მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბერლინის საერთაშორისო გამოფენაში 15 ქართული კომპანია მონაწილეობს

ლევან იზორია ბერლინი

ბერლინის საერთაშორისო გამოფენაში „მწვანე კვირეული 2024“ 15 ქართული კომპანია მონაწილეობს. გამოფენის გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძეც დაესწრო.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქციის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე გადის როგორც გერმანიაში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში. "მსგავს მარკეტინგულ ღონისძიებებში მონაწილეობით, სახელმწიფო ხელს უწყობს ქართული ხარისხიანი აგროპროდუქციის ცნობადობის ზრდას და რეალიზაციას“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს, საქართველოს სტენდზე 15 კომპანიის (შპს ჩელთის, შპს აჩინებულის, შპს თორელი ვაინსის, შპს დაბის, სს თელიანი ველის, შპს გემუანის, ი/მ გოჩა ოთარაშვილის, შპს მარნეულის სასურსათო ქარხნის, შპს მტევინოს, შპს თენგიზ ბალუაშვილის ქართული ვაზი და ღვინის, შპს თიემთის, შპს ქართული ლიმონათის, შპს ტერაქისი ღვინოების, შპს ჩემპის, შპს მაისტერ ბრაუს) პროდუქცია - თაფლი, ალკოჰოლიანი სასმელები (ღვინო, ჭაჭა, კონიაკი), ნატურალური წვენები, ჩირი, ჩაი, ჩურჩხელა, ტყემალი, საწებელი, ხილის ჩიფსები, ქართული სუნელები არის წარმოდგენილი.

სამინისტროს ცნობით, წარმოდგენილი პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. გამოფენის მონაწილე კომპანიებიდან 8 სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია.

გამოფენის გახსნაზე გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ ყოველ წელს მატულობს ქართული პროდუქციის ცნობადობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

„გამოფენაში მონაწილეობა საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი გაიზარდოს ევროპის ბაზარზე, კონკრეტულად კი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. გამოფენის ფორმატი იძლევა ორმხრივი შეხვედრების შესაძლებლობასაც, რომლის ფარგლებშიც ასევე მოხდება ქართულ პროდუქციის პოპულარიზაცია“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

გამოფენაში მონაწილეობას იღებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც, რომელიც დამთვალიერებლებს საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს და მიმართულებებს აცნობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ საქართველოს სტენდთან, სომხეთის ეკონომიკის მინისტრს ვაჰან კერობიანს უმასპინძლა და წარმოდგენილი პროდუქცია გააცნო. თენგიზ ნასარიძემ შეხვედრები გამართა ესტონეთის რესპუბლიკის რეგიონული ურთიერთობების და სოფლის მეურნეობის მინისტრ მადის კალასთან და ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრ არმანდს კრაუზესთან.

წელს გამოფენაზე „მწვანე კვირეული 2024“ (Gruene Woche 2024) სხვადასხვა ქვეყნის 1400-ზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა კი, 400000-ზე მეტს აღწევს.

ბერლინის საერთაშორისო გამოფენა „Gruene Woche” 1926 წლიდან, უკვე 98 წელია ყოველწლიურად იმართება. გამოფენა 29 იანვარს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები