ბელგიაში საყოველთაო გაფიცვის გამო ქვეყნის ორ მთავარ აეროპორტში დაგეგმილი რეისების უმრავლესობა ვერ შესრულდა. შეფერხებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება ბრიუსელშიც - ამის შესახებ უცხოური მედია იტყობინება.
საყოველთაო გაფიცვა წელს მიმდინარე საპროტესტო სერიების ბოლო ტალღაა, რომლითაც დემონსტრანტები მთავრობის მიერ დაინიციირებულ საპენსიო და შრომითი ბაზრის რეფორმებს აპროტესტებენ.
გაფიცვის გამო, ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩანიშნული ყველა ფრენა გაუქმდა, ისევე როგორც აეროპორტში ჩამომფრენი რეისების ნახევარი. გაფიცვაში ჩართული არიან აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები, რომლებიც ბარგის სკანირებაზე არიან პასუხისმგებლები.
ყველა რეისი გაუქმდა ბრიუსელიდან 60 კილომეტრით დაშორებულ შარლელრუას აეროპორტშიც, რომელიც ქვეყანაში სიდიდით მეორეა.
ფართომასშტაბიანი დემონსტრაციისთვის ათასობით ადამიანი ბრიუსელის ცენტრისკენ მატარებლით მიემართება.
გაფიცვის შედეგად ბრიუსელის მეტროს, მატარებლების, ავტობუსებისა და ტრამვაის ხაზების უმეტესობა გაითიშა - რაზეც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორმა STIB-მა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ისაუბრა. პოლიციის ცნობით, სამშაბათს დილით ქალაქში მოძრაობა კიდევ უფრო შეფერხდა დიდ ბულვარში რამდენიმე წერტილზე გაჩენილი ხანძრის გამო. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულია რამდენიმე მომიტინგე.
გაფიცულები ეწინააღმდეგებიან პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერის ხელმძღვანელობით მოქმედ ფედერალურ კოალიციას, რომელმაც სახელმწიფო ხარჯების შესამცირებლად რეფორმების სერია გამოაცხადა. პროფკავშირები ამტკიცებენ, რომ რეფორმა არა მხოლოდ მომავალი პენსიონერების შემოსავალს შეამცირებს, არამედ, სახელმწიფო პენსიების გაანგარიშების წესის შეცვლით, გაურკვევლობასაც შექმნის.




























