მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ბეტონის ქარხნიდან - ობიექტამდე” - რა ინოვაციურ სტანდარტს ამკვიდრებს Besti Group-ი სამშენებლო სექტორში?

besti group
23.09.25 15:00
1146

2012 წლიდან საქართველოს სამშენებლო ბაზარზე Besti Group ოპერირებს, რომელიც ინდუსტრიული და დეკორატიული იატაკების მოწყობისა და ბეტონისა და ბეტონის ნაკეთობების წარმოებაზე სპეციალიზებული კომპანიაა და, 13-წლიანი გამოცდილებით, სრულებით ახლებურ სტანდარტს ამკვიდრებს.

Besti Group-ის საქმიანობა ინდუსტრიული და დეკორატიული იატაკების მოწყობის სრულ ციკლს მოიცავს; ყველა საჭირო ეტაპს, რაშიც მოიაზრება საფუძვლის მომზადების, ბეტონის იატაკის მოწყობის, ჰიდროიზოლაციისა და ძველი იატაკების განახლების სამუშაოები. მათი პორტფოლიო მოიცავს როგორც სამრეწველო, ასევე დეკორატიულ, მათ შორის მიკროცემენტის, პოლიმერული, ტერაცოს, ქვის ხალიჩისა, ბეჭდური ბეტონის იატაკების მოწყობის სამუშაოებს და ამ სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკა-დანადგარებსა და სანიაღვრე სისტემებს.

რაც მთავარია, 2023 წლიდან Besti Group-მა საკუთარი, ევროპული სტანდარტების ბეტონის ქარხანა გახსნა, რითაც სამშენებლო სამუშაოებში გამოყენებული ბეტონის უწყვეტ ხარისხს უზრუნველყოფს.

თუ რა სერვისებს სთავაზობს Besti Group-ი სამშენებლო ბაზარს და ვის შეუძლია ამ სერვისებით სარგებლობა - ამ საკითხებზე BMG კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელს, ნინი კოხრეიძეს ესაუბრა.

რა საჭიროება დაინახეთ ქართულ ბაზარზე "ბესტი ჯგუფი" -ის შექმნამდე და როგორ პასუხობს ამ საჭიროებას კომპანიის საქმიანობა?

„ბესტი ჯგუფი"-ის შექმნამდე ჩვენი გუნდი უკვე აქტიურად საქმიანობდა სამრეწველო იატაკების სფეროში,ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე მომხმარებლებს სთავაზობდა თანამედროვე, ხარისხიან სერვისს. ჩვენი მიმართულება საქართველოში ინოვაციური იყო, დროთა განმავლობაში კი, ცნობადობის ზრდასთან ერთად, სერვისზე მოთხოვნაც გაიზარდა.

კომპანიას გააჩნია დიდი რესურსი, რაც მოიცავს თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ავტოპარკს, ჩვენს საკუთრებაში არსებულ ტექნიკა-დანადგარებს, გამართულ მატერიალურ-ტექნიკური ბაზასა და კვალიფიცირებულ მუშახელს, რაც გვაძლევს საშუალებას, სამუშაოები შევასრულოთ შეუფერხებლად და მაღალი ხარისხით.

დღესდღეობით ბაზარზე დამკვეთებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სამუშაოების ხარისხს, არამედ მათ დროულ შესრულებასაც.

რატომ ბეტონის ინდუსტრიული და დეკორატიული იატაკების მიმართულება, რა სერვისებს აერთიანებს ის და ვისზეა გათვლილი?

ბეტონის ინდუსტრიული და დეკორატიული იატაკები დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მრავალმხრივი გადაწყვეტილებაა, რომელიც ეხმიანება თანამედროვე მოთხოვნებს: გამძლეობა, პრაქტიკულობა, ესთეტიკა და მარტივი მოვლა.ჩვენი მიდგომა ინდივიდუალურია, მომხმარებელს ვთავაზობთ როგორც მაღალი, ისე საშუალო ბიუჯეტის გადაწყვეტილებებს.

