ბიუჯეტთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვივერი სამეფო სასახლეში მივიდა და მეფე ფილიპეს მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სამთავრობო კრიზისი მინისტრთა კაბინეტში ღამის გამართულმა უშედეგო კონსულტაციებმა გამოიწვია. კოალიციურმა პარტნიორებმა ბიუჯეტის პროექტზე შეთანხმება ვერ მიაღწიეს. ინფორმაციისთვის, ევროკავშირის ფისკალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ქვეყნის მთავრობას ხარჯების €10 მილიარდით შემცირება ევალებოდა.
ცნობისთვის, ბელგიის სახელმწიფო ვალი ამჟამად €735 მილიარდს აღემატება და მთლიანი შიდა პროდუქტის 110%-ზე მეტს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ დაშვებული ზღვარი 60%-ია. პრობლემად მიიჩნევა ისიც, რომ გასულ წელს ბიუჯეტის დეფიციტმა 5% შეადგინა. ევროპული რეგულაციებით კი მაქსიმალური დასაშვები ზღვარი 3%-ით არის განსაზღვრული.
რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, საბოლოო გადაწყვეტილება მონარქმა უნდა მიიღოს. თუ მეფე ფილიპე პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ბელგიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. მონარქს ასევე შეუძლია მთავრობის გადადგომის თხოვნა არ დააკმაყოფილოს ან საკითხის განხილვა დროებით შეაჩეროს.























