თანამედროვე ბეისბოლის განსაკუთრებულმა მოთამაშე ხუან სოტომ “ნიუ იორკ მეტსთან” რეკორდული 765 მილიონის ხელშეკრულება გააფორმა. შეთანხმების ხანგრძლივობამ ასევე მოხსნა MLB-ის რეკორდი, ის 15 წელზეა გათვლილი და მოთამაშემ თანხმობის ბონუსად 75 მილიონიც მიიღო. 5 წელიწადში 2029 წლის ბოლოს სოტოს კონტრაქტის შეჩერების შესაძლებლობა ექნება, მაგრამ თუკი ამ პუნქტს არ აამოქმედებს კონტრაქტი 40 მილიონით 805 მილიონამდე გაიზრდება.
ეს არის უდიდესი შეთანხმება მთლიანად სპორტის ისტორიაში, რითაც ჩამოიტოვა გასულ წელს შოჰეი ოტანის მხრიდან “ლოს-ანჯელეს დოჯერსთან” გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იაპონელმა 10 წელიწადში 700 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს.
ბეისბოლის მოთამაშეებმა ჩამოიტოვეს ლიონელ მესიც, რომელმაც “ბარსელონასთან” უკანასკნელად 4 წლიანი 674 მილიონის კონტრაქტი დადო.
ხუან სოტოს საშუალო წლიური შემოსავალი 51 მილიონი დოლარი გახდება, რაც ოტანის 46 მილიონის ღირებულების საშუალო წლიურ ანაზღაურებას, ასევე აღემატება.
როგორც ამერიკულ მედიაში იწერება ხუანის დამატებით “ნიუ იორკ იანკისი” და ბოსტონის “რედ სოქსი” ინტერესდებოდნენ, რომლებიც ანალოგიური ხანგრძლივობით შესაბამისად 760 და 700 მილიონ დოლარს სთავაზობდნენ.
შეგახსენებთ, რომ “ნიუ იორკ მეტსის” მფლობელი სტივ კოენია, რომელმაც კლუბი 2020 წელს 2,475 მილიარდ დოლარად შეიძინა და მას შემდეგ ბეისბოლის ვარსკვლავების გადაბირებითაა დაინტერესებული, რათა ქალაქს მსოფლიო სერიის ტიტული დაუბრუნოს. ამ დროისთვის “მეტსი” ფორბსის რეიტინგში MLB-ის მე-6 ყველაზე ძვირად ღირებული გუნდია, 3 მილიარდიანი ღირებულებით.