ჩვენი სერვისები გათვლილია როგორც კერძო, ასევე სამშენებლო და კომერციული სექტორებზე. განსაკუთრებით აქტიურად ვმუშაობთ ისეთ ობიექტებზე, როგორებიცაა: კომერციული ფართები, საწარმოები, სასაწყობე მეურნეობები, ღვინის სამრეწველო ობიექტები, სამედიცინო დაწესებულებები, საცხოვრებელი კორპუსები, სასტუმროები, კერძო სახლები, და საგზაო სამუშაოები.

როგორ შეაფასებდით მოთხოვნას ამ სერვისზე და რამდენად არის ის კონცენტრირებული თბილისიდან ან საქართველოს რომელიმე კუთხიდან?

სამშენებლო სფეროს განვითარებასთან ერთად, ჩვენი სერვისზე მოთხოვნაც იზრდება. მომხმარებლებმა კარგად დაინახეს, რომ ბეტონის იატაკი არის თანამედროვე, პრაქტიკული და ხარჯთეფექტური გადაწყვეტილება, რომელიც არ საჭიროებს მუდმივ განახლებას ან განსაკუთრებულ მოვლას.

ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა გვაქვს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა აქტივობა რეგიონებში, განსაკუთრებით კახეთსა და სამეგრელოში.

"ბესტი ჯგუფის" მიერ შესრულებულ რომელიმე პროექტს ხომ არ გამოარჩევდით, რომელიც განსხვავდება სხვებისგან მასშტაბის ან დანიშნულების გამო?

წლების განმავლობაში ჩვენი გუნდი მრავალი მასშტაბური და გამორჩეული პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული, რაც ჩვენთვის დიდი პატივი და მოტივაციის წყაროა. ამ ეტაპზე, განსაკუთრებით დატვირთული და გამოწვევებით სავსე პერიოდი გვაქვს,ერთდროულად ვმუშაობთ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე.

Construction Service-ის დაკვეთით ვასრულებთ სამრეწველო იატაკების მოწყობის სამუშაოებს, მათ შორის საფუძვლის მომზადებას. პარალელურად ვარკეთილი მოლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს იატაკის მოჭიმვისა და სამრეწველო იატაკის მოწყობის სამუშაოები, რომლის საერთო ფართობი დაახლოებით 30,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

ამავდროულად აქტიურად ვმუშაობთ „აგროჰაბის“ ახალ ობიექტსა და სასტუმრო „ტელეგრაფის“ სარესტორნო სივრცეებში იატაკის მოწყობაზე. გარდა ამისა, დავიწყეთ სამუშაოები ავტობუსების ახალ სადგომზე, რომლის ფართობი 33,000 კვადრატულ მეტრზე მეტია.

კომპანიამ რამდენიმე წლის წინ ბეტონის ქარხანაც გახსნა - სად მდებარეობს ის და რა საწარმოო სიმძლავრეებზეა საუბარი?

2023 წელს „ბესტი ჯგუფმა“, პროექტი „აწარმოე საქართველოში“-ს მხარდაჭერით, გახსნა ბეტონის ქარხანა, რომელიც მდებარეობს თბილისის შემოვლით გზაზე. ქარხანა სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკა-დანადგარებით.

ბეტონის წარმოების გარდა, ვამზადებთ სხვადასხვა ბეტონის ნაკეთობებს, მათ შორის: ბორდიურებს, ლეგო ბლოკებს, ეზოს მოსაპირკეთებელ ფილებს, სამშენებლო ბლოკებსა და სანიაღვრე არხებს. ჩვენი პროდუქცია ლაბორატორიულად მოწმდება ჩვენს ლაბორატორიაში, რაც ხარისხისა და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის გარანტიაა.

2023 წლიდან დღემდე ბეტონის საწარმო წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ვაწარმოებთ სხვადასხვა მარკისა და დანიშნულების ბეტონს, დამკვეთის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ვთანამშრომლობთ როგორც კერძო, ისე კომერციული სექტორის წარმომადგენლებთან.

