მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბევრ ქვეყანაში ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა არაა, რაც უცხოელი სტუდენტების მოზიდვისთვის დაბრკოლებაა - კოკა თოფურია

კოკა თოფურია

საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს განათლების ექსპორტის რეგიონულ ჰაბად იქცეს - ამის შესახებ „საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორი აცხადებს.

როგორც კოკა თოფურიამ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა მზარდია, თუმცა ამ მიმართულებით გამოწვევებიც არსებობს. მისი თქმით, არარეზიდენტი სტუდენტების მოზიდვაში ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ისაა, რომ აზიის და აფრიკის ბევრ ქვეყანაში საქართველოს საელჩოები და საკონსულოები არ აქვს, რაც სტუდენტებისთვის ვიზების მიღებას ართულებს.

"ჩვენთან 80-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოდიან სტუდენტები, ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან და აზიის ქვეყნებიდან, თუმცა ასევე მზარდი იყო ევროპული ქვეყნებიდან სტუდენტების რაოდენობაც. საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, რომ განათლების ექსპორტის რეგიონულ ჰაბად იქცეს. მაგალითად, „საქართველოს უნივერსიტეტი“ თავისი რეიტინგებით არის ევროპის უნივერსიტეტების ტოპ 20%-ში, ასევე ამერიკული უნივერსიტეტების ტოპ 20%-ში. ანუ ეს არის რეალური შესაძლებლობა, რომ ჩვენ ევროპიდან და ამერიკიდან სტუდენტები მოვიზიდოთ. ჩვენთან ცხოვრება, სწავლა საკმაოდ ხარჯთეფექტურია და ამ დროს ხარისხი დასავლური სტანდარტების საუკეთესო 20%-ს შეესაბამება. რა თქმა უნდა, აქ დიდი პოტენციალია.

რაც შეეხება დაბრკოლებებს, აღმოსავლეთის, აფრიკის და აზიის ქვეყნებიდან სტუდენტების მოზიდვის საკითხს, აქ ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების არც თუ ისე განვითარებული ქსელი. სტუდენტი რომ ჩამოვიდეს საქართველოში, მას უწევს, მიიღოს სასწავლო ვიზა საქართველოს საზღვრებს გარეთ. ამისთვის კი აუცილებელია, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ ჰქონდეს დიპლომატიური წარმომადგენლობები. ძალიან ბევრ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ეს არ გვაქვს. ვისურვებდი, რომ ჩვენს სახელმწიფოს ამაზე მეტი ეფიქრა და ისეთ ქვეყნებში, საიდანაც პოტენციურად შეიძლება მეტი სტუდენტი ჩამოვიდეს, დიპლომატიური წარმომადგენლობის არსებობა უზრუნველყოს, ისეთი რაოდენობით და ისეთი მასშტაბით, რომ შესაძლებელი იყოს დიდი ოდენობის სტუდენტების ათვისება“, - განაცხადა კოკა თოფურიამ.

ცნობისთვის, ბოლო ოთხ წელში არარეზიდენტი სტუდენტების რაოდენობა გაორმაგდა და 2024-2025 სასწავლო წელს საქართველოში სულ 37 100 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, რაც წლიურად 21%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აქედან 15% სწავლობდა საბაკალავრო, ხოლო 85% სამაგისტრო და სამედიცინო პროფილის უმაღლესი განათლების პროგრამებზე. წელსაც საქართველოს ყველაზე მეტი სტუდენტი - 55% ინდოეთიდან ჰყავდა, შემდეგ მოდის იორდანია 7% -იანი წილით, მესამე ადგილზე კი ისრაელია - 6%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები