ICC საქართველოს თავმჯდომარე, ფადი ასლი აცხადებს, რომ არის უცხოელი ტურისტების თუ ინვესტორების საქართველოს საზღვრიდან გაბრუნების შემთხვევები, რაც ქვეყნის იმიჯზე ნეგატიურად აისახება. მან ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე ICC საქართველოს წევრების გამოწვევების შესახებ, ფადი ასლიმ აღნიშნა, რომ ეს ძირითადად ეხება ინდოელებს და ყაზახებს, ასევე მსგავს შემთხვევებზე მიიღეს ინფორმაცია არაბული ქვეყნების ელჩებისგან, რაც ტურიზმს და ინვესტორების ნდობას აზიანებს.
"მთავარი გამოწვევები ყოველთვის უცხოელებს უკავშირდებათ, ვგულისხმობ უცხოელ ინვესტორებს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბევრ ვიზიტორს, ტურისტს და უცხოელს, ვინც საქართველოში მოდის, საზღვარზე აჩერებენ და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აბრუნებენ უკან. ჩვენ ვიცით, რომ ამას ძალიან დიდი, ნეგატიური გავლენა აქვს ტურიზმზე. არის კონკრეტულად ორი ეროვნება, რომლებზეც ძირითადად მოქმედებს ეს ზომები, როგორც გვეუბნებიან, ესენი არიან ყაზახები და ინდოელები. ეს ცოტა უცნაურად გვეჩვენება, რადგან საქართველომ დიდი ფული გადაიხადა იმისთვის, რომ ინდოეთში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების, რეკლამირება მოეხდინა და როცა ინდოელები აქ ჩამოდიან და უკან აბრუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ ვიზები აქვთ, ეს ქვეყნის იმიჯზე კარგად არ აისახება.
გარდა ამისა, ეს ემართებათ ინვესტორებსაც, რომლებიც მოდიან აქ და ინვესტიციის ჩადების შემდეგ აღმოაჩენენ, რომ მათი ბინადრობის უფლება გაუქმდა ან აეროპორტიდან უკან აბრუნებენ. ეს არცერთ უცხოელ ინვესტორს არ აძლევს ნდობას საქართველოში ინვესტირებისთვის. ეს უკვე 13-14 წელია პრობლემაა. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და არაფერი კეთდება. ამიტომაც არ გვიკვირს, რომ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონე ასე დაბალია წლების განმავლობაში. ბევრი ასეთი შემთხვევაა. არამხოლოდ კომპანიები გვიკავშირდებიან, არამედ რამდენიმე ელჩმა, ძირითადად არაბული სამყაროდან, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) ქვეყნების ელჩებმა გვაცნობეს, რომ მათი ზოგიერთი მოქალაქე საზღვრიდან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გააბრუნეს",- აცხადებს ფადი ასლი.
მან ICC საქართველოს საქმიანობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ორგანიზაცია საკმაოდ აქტიურია, ფართოვდება და უახლოეს პერიოდში არაერთი შეხვედრაა დაგეგმილი.
"3 ივნისს გვაქვს საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა. ეს არის შეხვედრა, რომელიც აერთიანებს რამდენიმე ელჩს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებს, ICC Georgia-ს აღმასრულებელ საბჭოსთან და კომისიების თავმჯდომარეებთან ერთად. შემდეგ, 5 ივნისს, გვაქვს დიდი საერთაშორისო საარბიტრაჟო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობენ წამყვანი არბიტრები და პროფესიონალები პარიზიდან, ევროპიდან, რეგიონიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და ა.შ. ჩვენ ამას ვაკეთებთ აშშ-ის კომერციის დეპარტამენტთან პარტნიორობით. ამის შემდეგ გვაქვს გენერალური ასამბლეა და ასევე ჩვენი რეგიონული შეხვედრა პარიზში. გვყავს რამდენიმე ახალი წევრი, ბევრი კომპანია უერთდება ICC-ს და საკმაოდ აქტიურები ვართ",- ამბობს ფადი ასლი.




























