2027 წლის იანვრიდან ფიფა მე-17 მუხლში ცვლილებებს შეიტანს, რომელიც კონტრაქტის გაწყვეტასა და სახელშეკრულებო ურთიერთობების დასრულებას არეგულირებს.
ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, ჩემპიონატებმა კონტრაქტები ახალ მოდელს უნდა მოარგონ. ამ მოდელის თანახმად, ფეხბურთელსა და კლუბს შორის ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის ღირებულება გარიგების პირობების პროპორციული და გონივრული უნდა იყოს. იდეა მარტივია: არცერთ მხარეს აღარ შეეძლება თანხის ხელოვნურად გაზრდა იმისთვის, რომ მოთამაშის წასვლა დაბლოკოს.
გამოცემა Sport-ის ცნობით, ეს ცვლილება მოჰყვა ჩაშლილი ტრანსფერების სერიას, რაც გამოწვეული იყო არარეალურად მაღალი გამოსასყიდი თანხებით ან კლუბების უარით, ეწარმოებინათ მოლაპარაკება ფეხბურთელის გაშვებაზე, რომელსაც წასვლა სურდა. სწორედ ეს მოხდა გასულ ზაფხულს ხულიან ალვარესსა და მადრიდის ატლეტიკოს შორის.
ახალი წესის მთავარი მიზანი კლუბებსა და მოთამაშეებს შორის კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებული დავების შემცირებაა, ზუსტად ისეთი კონფლიქტების, როგორიც ლასანა დიარას საქმეში ვიხილეთ. ფიფას ამ გადაწყვეტილებას ფეხბურთელთა წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი.
აქამდე ოფიციალური პირები ფინანსური კომპენსაციის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავდნენ. არ არსებობდა ზუსტი მეთოდი და ნათელი კრიტერიუმები, რის გამოც გადაწყვეტილებები ხშირად რადიკალურად განსხვავებული და გაუთვლელი იყო. სწორედ ამიტომ, ფიფამ მუხლის გადაწერა გადაწყვიტა, რათა ის უფრო გამჭვირვალე, ობიექტური და პროგნოზირებადი გახდეს. ორივე მხარეს უკვე შეეძლება კონტრაქტში კომპენსაციის ღირებულებაზე შეთანხმება, რაც ზარალის სრულად დაფარვის გარანტიას იძლევა.
