რატომ გადაწყვიტეთ ბაზარზე საკუთარი ქარხნით შემოსვლა, როგორი იყო "ბესტი ჯგუფის" სამუშაო პროცესები ქარხნის აშენებამდე და მას შემდეგ?

ინდუსტრიული იატაკის მოწყობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ შესრულების ხარისხზე, დაახლოებით 70%-ს შესრულების დროს ბეტონის ხარისხი განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომსახურების დროს დარწმუნებული ვიყოთ, რომ ვმუშაობთ მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტით . ბეტონის ქარხნის გახსნის გადაწყვეტილება სწორედ ამ მიზეზით მივიღეთ, გვინდოდა, გვქონოდა სრულყოფილი კონტროლი მთელ პროცესზე. ამგვარად, შემოვიტანეთ ერთიანი პრინციპი – „ბეტონის ქარხნიდან - ობიექტამდე“.

რამდენად ჭრის საკუთარი ქარხნის ოპერირება იმპორტზე დამოკიდებულების პრობლემას, რომელიც სამშენებლო სექტორში საკმაოდ თვალსაჩინოდ ჩანს?

ჩვენი საქმიანობა, გარკვეულწილად, დამოკიდებულია იმპორტზე . იატაკის მოწყობისთვის საჭირო მასალების, ტექნიკისა და პროდუქციის უმეტესი ნაწილი უცხოეთიდან შემოგვაქვს.

ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ რამდენიმე საერთაშორისო მწარმოებელთან და ვართ მათი ექსკლუზიური წარმომადგენლები საქართველოში. ჩვენი პარტნიორები მოიცავს იტალიურ, ამერიკულ, პოლონურ, თურქულ და ჩინურ კომპანიებს, რაც საშუალებას გვაძლევს, ქართულ ბაზარს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სერვისები.

რაც შეეხება ბეტონის წარმოებას, ამ მიმართულებით სრულად ვიყენებთ ადგილობრივ რესურსებს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და ამავდროულად ავითარებს ადგილობრივ ბაზარს.

მოგვიყევით სამომავლო გეგმების შესახებ - რა შეგვიძლია უკვე დავაანონსოთ მკითხველისთვის?

მიმდინარე ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ ახალ, ექსკლუზიურ პროდუქტებზე, კერძოდ, ტერაცოსა და ფიბრობეტონის ნაკეთობების წარმოებაზე, მათ შორის ნიჟარებზე, საფეხურებზე, დეკორატიულ ფილებსა და საფასადე მასალებზე. ეს პროდუქცია განსაკუთრებით მოთხოვნადია თანამედროვე არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში, და გვჯერა, რომ მისი ხელმისაწვდომობა ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს მომხმარებლებს.

პარალელურად, ვმუშაობთ ჩვენი სერვისის განვითარებაზე, ვავითარებთ ტექნოლოგიებს, ვზრდით შესრულების ხარისხს და ვაუმჯობესებთ მომსახურების სტანდარტებს.

დღესდღეობით კი Besti Group-ის ანგარიშზეა 3000-ზე მეტი დასრულებული პროექტი, 10-მდე დასახელების სერვისი, 120 სამუშაო ადგილი და სწრაფი და ხელმისაწვდომი მომსახურება.

რაც მთავარია, კომპანია აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენებში, როგორებიცაა: თურქეთი – Yapi Fuari, Turkeybuild Istanbul 2019, გერმანია –Buama 2019 Germany, Munich, აშშ, ლას-ვეგასი – World of Concrete 2020 Las Vegas, USA, ესპანეთი – Cuvecrete Distibution Workshop, პოლონეთი – Warsaw Workshop, დუბაი - The BIG 5, საბერძნეთი-Build Expo Greece 2025 და სხვა, რაც Besti Group-ის და, შესაბამისად, აქ დასაქმებული ადამიანების განვითარებსა და კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები