მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბეჟან წაქაძის მტკიცებით, პრემიერი ბიზნესს „გაწერილი გრაფიკის“ მიხედვით ხვდება

60618593517dd
ინგა მურუსიძე
29.03.21 11:57
1521
"ბიზნესის პრეტენზიებს ვიზიარებ, თუმცა პრეტენზია ერთია და მეორეა ის, რომ შეასრულონ ის რეგულაციები, რომელიც დაწესებულია", - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბეჟან წაქაძემ მედიის კითხვას იმის თაობაზე, რომ მოსალოდნელ რეგულაციებთან დაკავშირებით კერძო სექტორი ინფორმაციას მხოლოდ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ იღებს და იქამდე კი, არ იმართება შეხვედრები, რის გამოც ბიზნესს მთავრობასთან პრეტენზია აქვს.  

"საკოორდინაციო საბჭო არის ორგანო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს და როცა ეს ხდება, ყველაფერი ეცნობება ბიზნესსექტორსაც და სრულიად საზოგადოებასაც. საბჭოზე მიმდინარეობს მსჯელობა და წყდება, რა არის უკეთესი; როცა საბჭო ხმათა უმრავლესობით რაღაცას გადაწყვეტს, მაშინ იგებს საზოგადოება“, - ამბობს ბეჟან წაქაძე.

რაც შეეხება კითხვას იმის თაობაზე, რამდენად ადეკვატურია, რომ ბიზნესი პოსტფაქტუმ იგებს ცვლილებების შესახებ ინფორმაციას, დეპუტატი პასუხობს, რომ Сovid-სტატისტიკაზე კერძო სექტორსაც ყოველდღიურად მიუწვდება ხელი. 

მისივე თქმით, "ბიზნესმაც უნდა აკონტროლოს ციფრები და შეასრულოს ის რეკომენდაციები, რომლებიც დაწესებულია ჯანმოს მიერ; წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ ასეთ ტურბულენტურ ზონაში ვიქნებით - ხან გაგვხსნიან, ხან დაგვკეტავენ. დარწმუნებული ვარ, თუ ყველაფერს შევასრულებთ, რაც დაწესებულია, მესამე ტალღა არ იქნება“.

კიდევ ერთ კითხვაზე -  იზიარებს თუ არა ყოფილი ბიზნესმენი და მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი პრემიერის მისამართით ბიზნესის პრეტენზიებს კომუნიკაციის ნაკლებობაზე, ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ "პრეტენზიებს იზიარებს, თუმცა პრეტენზიებთან ერთად, ბიზნესმა უნდა შეასრულოს რეგულაციები".

ის ირწმუნება, რომ პრემიერს გაწერილი გრაფიკი აქვს და ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება. 

„ყველა სექტორს ერთდროულად ვერ შეხვდება, გრაფიკი გაწერილია და ამის მიხედვით ხვდება. რა თქმა უნდა, შეხვდა უკვე რამდენიმეს, თუნდაც ტურისტულმა სექტორმა გაიარა თემები მინისტრებთან და შემდეგ ეს მიეწოდა პრემიერს. შეხვედრაა ეს“, - განაცხადა წაქაძემ.

ცნობისთვის: ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მეორედ 22 თებერვალს დაამტკიცეს. მთავრობის მეთაური ბიზნესს ამ დრომდე არ შეხვედრია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები