საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოში აქტიური სტატუსის მქონე 201 111 ინდივიდუალური მეწარმე და 84 984 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა.
საქმე ის არის, რომ მეწარმე სუბიექტი საჯარო პოლიტიკური აქტივობისთვის დაჯარიმდება - მორიგი შეზღუდვის ინიციატორი "ქართული ოცნებაა". ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დგინდება ახალი სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვისზე და რა ფორმით გავრცელდება შეზღუდვა და როგორ განიმარტება მეწარმე სუბიექტი, თუმცა ცნობილია, რომ ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მეწარმე სუბიექტს დააჯარიმებს 20 000 ლარით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში - 40 000 ლარით.
მეწარმეთა შესახებ კანონის განმარტებით, მეწარმე სუბიექტები არიან: ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი.
საქსტატის ბიზნეს რეგისტრის თანახმად, ჯამურად ქვეყანაში 1 102 139 ორგანიზაციაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური სტატუსი 294 573-ს აქვს.
რაც შეეხება ამ მონაცემებში შესული აქტიური სტატუსის მეწარმე სუბიექტების გადანაწილებას ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მიხედვით, ასეთია:
- ინდივიდუალური მეწარმე - 201 111
- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) - 84 984
- სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) - 844
- კოოპერატივი - 165
- სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს) - 117
- კომანდიტური საზოგადოება (კს) - 16
ეკონომიკური ერთეული აქტიურია, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:
- ბრუნვა>0 (დღგ-ს, ყოველთვიური საშემოსავლო და სხვა დეკლარაციები);
- ხელფასი ან დასაქმებულთა რაოდენობა>0 (ყოველთვიური საშემოსავლო და სხვა დეკლარაციები);
- აქვს მოგება ან ზარალი (მოგების დეკლარაცია);
- გადაიხადა ნებისმიერი სახის გადასახადი, გარდა მხოლოდ ქონების გადასახადისა.




























