აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისი წევრი ქვეყნები FIFA-ს პრეზიდენტად ხელახლა არჩევის მცდელობაში ჯანი ინფანტინოს დაუჭერენ მხარს.
შეიხ სალმან ბინ იბრაჰიმ ალ-ხალიფას განცხადება AFC-ის პოზიციის მკვეთრ ცვლილებაზე მიუთითებს. აგვისტოში კონფედერაცია ევროპულ ფეხბურთის მმართველ ორგანო UEFA-სა და ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ფეხბურთის კონფედერაცია CONCACAF-თან ერთად ინფანტინოს აკრიტიკებდა.
AFC-ის 46 წევრი ქვეყნის მხარდაჭერა ინფანტინოსთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური წარმატებაა. FIFA-ს პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ კერძო ინვესტორებისთვის საკუთარი შეჯიბრებების, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატის, წილის მიყიდვის გეგმა ვერ განახორციელა.
ინფანტინომ, რომელმაც გასულ კვირას FIFA Forward Enterprise-ის ჩავარდნილი პროექტისთვის ბოდიში მოიხადა, FIFA-ს 2016 წლიდან ხელმძღვანელობს. პროექტი კერძო კაპიტალის ფონდებისთვის მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის შეჯიბრებებში წილების მიყიდვას ითვალისწინებდა. ინფანტინო მარტში მესამე სრული საპრეზიდენტო ვადით არჩევას ცდილობს.
ამ ეტაპზე მას სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს. საპრეზიდენტო კანდიდატურის წარდგენის ბოლო ვადა 18 ნოემბერია. CONCACAF-ის პრეზიდენტმა ვიქტორ მონტალიანიმ და UEFA-ს ხელმძღვანელმა ალექსანდერ ჩეფერინმა კი საკუთარი კონფედერაციების სათავეში კიდევ ერთი ვადით დარჩენის სურვილი გამოხატეს.
























