მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუ ხარ ბიზნესში, მიხედე ბიზნესს. თუ ხარ პოლიტიკაში, მიხედე პოლიტიკას - ეს უნდა იყოს გამიჯნული"|ინტერვიუ

ბეჟან წაქაძე

მეწარმე სუბიექტი საჯარო პოლიტიკური აქტივობისთვის დაჯარიმდება - მორიგი შეზღუდვის ინიციატორი "ქართული ოცნებაა". სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მეწარმე სუბიექტს დააჯარიმებს 20 000 ლარით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში - 40 000 ლარით. ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტულად რა ჩაეთვლებათ მეწარმე სუბიექტებს „საჯარო პოლიტიკურ აქტივობად“. ასევე, უცნობია, ზუსტად ვის შეეხება დაჯარიმება, რადგან მეწარმეთა შესახებ კანონის განმარტებით, მეწარმე სუბიექტები არიან: ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი.

რა შეიძლება ჩაითვალოს „საჯარო პოლიტიკურ აქტივობად“, რაც მეწარმე სუბიექტების დაჯარიმების საფუძველი გახდება? - ამ და სხვა კითხვებით BMG-მ ბიზნესიდან პოლიტიკაში წასულ ბეჟან წაქაძეს მიმართა. როგორც მასთან საუბრიდან გავარკვიეთ, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ახალი კანონპროექტის დეტალების საქმის კურსში არაა, მაგრამ საჯარო პოლიტიკური აქტივობისთვის მეწარმე სუბიექტების დაჯარიმებაში პრობლემას ვერ ხედავს. „შენ თუ ხარ ბიზნესში, მიხედე ბიზნესს. თუ ხარ პოლიტიკაში, მიხედე პოლიტიკას. ეს უნდა იყოს გამიჯნული“, - თქვა მან BMG-თან ინტერვიუში.

- ბატონო ბეჟან, მეწარმე სუბიექტი საჯარო პოლიტიკური აქტივობისთვის დაჯარიმდება ჯერ 20,000 ლარით, გამეორების შემთხვევაში - 40,000 ლარით. რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

- მერე რა?! ეგ ჯარიმა მოიტანა დღევანდელმა ყოფამ...

- რა ყოფაა ასეთი ან ბიზნესმენები რას აშავებდნენ?

- სულ ამაზეა ლაპარაკი, ბიზნესმენები რას აშავებენ, თითქოს აშავებენ... ბიზნესმენები პირიქით, ქვეყანას ქმნიან, არაფერს არ აშავებენ, მაგრამ...

- მაშინ რისთვის უნდა დაჯარიმდნენ?

- თუ ამას [საჯარო პოლიტიკურ აქტივობას] განახორციელებს, რა თქმა უნდა, დაჯარიმდება და არ უნდა განახორციელოს.

- ხომ არ ფლობთ ინფორმაციას, რა ჩაეთვლება მეწარმე სუბიექტს „საჯარო პოლიტიკურ აქტივობად“, რის გამოც 20 000-დან 40 000 ლარამდე დაჯარიმდება?

- საჯარო პოლიტიკური აქტივობა ძალიან ბევრ რამეში შეიძლება გამოიხატოს. შენ თავისუფალი უნდა იყო, როცა ბიზნესში ხარ და საჯარო პოლიტიკური აქტივობა არ უნდა განახორციელო. ამიტომ მივესალმები ამას, რომ აღარ იყოს ამაზე საუბარი; თუ არის ვინმე და დაუმტკიცდება [საჯარო პოლიტიკური აქტივობა], გადაიხადოს ამ ბიზნესმენმა ეგ ჯარიმა - არანაირი პრობლემა არ არის. არ უნდა ჩაერიო რა, იმიტომ რომ შენ თუ ხარ ბიზნესში, მიხედე ბიზნესს. თუ ხარ პოლიტიკაში, მიხედე პოლიტიკას - ეს უნდა იყოს გამიჯნული...

- ალბათ ძალიან ცოტა ადამიანს თუ დააჯერებთ, რომ დღეს დეპუტატი რადგან ხართ, თქვენი კომპანიის საქმიანობაში საერთოდ არ იხედებით, მაგრამ ასეც რომ იყოს, როდესაც დეპუტატი არ იქნებით და ისევ აქტიურ ბიზნესში დაბრუნდებით, არ უნდა გქონდეთ საჯარო პოლიტიკური აქტივობის უფლება?

- მე საერთოდ არ ვაპირებ ბიზნესში დაბრუნებას; მყავს შვილი, რომელიც უკვე კარგა ხანია ბიზნესში იყო ჩემთან ერთად და ის გააგრძელებს საქმეებს. დასვენებას და სულ სხვა რაღაცას ვაპირებ. ბიზნესში როდესაც ვიყავი, თქვენთან [BMG} მქონია ინტერვიუები და საერთოდ არ ვინტერესდებოდი პოლიტიკით. გამიჯნული უნდა იყოს ეს ყოველივე და თუ ვინმე არ გამიჯნავს, ამისთვის არის ეს ჯარიმა.

