვლილებასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განმარტება გააკეთეს. უწყების განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას და თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება.
"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა და პროგრამიდან არც ერთი ნაწარმოების ამოღება არ მომხდარა.
მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო პროგრამა ეფუძნებოდეს მხოლოდ სავალდებულო ნაწარმოებებს, რათა იყოს დაცული თითოეული აბიტურიენტის ინტერესები და უზრუნველყოფილი განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.
აქვე მოგახსენებთ, რომ მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების რევიზია, რომელზეც მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი. რევიზიის პროცესში მოხდება სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალის გადახედვა და განახლება. ჩვენი სურვილია, აღნიშნულ ჯგუფს შევთავაზოთ, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილი ლიტერატურა, ასევე ყველა ის ნაწარმოები რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეროვნულ-პატრიოტულ ღირებულებების ჩამოყალიბებას. შესაბამისად, ვიმედოვნებთ რომ სამომავლოდ აღნიშნული ნაწარმოებები სავალდებულო ლიტერატურის სტატუსით მოხვდება საგამოცდო პროგრამაში", - ამბობენ სამინისტროში.