მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბელგრადში ქართული რესტორანი "ქართული სუფრა" იხსნება - რას შესთავაზებს მომხმარებელს?

ბელგრადი

სერბეთის დედაქალაქში, ბელგრადში, ახალი ქართული რესტორანი „ქართული სუფრა“ გაიხსნება. რესტორნის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ჭანტურია BM.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ოფიციალური გახსნა 17 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

სალომე ჭანტურია და მისი ოჯახი უკვე ექვსი წელია სერბეთში ცხოვრობენ და დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდნენ ქართული რესტორნის გახსნაზე, რომელიც სრულად ქართული იქნებოდა და მომხმარებელს ნამდვილ, ავთენტურ გემოებს შესთავაზებდა.

როგორც ჭანტურია აღნიშნავს, „ქართული სუფრა“ მთლიანად ქართული რესტორანია: ტრადიციული კერძებით, ავთენტური გემოთი და ქართული სტუმართმოყვარეობის ატმოსფეროთი. რესტორნის გუნდი 30–40 ადამიანს მოიცავს, მათ შორის ქართველებსა და სერბებს.

„იდეის განხორციელების პროცესში შევხვდით ნიჭიერ ქართველ შეფს, შოთა ლოლაშვილს, და რამდენიმე სხვა მონდომებულ ახალგაზრდა შეფსაც. ჩვენი ბრენდ შეფის, გიორგი სარაჯიშვილის დახმარებით შევქმენით მენიუ, რომელიც ავთენტურად გადმოსცემს ქართულ გემოებს სერბულ ბაზარზე. მომხმარებლებს სრულად ქართულ სამზარეულოს შევთავაზებთ. ჯამში 40-მდე ადამიანს ვასაქმებთ და დღეში შეგვიძლია 300–400 სტუმრის მიღება,“ – განაცხადა მან.

რესტორნის გახსნის პროცესში, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სალომე ჭანტურია საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო ხელშეკრულების არარსებობას ასახელებს, რის გამოც პროდუქციის იმპორტი რთულია და გადასახადებიც მაღალია. მიუხედავად ამისა, „ქართული სუფრა“-ს გუნდმა ქართული ინგრედიენტების ჩამოტანა მაინც შეძლო, რაც სამზარეულოს ავთენტურობას კიდევ უფრო ზრდის.

„დიდი მოტივაცია იყო ქართული სამზარეულოს გაცნობა სერბი ხალხისთვის, რადგან ბაზარი საკმაოდ დიდია, და გვჯეროდა, რომ ეს ობიექტი წარმატებული იქნებოდა. ძალიან გვენატრებოდა ნამდვილი, ავთენტური ქართული გემოები, რამაც გვიბიძგა, რომ ნამდვილი ქართული რესტორანი გაგვეხსნა,“ – განაცხადა ჭანტურია.

პერსონალის მომზადება განსაკუთრებულ გამოწვევად მოიაზრება: სერბი მომსახურე პერსონალი თავიდან ქართულ კერძებს არ იცნობდა : „ყველა ჩვენს მომსახურე პერსონალს გავაცანით ქართული სამზარეულო და გავატარეთ ტესტინგები,“ – აღნიშნა მან.

რესტორნის გახსნისთვის ქართველმა ემიგრანტებმა დაახლოებით 1 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელეს, ხოლო სამომავლო გეგმებში ფილიალების გახსნა და გაფართოება იგეგმება. გარდა ამისა, სალომე ჭანტურია აცხადებს, რომ 2026 წლის მარტში ახალი, განსხვავებული კონცეფციის ქართული რესტორანი გაიხსნება, რომლის ინვესტიცია 2 მილიონ ევროს მიაღწევს, თუმცა სხვა დეტალების გაჟღერებას ჯერჯერობით თავს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები