მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ფილიპ დიალო ფიფას პრეზიდენტობისთვის ჯანი ინფანტინოს დაუპირისპირდება

ფილიპე დიალო ფიფას პრეზიდენტად

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ფილიპ დიალო ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატად გვიან გამოჩნდა და ჯანი ინფანტინოს კონკურენტი გახდა.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, უეფამ, დაადასტურა, რომ მისმა აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა ფილიპ დიალომ ფიფას პრეზიდენტობისთვის კენჭისყრაზე თანხმობა განაცხადა. გადაწყვეტილება სამშაბათს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სხდომაზე უნდა დამტკიცდეს.

უეფას განცხადებით, დიალოს კანდიდატურას აღმასრულებელ კომიტეტში წარმოდგენილი ქვეყნების წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. ეს ორგანო ეროვნული საფეხბურთო ასოციაციების ხელმძღვანელებისგან შედგება, მათ შორის არიან ესპანეთის, იტალიისა და გერმანიის წარმომადგენლები.

მანამდე ვარაუდობდნენ, რომ ჯანი ინფანტინო არჩევნებში უკონკურენტოდ მიიღებდა მონაწილეობას. თუმცა ფიფას პროექტის, FIFA Forward Enterprise-ის ჩავარდნამ საფეხბურთო სამყაროში უკმაყოფილება გამოიწვია. პროექტი ითვალისწინებდა ფიფას კომერციულ საქმიანობასა და ღონისძიებებში, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატში, კერძო ინვესტიციების მოზიდვას. ამ გადაწყვეტილების შემდეგ არაერთმა ეროვნულმა ასოციაციამ შვეიცარიელ-იტალიელ ფუნქციონერს მხარდაჭერა შეუწყვიტა.

უეფამ ინფანტინოს გადადგომისკენაც მოუწოდა და აცხადებს, რომ 56 წლის ხელმძღვანელის ფიფას პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ერთი ვადით დარჩენა არ სურს.

ფილიპ დიალო საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას 2023 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს. მან ნოელ ლე გრაე შეცვალა, რომელმაც ორგანიზაციაში სექსუალური შევიწროებისა და ბულინგის ბრალდებებთან დაკავშირებული გამოძიების შემდეგ, 11-წლიანი ხელმძღვანელობის პერიოდის დასრულებისას, თანამდებობა დატოვა.

თავდაპირველად დიალო ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას დროებით ასრულებდა, 2023 წლის ივნისში კი ოფიციალურად აირჩიეს. 63 წლის ფუნქციონერი მანამდე, 2021 წლის მარტიდან, ფედერაციის გენერალური ხაზინადარი იყო, ცხრა თვის შემდეგ კი ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

2024 წლის დეკემბერში დიალო ხელახლა აირჩიეს. პირველ ტურში მან ხმების 55.34 პროცენტი მიიღო და პრეზიდენტის პოსტზე უფლებამოსილება 2028 წლამდე გაუხანგრძლივდა.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, 1992 წლიდან 2021 წლამდე დიალო საფრანგეთის პროფესიონალური საფეხბურთო კლუბების ყოფილ გაერთიანებას, Union des Clubs Professionnels de Football-ს (UCPF) ხელმძღვანელობდა. ორგანიზაციამ 2021 წელს სტრუქტურული რეფორმა განიცადა.

ზაფხულში FIFA Forward Enterprise-ის პროექტის ჩავარდნის შემდეგ, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია იმ ევროპულ ასოციაციებს შორის აღმოჩნდა, რომლებმაც მოქმედ პრეზიდენტს მხარდაჭერა შეუწყვიტეს.

„ფიფას მმართველობა არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომლებსაც ფეხბურთი განასახიერებს“, - განაცხადა დიალომ სექტემბერში.

ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტს 2016 წლიდან იკავებს. მან თანამდებობაზე ზეპ ბლატერი შეცვალა. ინფანტინო 2019 და 2023 წლებში ხელახლა აირჩიეს, ახლა კი 2031 წლამდე დარჩენას ცდილობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები