მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბერლინში “8000 მოსავალი” გაიხსნა - "გვინდა, ბერლინელებს შევაყვაროთ ქვევრის ღვინო და ქართული ჯიშები"

64b4db06893e1
ნანუკა ნარიმანიძე
17.07.23 10:40
3901
ღვინის მაღაზია “8000 მოსავალი” საერთაშორისო განვითარებას იწყებს. კომპანია გლობალურ ბაზარზე გავიდა და მაღაზია გერმანიაში, კერძოდ ბერლინში გახსნა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ირაკლი ჩხაიძემ BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

“ბერლინია პირველი ქალაქი ქვეყნის გარეთ, სადაც ჩვენი მაღაზია-ბარი გაიხსნა. ზუსტად იგივე შინაარსის, რაც არის საქართველოში. ეს გულისხმობს იმას, რომ გაიყიდება მხოლოდ ქართული ღვინო, იქნება მაღაზია და ბარი ერთად. ყველა ღვინო, რომელიც ამ ქალაქში გაიყიდება, ჩვენ მიერ იქნება შერჩეული საქართველოში. გერმანია ყველაზე მეტ იმპორტირებულ ღვინოს სვამს მთელ მსოფლიოში და ბერლინი განსაკუთრებით გამოირჩევა სხვა ქალაქებს შორის, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, დაგვეწყო ამ ქალაქიდან. მაღაზია ქალაქის ცენტრში - კროიცბერგში მდებარეობს, სადაც შეგვიძლია 120 სტუმარს ვუმასპინძლოთ”, - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, ბერლინში არსებულ მაღაზიაში დღეს 230 დასახელების ღვინოა წარმოდგენილი, ეს რიცხვი კი სექტემბრისთვის 500-600-მდე გაიზრდება.

“ახლა მთავარია, ბერლინელებს შევაყვაროთ ქვევრის ღვინო და ქართული ჯიშები, გვინდა ავამაღლოთ ცნობადობა ქართული ღვინის შესახებ. მათთვის უცხოა ეს გემო, თუმცა ძალიან ბევრია საქართველოში ნამყოფი და ბევრიც იციან საქართველოს და ქართული ღვინის შესახებ თეორიულად, ამიტომ ძალიან დიდ ინტერესს გამოხატავენ. ამ ეტაპზე მაღაზიაში 15-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული, გუნდი ქართველებისგან და გერმანელებისგან შედგება”, - დასძინა მან.

ირაკლი ჩხაიძემ კომპანიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2024 წლიდან კომპანია კიდევ გაფართოვდება.

“8000 მოსავლის მისიაა მსოფლიოს შეაყვაროს და ხელმისაწვდომი გახადოს კარგი ქართული ღვინო. სამომავლოდ კომპანია გააგრძელებს ამ გზას მისი მისიიდან გამომდინარე. ამასთან, 2024 წელს საქართველოშიც დავამატებთ კიდევ მაღაზია-ბარს”, - თქვა მან.

ცნობისთვის, "8000 მოსავალი“ 2016 წელს დაარსდა, კომპანია საქართველოში ამჟამად ხუთი მაღაზიით არის წარმოდგენილი, აქედან 4 თბილისში, ხოლო 1 - ბათუმშია. "8000 მოსავლის" გუნდი ჯამში 140 ადამიანს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები