ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი „ინფანტილურ პოლიტიკას“ უწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 3 ნოემბერს ევრონიუსის გაფართოების სამიტის ფარგლებში ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც კობახიძე ირწმუნებოდა, რომ ევროინსტიტუციები ბიუროკრატიულია და ისინი უნდა შეიცვალოს.
BMG tv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ თემაზე „EU-ს გაფართოება - იხურება თუ არა შესაძლებლობების ფანჯარა საქართველოში“ საუბრისას კახა გოგოლაშვილის გაკვირვებას აფიქსირებს, იმასთან დაკავშირებით როგორ შეიძლება კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის პრემიერმა ევროპის დედაქალაქში ასე ისაუბროს და გაწევრიანების პროცესში მყოფმა განაცხადოს, რომ ისინი მხოლოდ მათთვის მისაღებ რეკომენდაციებს შეასრულებენ.
„კობახიძემ ძალიან საინტერესო რაღაც თქვა, რომ იმ რეკომენდაციებს მიიღებდა, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიან და დანარჩენებს არ მიიღებდნენ. ჟურნალისტი ძალიან კვალიფიციური იყო და გაიკვირვა, როგორც შეიძლება ასეთი მიდგომა, როდესაც საქართველო წევრიანდება და უნდა მივიღოთ ის პირობები და რეკომენდაციები, რომელიც არის.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იმიტომ არის გაწერილი და სტრუქტურირებული, გაწერილი თავებად და კლასტერებად, რომ არსებული პირობები სრულად დაკმაყოფილდეს. შეიძლება მოლაპარაკებები იმაზე მიმდინარეობდეს - რა ფორმით, რა უპირატესობით და ვადებში დაკმაყოფილდება ეს მოთხოვნები.
გასაკვირია, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის პრემიერ-მინისტრისგან ასეთი არ ვიცი უცოდინრობის თუ მიუღებელი ხედვის გაჟღერება, თანაც ბრიუსელში, სადაც ყველამ კარგად იცის, რომ ეს მიუღებელი ხედვაა. იმაზე აქცენტირება, რომ ევროკავშირის ყველა ინსტიტუტები ბიუროკრატიაა, რომელიც უნდა შეიცვალოს, იქნებ შევატრიალოთ ეს კითხვა და 500 მილიონიან ევროკავშირში ამ ინსტიტუტების და იქ ხალხის ცვლილება კი არ მოვითხოვოთ, არამედ უფრო ადვილია საქართველოში შეიცვალოს და მიესადაგოს.
თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, და ევროკავშირი ამ მთის ალეგორიაა, მაშინ ჩვენ უნდა მივიდეთ მთასთან. ის როგორიც არის ისეთია და ვერ შეიცვლება. მე არ ვიცი ეს შეცდომაა, თუ პოლიტიკური თამაშების ასეთი გამოყენებული ილეთია. ეს ფუნდამენტური ხედვა თუ არ ჩამოყალიბდა და არ შეიცვალა, რაღაც მომენტში მოხდა ამ ხედვის ცვლილება, რადგან ეს კანდიდატის სტატუსი კარგად ესმოდათ და უნდოდათ მისი მიღება. ღარიბაშვილის დროსაც იყო ამის პრეტენზიები რომ ამას არ შევასრულებთ, იმას არ შევასრულებთ, მაგრამ შედარებით მცირე და კარგად იყო გაცნობიერებული ქვეყნის ევროკავშირში შესვლას - ამ უდიდეს ისტორიულ და აბსოლუტურის სარგებლიანობის მქონე ამოცანას. ამიტომ ამ მომენტში პრეტენზიები უნდა გაქრეს. უცებ რაღაც მომენტში რაღაც მომენტში მოხდა გარდატეხა და გაჩნდა, ის რომ თუ ჩვენ არ მოგვწონს არ შევალთ - ეს ყველაფერი საბავშვო თამაშებია, ინფანტილური პოლიტიკაა, რომელიც სერიოზული სახით და ფორმით არის წარმოდგენილი ბრიუსელში. ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ ლაპარაკი დამატებით დეტალებზე - რა შესრულდა და რა არ შესრულდა... უბრალოდ მთლიანად ხედვა არასწორი და შეცდომაში შემყვანია. არ ვიცი ამას რა ეშველება“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
ის განმარტავს, რომ დღეს ევროინსტიტუციები საქართველოსგან დემოკრატიული პროცესების განვითარებას ითხოვენ.
„საბოლოო ჯამში ევროკავშირი და ევროკომისია ჩვენ გვთხოვს მეტად ფოკუსირებას იგივე ასოცირების შეთანხმებისა და უფრო ფართოდ ევროკავშირთან ურთიერთობის ისეთი სფეროს მიმართულებით როგორიც არის ქვეყანაში დემოკრატიის განვითარება. ჩვენს ურთიერთობებში ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოს დემოკრატიული ჩამორჩენა, უკუსვლა და არამხოლოდ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, არამედ მასთან დამყარებულ ურთიერთობების კონტექსტში შემაფერხებელია. ეს ურთიერთობები ამ მომენტში არის ასოცირების შეთანხმება და მისგან გამომდინარე ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო რეჟიმი და თავისთავად უვიზო რეჟიმი, რომელიც ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარეობს, მაგრამ ევროკავშირის ცალკეული გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
ევროკავშირის პოლიტიკის მკვლევარი აცხადებს, რომ პრემიერისა და მთავრობის ასეთი არასწორი განცხადებების მიზანი დემოკრატიული სამყაროს პერსპექტივიდან საქართველოს ჩახსნაა.
„ჩვენ ვისმენთ არასერიოზულ და ინფანტილურ განცხადებებს, ოღონდ თითქოს სერიოზული ხალხისგან. ასეთი განცხადებების გაჟღერების შედეგი შეიძლება იყოს საქართველოს გარიყვა და ჩახსნა ევროინტეგრაციის პროცესიდან და არამარტო. ეს ყველაფერი არის საქართველოს ჩახსნა დემოკრატიული სამყაროს პერსპექტივიდან.
რადგან გარემო გეოპოლიტიკური გახდა, ჩვენ ვხედავთ ორ შესაძლებლობას - არის ევრაზიული სივრცე, სადაც ძირითადად ავტორიტარული ტენდენციებია და ავტორიტარული სამყაროს კონსოლიდაცია ხდება. და არის ევროპული და დემოკრატიული, დასავლური კონსოლიდაციის სამყარო. ჩვენ ასეთი საუბრით არამხოლოდ ევროკავშირში შესვლის პერსპექტივა გვესპობა, არამედ მთლიანად ასეთი დემოკრატიული სამყაროს ელემენტად ჩამოყალიბების და მათთან ურთიერთობის. ჩვენ გადავისვრით ჩვენს თავს ევრაზიულ სივრცეში, რომელიც სტაბილურად რამდენი ხანი დარჩება არ ვიცით. როგორც ჩანს გათვლილია და ასეთი გეგმა არსებობს, რომ საქართველომ თავი დაანებოს ამ დემოკრატიზაციის მცდელობას და მყარად ჩაჯდეს ამ ავტორიტარულ სივრცეში როგორც მათი წევრი“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
























