2027 წლის 18 მარტს მაროკოს დედაქალაქ რაბათში FIFA-ს 77-ე კონგრესის ფარგლებში ამ ორგანიზაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. FIFA-ს საბჭოს მიერ 2026 წლის 29 აპრილს გამოცხადებული საარჩევნო პროცესის დაწყების შემდეგ ორგანიზაციის გენერალურმა სამდივნომ წევრი ასოციაციების მიერ FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატებად წარდგენილ შემდეგ პირთა განაცხადები მიიღო:
- ფილიპ დიალო
- ჯანი ინფანტინო
- კოძო ტაშიმა
FIFA-ს მმართველობის რეგულაციების შესაბამისად, კანდიდატურების სია განსახილველად გადაეგზავნა საარჩევნო კომიტეტს, რომელიც დადგენილ მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას შეამოწმებს და მიიღებს გადაწყვეტილებას კანდიდატების დაშვების შესახებ. წევრ ასოციაციებს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე კანდიდატების ვინაობა არაუგვიანეს 2027 წლის 18 თებერვლისა ეცნობებათ.
ინფანტინოს გადადგომისკენ არაერთი მოწოდების მიუხედავად, ის FIFA-ს პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში კვლავ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა. ორგანიზაციის წევრი ასოციაციების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით - ევროპის ფარგლებს გარეთ, მისი ხელმძღვანელობით კმაყოფილია. ინფანტინომ ეროვნული საფეხბურთო ფედერაციებისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები გამოყო და თითოეულ მათგანს 2030 წლამდე დამატებით 25 მილიონი დოლარის გამოყოფასაც დაჰპირდა. თუმცა მის მიერ მორიგი საპრეზიდენტო ვადის მოპოვების მცდელობამ შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადების შეზღუდვის საკითხი დააყენოს დღის წესრიგში.
ორგანიზაციის წესდების თანახმად, ერთსა და იმავე პირს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მაქსიმუმ, სამი სრულფასოვანი ვადით შეუძლია. თუმცა 2022 წელს FIFA-ს იურიდიულმა სამსახურმა განაცხადა, რომ ინფანტინოს პირველი - 2016-2019 წლების საპრეზიდენტო პერიოდი (მაშინ მან ზეპ ბლატერის დაუსრულებელი საპრეზიდენტო მანდატი გადაიბარა) სრულფასოვან ვადად არ უნდა ჩაითვალოს და შესაბამისად, ვადების საერთო ლიმიტშიც არ უნდა იქნეს გათვალისწინებული.
























