მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბევრ ქსელთან ვერ ვთანამშრომლობთ, რადგან მისი პირობები არანაირად არ იტევს ბიზნესის ელემენტარულ გაგებას - „ევროპროდუქტის“ დირექტორი

 გიორგი თავდიშვილი

„ევროპროდუქტის“ დირექტორი გიორგი თავდიშვილი ამბობს, რომ „ქეშბექი” არის ლამაზად შეფუთული ინსტრუმენტი და როგორც ცნება "ქეშბექი" ადრე არც არსებობდა.

აღნიშნულის შესახებ მან პარლამენტის კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობდა.

“ოცნების” დეპუტატის ნინო წილოსანის კითხვას - უარყოფთ, რომ ქეშბექი ქსელების დაწესებულია? გიორგი თავდიშვილმა უპასუხა, რომ თავად წილოსანმა თქვა, რომ "კარფურმა" შემოიტანა.

"თქვენ თვითონ არ ბრძანეთ, კარფურმა შემოიტანაო?! წეღან ითქვა... რეალურად იმათ [კარფურმა] ჩადეს ეს. რეალურად, ყველა ქალიშვილები ვართ კარფურთან შედარებით. იმათი პირობები საერთოდ ჯოჯოხეთია", - უპასუხა გიორგი თავდიშვილმა.

თავდიშვილი ასევე ამბობს, რომ „ევროპროდუქტი" ბევრ ქსელთან ვერ თანამშრომლობს, რადგან სავაჭრო ქსელებს მკაცრი პირობები აქვთ და ხშირად ქსელები რისკების სრულად გადატანას მომწოდებელზე ცდილობენ.

"ჩვენ ბევრ ქსელთან ვერ ვთანამშრომლობთ იმიტომ, რომ მისი პირობები არანაირად არ იტევს ბიზნესის ელემენტარულ გაგებას. მას უნდა შენი მეშვეობით აკეთოს ფული, მთელი რისკები შენ აიღო, თუ გაყიდა კარგი, თუ არადა მოგაყრის პროდუქტს. რასაც გაყიდის იმის ფულსაც ამ ცხოვრებაში თუ მოესწარი, კარგი იქნება“,- აცხადებს თავდიშვილი.

მისი განმარტებით, კომპანიას ხშირად აკრიტიკებენ მაღალი ფასების გამო, თუმცა მისი თქმით, რეალურად ქსელის ხარჯების სტრუქტურა განსხვავებულია.

როგორც ის აღნიშნავს, „ევროპროდუქტის“ მაღაზიების ნახევარზე მეტი თავად კომპანიას ეკუთვნის, რის გამოც ხარჯებში არ შედის ქირა, რაც სხვა ქსელების შემთხვევაში მოგებას ამცირებს.

მისი თქმით, სწორედ ეს ქმნის ილუზიას, თითქოს კომპანია განსაკუთრებით მაღალი მოგებით მუშაობს.

დირექტორი აღნიშნავს, რომ კომპანია არ არის ორიენტირებული პირველადი მოხმარების იაფ პროდუქტებზე, მისი თქმით, ეს პროდუქტები მათთვის ფასის ფორმირებაში გადამწყვეტი არ არის.

"ჩვენ ვაკეთებთ განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის პროდუქციის იმპორტს. როდესაც ამ საქმიანობას ვიწყებდით, ევროპიდან 1 კგ კარაქი, დაახლოებით 1.60 ევრო ღირდა. დღეს კარაქი ოფიციალური მწარმოებლისგან ასაღები ფასი არის 9 ევრო და არც კი განიხილავენ ნებისმიერ საუბარს ფასდაკლებაზე და პრივილეგიებზე, რადგან სურსათის დეფიციტია და სერიოზულ ბრენდებს საოცარი რეალიზაცია აქვთ. წარმოიდგინეთ, პირიქით გვჭირდება კვოტები იმისთვის, რომ პროდუქცია მიიღო და გქონდეს დახლზე.

ჩვენს მოგებას რაც შეეხება, სხვა ქსელებისგან განსხვავებით, ჩვენი მაღაზიების 50%-ზე მეტი გვეკუთვნის ჩვენ თვითონ. ხარჯებში არ არის ნაჩვენები საიჯარო ქირა, რაც სხვა ქსელების შემთხვევაში ამცირებს მოგებებს. ეს სხვებს უქმნის ილუზიას, რომ ჩვენ ძალიან მაღალი მოგებით ვმუშაობთ.

ჩვენ არ ვყიდით პირველადი მოხმარების იმ პაკეტს, რომელიც გინდა თუ არა ჩვენთვის წარმოადგენს მაფორმირებელს. წიწიბურა და მსგავსი პროდუქცია თავის ფასშიც რომ გავყიდოთ, საერთოდ არ არის ეს ჩვენთვის მდგენელი და არ არის პრობლემა. ზეთებზე როცა არის საუბარი, არ შეიძლება ის ზეთები, რომლებიც ჩვენთან იყიდება, კონკურენციაში დააყენო, რადგან სხვა საფასო სეგმენტშია.

იცით ჩვენ როგორ გვიყურებენ? - როგორც ბურჟუაზიას. ჩვენთან არც კი შემოდის ხშირად შეშინებული მომხმარებელი. ცნობილი გამონათქვამებია რომ არის, მე მარგალიტებს ვეძახი, ჩვენი ერთ-ერთი ცნობილი ბომბონერი „მოცარტი“, რომელსაც 172 ლარი ედო დახლზე, სოციალურ ქსელში ვიღაცა წერდა - „ხალხო, ამათ გულისთვის შეიქმნა ფასების კომისია, მათ შექმნეს ფასების პრეცედენტი“ ან „აგროჰაბის“ გოჭზე ეწერა - „რამდენი დიპლომი აქვს ამ გოჭსო. თქვენც კარგად იცით, რომ შვეიცარიასა და ბელგიაში შოკოლადი ვერ ეღირება ისეთი [ფასი] , როგორც „როშენი“ .

მაღაზიების რაოდენობას 40-ს გადავაბიჯეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს 500 და 1200 რისი ტენდენციაც სხვებთან არის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ლოკაციებიც. სპეციალურად ვარჩევთ ლოკაციებს, რომ ის კატეგორია იყოს, რასაც ჩვენი მყიდველი ჰქვია“,- განაცხადა გიორგი თავდიშვილმა კომისიის სხდომაზე, სადაც მასთან ერთად, მცირე და საშუალო საცალო ქსელების ოპერატორები: „უნივერსამის“, „ზღაპარის“, „გუდვილის“, „აგროჰაბის“ და „ევროპროდუქტის“ წარმომადგენლები იყვნენ.

ცნობისთვის: ირაკლი კობახიძის მიერ "სურსათის მაღალ ფასებთან ბრძოლის" კამპანიის დაწყების შემდეგ, ე.წ. ფასების საპარლამენტო კომისია პირველად 11 თებერვალს შეიკრიბა. სხდომაზე კომისიის წევრებმა რძისა და რძის ნაწარმის, ასევე კვერცხისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებს მოუსმინეს. 13 თებერვალს კომისიამ ადგილობრივი ხილის, ბოსტნეულის, წვენებისა და ჯემების ბაზრის წარმომადგენლებს მოუსმინა. 19 თებერვალს კომისიაზე კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს უსმენდნენ. 5 მარტს გაიმართა შეხვედრა დისტრიბუტორებთან.

ამ დრომდე, ყველა რგოლი მიუთითებდა, რომ გაძვირებაში განსაკუთრებულ როლს რითეილ სექტორი და მათ მიერ დაწესებული გადასახადები ახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები