მეწარმეებს საჯარო პოლიტიკური აქტივობისთვის 20,000 ლარიანი ჯარიმა ემუქრებათ. “ქართული ოცნების” მთავრობის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან.
“ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მეწარმე სუბიექტს დააჯარიმებს 20,000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში - 40,000 ლარის ოდენობით", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, აღნიშნული და კიდევ სხვა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები გუშინ, „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც დაესწრო.
ხელისუფლება გეგმავს, სხვადასხვა კანონში ცვლილებების შეტანას, რაც ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობას კიდევ უფრო ართულებს. მაგალითად: "ქართული ოცნება" გრანტების შესახებ კანონს კიდევ უფრო ამკაცრებს; სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი; პოლიტიკური პარტიის წევრობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცვლილება განხორციელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში და პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, აეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.




























