15-16 ნოემბერს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ევროკომისიის მიერ ორგანიზებული გაფართოების ფორუმი გაიმართება, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, სავარაუდოდ საქართველოს ბლოკში გაწევრიანების შესახებაც იმსჯელებენ. ფორუმზე საქართველოს ხელისუფლება, გასული წლის მსგავსად, მიწვეული არ არის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნოემბერში ბრიუსელში მაინც გაემგზავრება. იგი მონაწილეობას Euronews-ის მიერ ორგანიზებულ გაფართოების სამიტში მიიღებს, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართება.
BM.GE დაინტერესდა, როგორია ეკონომიკური კავშირი ბელგიასთან.
ვაჭრობა
სავაჭრო ბრუნვა
2026 წლის იანვარ-სექტემბერს, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 121.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 165.2 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა, რაც წლიურად ბრუნვის დაახლოებით 26.5%-იან კლებაზე მიუთითებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ბელგიას შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2020 წლიდან 2025 წლამდე სტაბილურად მზარდი იყო და 2025 წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია:
- 2020 წელი: 99.3 მლნ აშშ დოლარი
- 2021 წელი: 113.5 მლნ აშშ დოლარი
- 2022 წელი: 149.3 მლნ აშშ დოლარი
- 2023 წელი: 166.1 მლნ აშშ დოლარი
- 2024 წელი: 176.2 მლნ აშშ დოლარი
- 2025 წელი: 203.6 მლნ აშშ დოლარი
იმპორტი
ორმხრივ ვაჭრობაში ძირითადი წილი ბელგიიდან საქართველოში შემოსულ საქონელზე მოდის. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში იმპორტის მოცულობამ 118.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26.8%-იანი კლებაა.
მიუხედავად ამისა, 2020-2025 წლებში საქართველოში ბელგიიდან იმპორტი უწყვეტად იზრდებოდა: 2020 წლის 81.3 მლნ აშშ დოლარიდან 2025 წელს თითქმის 198.7 მლნ აშშ დოლარამდე ავიდა.
TOP 10 პროდუქტი, რომელიც საქართველოს ბელგიიდან შემოაქვს (2026, 9 თვე):
| # | საქონლის დასახელება | მოცულობა (ათასი აშშ დოლარი) |
| 1 | ნავთობი და ნავთობპროდუქტები | 19 164.5 |
| 2 | მსუბუქი ავტომობილები | 8 539.0 |
| 3 | ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი | 6 003.2 |
| 4 | ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები | 5 378.1 |
| 5 | ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები | 5 156.7 |
| 6 | სატვირთო ავტომობილები | 3 716.3 |
| 7 | შაქარი | 3 615.3 |
| 8 | შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები | 3 365.8 |
| 9 | სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები | 2 962.7 |
| 10 | ბოსტნეული სხვა, ძმრის დამატების გარეშე, დამზადებული ან დაკონსერვებული, გაყინული | 2 826.6 |
ექსპორტი
2026 წლის იანვარ-სექტემბერში ბელგიაში საქართველოდან ექსპორტმა 3.33 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 8.95%-იანი კლებაა.
TOP 10 პროდუქტი, რომელიც საქართველოდან ბელგიაში გაგვაქვს (2026, 9 თვე):
| # | საქონლის დასახელება | მოცულობა (ათასი აშშ დოლარი) |
| 1 | მსუბუქი ავტომობილები | 2 062.8 |
| 2 | მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით | 442.4 |
| 3 | მანგანუმის ოქსიდები | 181.4 |
| 4 | თხილი და სხვა კაკალი | 148.6 |
| 5 | ყურძნის ნატურალური ღვინოები | 125.6 |
| 6 | პოლიმერები ვინილაცეტატის ან სხვა რთული ვინილის ეთერებისა პირველადი ფორმებით | 98.2 |
| 7 | ნაყოფები სხვა, ახალი | 91.2 |
| 8 | რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი | 67.0 |
| 9 | ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი | 31.0 |
| 10 | ელექტროტექნიკური და ელექტრონული ნაწარმის ნარჩენები და ჯართი | 26.5 |
საქართველოდან ბელგიაში ექსპორტის პიკი 2022 წელს დაფიქსირდა (28.7 მლნ აშშ დოლარი), რის შემდეგაც კლების ტენდენცია გამოიკვეთა: 2023 წელს – 24.9 მლნ, 2024 წელს – 10.8 მლნ, ხოლო 2025 წელს ექსპორტმა 4.95 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ტურიზმი
2026 წლის პირველ ორ კვარტალში (6 თვეში) ბელგიიდან 4 319 ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (3 678 ვიზიტი) 17.4%-ით აღემატება.
საქსტატის თანახმად, ბელგიიდან შემოსული მოგზაურების სტატისტიკა აღმავალ ტენდენციას აჩვენებს. პანდემიური ჩავარდნის შემდეგ, ნაკადები არა მხოლოდ აღდგა, არამედ 2019 წლის პანდემიამდელ ნიშნულსაც (9 247 ვიზიტი) მნიშვნელოვნად გადააჭარბა: 2024 წელს 10 093 ვიზიტი, ხოლო 2025 წელს – ისტორიული მაქსიმუმი, 10 849 ვიზიტი დაფიქსირდა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
2026 წლის პირველ 6 თვეში ბელგიიდან შემოსულმა პირდაპირმა ინვესტიციებმა 3.44 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის პირველი ნახევრის შედეგს 5-ჯერ აღემატება და თითქმის უტოლდება 2025 წლის მთლიან წლიურ მოცულობას (3.73 მლნ აშშ დოლარი).
ფულადი გზავნილები
ბელგიიდან საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წლების განმავლობაში სტაბილური ზრდით ხასიათდება. თუ 2020 წელს ქვეყნიდან 6.2 მლნ დოლარი გადმოირიცხა, 2025 წელს მოცულობამ 17 მლნ დოლარს გადააჭარბა.
2026 წლის 9 თვეში კი ბელგიიდან საქართველოში 14.47 მლნ დოლარი გადმოირიცხა.
