- გასაგებია, რომ კანონპროექტს არ იცნობთ, მაგრამ თქვენი აზრით, კონკრეტულად რა შეიძლება ჩაეთვალოს ბიზნესმენს საჯარო პოლიტიკურ აქტივობად?

- თქვენ რას ფიქრობთ?! ბევრი რამ არის რა... საერთოდ როცა ხარ [ბიზნესში], უნდა იყო გამიჯნული და პოლიტიკურ აქტივობაში არ უნდა შეხვიდე. პოლიტიკური აქტივობა ბევრი რამით შეიძლება გამოიხატოს.

- მაგალითად?

- რა ვიცი ახლა, ძალიან ბევრი რამე შეიძლება...

- მოდი, ვიმსჯელოთ - მაგალითად, შეიძლება მეწარმე სუბიექტებს პოლიტიკურ აქტივობად ჩაეთვალოს პოლიტიკური პარტიისთვის ფულის შეწირვა - ზოგიერთი „ოცნებას“ სწირავს ფულს, ზოგი - „ლელოს“ და ა.შ. ეს პოლიტიკური საჯარო აქტივობაა?

- არანაირად... ამაზე არ არის საუბარი; შენ შეგიძლია, ვისაც გინდა იმას შესწირო ის თანხა, რაც შეგიძლია შესწირო და კანონითაა [შესაძლებელი]. პარტიისთვის ფულის შეწირვა პოლიტიკური აქტივობა არაა.

- გასაგებია... მაშინ რა შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ საჯარო აქტივობად?

- ბიზნესმენი როცა ხარ, პეტიციებზე [ხელმოწერა]... რაღაცებზე რომ გამოდიან, რომ აი, ხელმოწერები, ნუ შეიძლება ჩაითვალოს [საჯარო პოლიტიკურ აქტივობად]. ალბათ კანონპროექტში იქნება ჩამოთვლილი, რომელსაც ჯერ არ გავცნობივარ, მაგრამ ბევრი რამე შეიძლება ჩაითვალოს... [პოლიტიკაზე] შენი აზრის გამოთქმამ შეიძლება გავლენა მოახდინოს აზრის ფორმირებაზე...

- ბიზნესმენიც ხომ ამ ქვეყნის მოქალაქეა და არ აქვს უფლება საკუთარი აზრი გამოთქვას? მაგალითად, ხელისუფლებისთვის ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისკენ მოწოდება პოლიტიკური აქტივობაა?

- დიახ, ბიზნესმენი მოქალაქეა, მაგრამ შენ გარკვეული პასუხისმგებლობა გაკისრია, როდესაც ბიზნესმენი ხარ და როდესაც ურთიერთობა გაქვს უამრავ ადამიანთან, რომელსაც შეგიძლია შენი მოქმედებით, შენი გამოსვლით და მოწოდებით, აზრი შეაცვლევინო. ამიტომ თავისუფალი უნდა იყოს მოქალაქე. რა თქმა უნდა, არ იქნება ისე, რომ რომელი პარტიაც მოგწონს მას თანხა [ვერ შესწირო], აბა, საიდან უნდა მოაგროვონ პარტიებმა თანხები?! მაგრამ მილიარდობით და მილიონობით თანხა არ უნდა შესწირო. ზღვარი არსებობს და არ უნდა გადაამეტო...

- სხვა მაგალითებიც განვიხილოთ - დავუშვათ, ბიზნესმენს არ მოსწონს რომელიმე ახალი რეგულაცია ან კანონი ან კიდევ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ამ თემებზე საპროტესტო აქციას შეუერთდა. ეს საჯარო პოლიტიკურ აქტივობად უნდა ჩაეთვალოს და უნდა დაჯარიმდეს?

- ბიზნესმენი მოქალაქეა და ჩვეულებრივად შეუძლია ეს [აქციაში მონაწილეობა], მაგრამ შენ არ უნდა გახვიდე მიტინგზე მოწოდებით, რადგან გავლენიანი ადამიანი ხარ, შეიძლება ასეულობით ადამიანთან გაქვს საქმე, ისინი შენი კომპანიის წევრები არიან, ამიტომ [შეიძლება] შენ მოუწოდო და შენი ავტორიტეტით აზრი შეაცვლევინო... ამაზეა საუბარი და ეგ გამიჯნული იქნება.

- კიდევ ერთი მაგალითი - ბიზნესმენი რომ გამოვიდეს ტელევიზიით და თქვას, რომ არ მოსწონს „ქართული ოცნება“, რადგან ხედავს, ევროკავშირთან და ამერიკასთან ურთიერთობა როგორ გაუფუჭდა ქვეყანას, თქვენი აზრით, ეს საჯარო პოლიტიკურ აქტივობად უნდა ჩაითვალოს?

