საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ხუთშაბათს განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ ინფანტინოს მხარდაჭერაზე უარი თქვა. გადაწყვეტილების მიზეზად ფედერაციამ დაასახელა „მთელი რიგი მოვლენები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება FIFA-ს მმართველობასა და მის პრეზიდენტს და პირდაპირ ეწინააღმდეგება კარგი მმართველობის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ფეხბურთის ღირებულებებს“.
ინფანტინო FIFA-ს პრეზიდენტის პოსტზე 2027 წლის მარტში ხელახლა კენჭს იყრის და ამ ეტაპზე ის არჩევნებში ერთადერთი კანდიდატია.
თუმცა, მას შემდეგ, რაც FIFA-ს მიერ საკუთარი კომერციული და ღონისძიებების მიმართულებების, მათ შორის კაცთა და ქალთა მსოფლიო ჩემპიონატების, მცირე წილის კერძო ინვესტორებისთვის მიყიდვის მცდელობა ჩავარდა, ინფანტინოს მხარდაჭერა მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად შემცირდა.
შვეიცარიელ-იტალიელი ყოფილი ბიზნესმენი სათავეში ჩაუდგა გეგმას სახელწოდებით „FIFA Forward Enterprise“, რომლის შესახებაც მედიაში ინფორმაცია პირველად კაცთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიდან რამდენიმე დღეში, ივლისში, გავრცელდა. თუმცა, სულ რამდენიმე დღეში ინფანტინომ უკან დაიხია და განაცხადა, რომ „ცხადი გახდა, რომ პროექტმა ისეთი ხასიათის დაპირისპირება და განხეთქილება გამოიწვია, რომელიც, მხარდაჭერის ნებისმიერი დონის მიუხედავად, აღარ ემსახურება იმ თავდაპირველ მიზანს, რომლის მისაღწევადაც ეს პროექტი შეიქმნა“.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ინფანტინოს ინიციატივამ „სერიოზულად დააზიანა ფეხბურთის იმიჯი და ერთიანობა“. ფედერაცია ასევე ითხოვს „FIFA-ს მმართველობის მასშტაბურ რეფორმას“.
სანამ FIFA და ინფანტინო კერძო ინვესტიციების გეგმაზე უარს იტყოდნენ, UEFA ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანო, რომლის წევრიც საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაა იმუქრებოდა, რომ FIFA-ს მიერ ორგანიზებულ ტურნირებს ბოიკოტს გამოუცხადებდა, თუ აღნიშნული სქემა არ გაუქმდებოდა.
ბოიკოტის იდეა ამ ეტაპზე შეჩერებულია, თუმცა UEFA-მ და მისმა რამდენიმე წევრმა ქვეყანამ მას შემდეგ ინფანტინოს წინააღმდეგ პოზიცია ღიად დააფიქსირეს.
























