საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა ფართო ქსელს ბუღალტრული, სააუდიტორო და მმართველობითი კონსულტაციების ერთ-ერთი წამყვანი კომპანია „ბეიკერ ტილი ჯორჯია“ (Baker Tilly Georgia) შეუერთდა.
1996 წელს დაარსებული კომპანია უკვე სამი ათწლეულია, რაც ადგილობრივ ბაზარზე მაღალხარისხიანი და სანდო პროფესიონალური მომსახურების სტანდარტს ამკვიდრებს. დარგის მარეგულირებლის მიერ მინიჭებული უმაღლესი დონის აკრედიტაციის საფუძველზე, კომპანიას და მის პარტნიორებს აქვთ უფლებამოსილება, აუდიტი გაუწიონ ნებისმიერი მასშტაბის საწარმოს, მათ შორის, საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს.
ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი პროფესიონალური გუნდით დაკომპლექტებული „ბეიკერ ტილი ჯორჯია“ საშუალო და მსხვილ კორპორაციულ კლიენტებს ეკონომიკური საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში სთავაზობს სრულყოფილ სერვისებს. როგორც საერთაშორისო ქსელის წევრი, კომპანია მკაცრად ეფუძნება პროფესიონალ ბუღალტერთა ეთიკის კოდექსსა და საერთაშორისო სტანდარტებს, რაც კლიენტებს უმაღლესი ხარისხისა და თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებზე დაფუძნებულ მომსახურებას უზრუნველყოფს.
2003 წლის თებერვლიდან შპს „ბეიკერ ტილი ჯორჯია“ წარმოადგენს Baker Tilly International-ის დამოუკიდებელ წევრს. გლობალური ქსელი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სიდიდით მე-8 ადგილს იკავებს, აერთიანებს 147 ქვეყნის 754 ოფისსა და 50 400-ზე მეტ თანამშრომელს. საერთაშორისო ქსელში ჩართულობა კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, ადგილობრივ ბიზნესს უზრუნველყოფს უმაღლესი დონის აუდიტორული და საკონსულტაციო მხარდაჭერით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
„მოხარულნი ვართ, რომ „ბეიკერ ტილი ჯორჯია“, რომელიც ათწლეულებია ბაზარზე უმაღლესი ხარისხისა და სანდოობის სტანდარტს ამკვიდრებს, ჩვენს ერთობლივ პლატფორმას უერთდება. დარგის ლიდერი კომპანიების ჩართულობა ასოციაციის საქმიანობას კიდევ უფრო მეტ ღირებულებას მატებს“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
