- ფაქტობრივად, ეს საჯარო პოლიტიკური აქტივობაა, მაგრამ იქნება თუ არა ეს კრიტერიუმი კანონში ასახული, ნამდვილად არ ვიცი. საჯარო პოლიტიკური აქტივობა ბევრი რამ შეიძლება იყოს, თუმცა რა ჩაიწერება კანონპროექტში და რას მივიღებთ საბოლოოდ, ჯერჯერობით, უცნობია. იქნება განხილვები და როცა ამ საკითხს განვიხილავთ, მაშინ ვიმსჯელებთ დეტალურად. კითხვაც ბევრი გაჩნდება.

- თქვენი, როგორც ბიზნესმენის აზრი სწორედ ამიტომ მაინტერესებდა - რისი უფლება არ უნდა ჰქონდეს მეწარმე სუბიექტს?

- ჩემს აზრს იქ დავაფიქსირებ და, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ჩავერთვები განხილვებში.

- და მაინც, რისი უფლება არ უნდა ჰქონდეს ბიზნესმენს საჯაროდ?

- არ ვიცი, ეს კანონით იქნება გამიჯნული. დაველოდოთ ამ პროცესს; როდესაც გაიმიჯნება, ბევრი კითხვა გაჩნდება, გაიცემა პასუხები, მოხდება დამტკიცება და მსჯელობა. აი, როცა მსჯელობის ეტაპი დასრულდება, მერე გეტყვით ჩემს აზრს. ახლა შეიძლება ბევრი რამ ვთქვა, მაგრამ რამდენად იქნება გათვალისწინებული, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ვიმსჯელებთ და თუ კანონშემოქმედები, რომლებმაც ეს კანონი შექმნეს, დაამტკიცებენ, რომ ეს აუცილებელია, რა თქმა უნდა, განვიხილავთ.

- შევაჯამოთ ჩვენი ინტერვიუ... პარლამენტში ბევრი ბიზნესმენი ხართ „ქართული ოცნების“ წევრებს შორის... ცოტა შეურაცხმყოფელი ხომ არაა ბიზნესმენების, მეწარმე სუბიექტების მიმართ ასეთი მიდგომა - გადასახადები გადაიხადეთ ბიუჯეტში, სამუშაო ადგილები შექმენით, პარტიასაც ფული შესწირეთ, მაგრამ მაგრამ ხმამაღლა ნუ იტყვით თქვენ აზრს...

- რა არის იცით?! ბიზნესში როცა ხარ, გარკვეული ავტორიტეტი, გარკვეული ზემოქმედება ადამიანებზე შეგიძლია... ამიტომ როგორც ბიზნესმენი, გარკვეულწილად შეზღუდული უნდა იყო, რომ სხვა ადამიანების აზრის ფორმირებაზე გავლენა [ვერ მოახდინო]. წარმოიდგინეთ, ბიზნესში როცა ხარ და ასობით, ათასობით ადამიანს ასაქმებ, გამოხვიდე მიტინგებზე ან აგიტაცია მოაწყო ორგანიზაციაში... შენზე ვალდებულება რომ აქვს შენს თანამშრომელს და შენ შეგიძლია მასზე რეაგირება გააკეთო - „თუ არ მოუსმენ ჩემს აზრს, მაშინ სამსახურში არ დაგასაქმებ“ - არ შეიძლება ასეთი რაღაცა... სხვისი აზრის ფორმირებაზე გავლენა არ უნდა მოახდინო. აი, ამაშია საქმე - ასეთ რაღაცებზეა ეს ჯარიმები და მე მგონი, ეს არ უნდა იყოს პრობლემა.

- ყველა ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს არჩევანში... თქვენი ლოგიკით კი, საჯარო სექტორში დასაქმებულ ასიათასობით ადამიანის არჩევანზე შეუძლია გავლენის მოხდენა ხელისულფებას, სამსახურების დაკარგვის შიშით...

- ეს არ არსებობს ახლა, რომ ასე დაკარგავ სამსახურს...

- განა არ გვინახავს ასეთი რამ?! რეორგანიზაცია ცხადდება, კანონები იცვლება...

- როცა რეორგანიზაცია ცხადდება, მოდის ხელმძღვანელი, რომელსაც სურს გუნდის დაკომპლექტება და პასუხისმგებლობაც მასზეა. ეს იგივეა, როცა კომპანიაში შედიხარ ან ახალ კომპანიას ყიდულობ და მენეჯერი ხდები, გარკვეულ ცვლილებებს იქაც ატარებ. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან გსურს შეკრა ძლიერი გუნდი, რომელიც არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდება. ასე ხდება ბიზნესშიც და სახელმწიფო სამსახურშიც. როცა, მაგალითად, არ მოგწონს ვინმეს მუშაობა და ფიქრობ, რომ მასზე უკეთესი ადამიანი დაგჭირდება, შეგიძლია ის პროფესიული ნიშნით ჩაანაცვლო. ასეთ გადაწყვეტილებას იღებ იქაც და აქაც, ამიტომ ამ კუთხით განსხვავება არ არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები