ფიფას (FIFA) მთავარმა ოპერაციულმა დირექტორმა, კევინ ლამურმა თანამდებობა დატოვა. მისი წასვლა ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს 20-მილიარდიანი საინვესტიციო გეგმის საჯარო კრიტიკიდან სამ კვირაზე ნაკლებ დროში მოხდა. ორგანიზაციამ ლამურთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი 17 აგვისტოს დაადასტურა, თუმცა მიზეზი არ დაუკონკრეტებია, რის გამოც მედია ვარაუდობს, რომ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ლამური ღიად დაუპირისპირდა ინფანტინოს მიერ შემოთავაზებულ სადავო პროექტს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატებსა და სხვა მსხვილ ტურნირებში კერძო ინვესტორებისთვის 20%-იანი წილის გადაცემას გულისხმობდა. მან აღნიშნულ ინიციატივას "ერთი ადამიანის პროექტი" უწოდა, განაცხადა, რომ ორგანიზაციის ადმინისტრაცია შეცდომაში შეიყვანეს და ხაზი გაუსვა, რომ მზად იყო, თავისი პოზიციის გამო სამსახურიც კი დაეკარგა.
აღსანიშნავია, რომ ლამურის წასვლას წინ უძღოდა ინფანტინოს უფროსი მრჩევლის, კარლოს კორდეიროს გადადგომაც, რომელმაც აღნიშნულ გეგმას ფეხბურთისთვის "ცუდი გარიგება" უწოდა.
საბოლოოდ, უეფას (UEFA), კონკაკაფისა (CONCACAF) და აზიის (AFC) საფეხბურთო კონფედერაციების მწვავე წინააღმდეგობის შემდეგ, ინფანტინო იძულებული გახდა საინვესტიციო პროექტი შეეჩერებინა.




























