მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბევრი ინვესტორის დამოკიდებულებაა "დაელოდე და ნახე" – IMF-ის დირექტორის ინტერვიუ Euronews-ზე

5da4a29172cc6
მიხეილ ხაჩიძე
15.10.19 00:02
1243

კრისტალინა გეორგიევამ რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა. მისი წინამორბედის, კრისტინ ლაგარდის მსგავსად, გეორგიევაც წარმოშობით ევროპიდანაა. ის ბულგარეთის მოქალაქეა და წლების განმავლობაში ევროკომისრის თანამდებობა ეკავა. Euronews-თან ინტერვიუში გეორგიევამ IMF-ის როლსა და მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ინტერვიუში გეორგიევამ თქვა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი საშუალოვადიან პერიოდში გლობალური ზრდის შენელებას აჩვენებს. ”უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, სამყარო გადავიდა სინქრონიზებული აღმავლობიდან - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზრდის დაჩქარებიდან - სინქრონიზებულ შენელებაზე”, - განაცხადა მან.

სავაჭრო დაძაბულობა, მისი თქმით, გავლენას ახდენს ეკონომიკის ზრდაზე: "გამოცხადებულმა ან უკვე განხორციელებულმა ტარიფების მატებამ, ყველგან დაამუხრუჭა ზრდა", - დასძინა მან.


გლობალური გაურკვევლობის ვითარებაში, რომელიც Brexit–ითა და სხვა გეოპოლიტიკური დაძაბულობებითაა განპირობებული, ინვესტორთა მოლოდინებიც შეიცვალა. გლობალურად ინვესტორთა დამოკიდებულებას აღწერს ფრაზა „დაელოდე და ნახე“ (Wait and see) - თქვა გეორგიევამ.

რა შეუძლიათ გააკეთონ ევროპის ქვეყნებმა ამ სიტუაციაში? გეორგიევა გამოსავლად სტრუქტურულ რეფორმებს გვთავაზობს. ”შრომის ბაზრების რეფორმირება, ხვალინდელ უნარებში ინვესტიციის ჩადება, ადამიანური კაპიტალი უნდა იყოს პოლიტიკოსების მთავარი სამიზნე, რათა ევროპამ შეძლოს მომავალი კონკურენტუნარიანობის მოპოვება”, - ამბობს ის.




ინტერვიუ კრისტალინა გეორგიევასთან:


Euronews: პირველ რიგში, რამდენად მნიშვნელოვანია ზემოთ ხსენებული შენელება?


კრისტალინა გეორგიევა: ჩვენი პროგნოზი როგორც ამ წლისთვის, ისე მომავალი წლისთვის ცხადყოფს, რომ ეს შენელება უკვე გავლენას ახდენს მსოფლიოს დიდ ნაწილზე. მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ჩვენ კვლავ ვიზრდებით, მაგრამ არა იმ სისწრაფით, რაც აუცილებელია ადამიანების მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად.

თუ რა არის ამ შენელების მიზეზი, უნდა ვაღიაროთ, რომ მასზე სავაჭრო დაძაბულობამ მოახდინა გავლენა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლებმა გამოთვალეს სავაჭრო დაძაბულობის საერთო გავლენა და მივიდნენ საკმაოდ მნიშვნელოვან დასკვნამდე: 2020 წლისთვის, მსოფლიოში მშპ 0,8% ნაკლები იქნება, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 700 მილიარდი დოლარი დაიკარგება ტარიფების ერთობლივი გავლენის გამო.


Euronews: რა გავლენას ახდენს აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული დაძაბულობა ევროპაზე? როგორ აფასებთ აშშ-სა და ევროკავშირს შორის არსებულ დაძაბულობას?



კრისტალინა გეორგიევა: რასაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ გამოცხადებული ან უკვე განხორციელებული ტარიფების მატება, ყველგან ვნებს ზრდას.

ამავე დროს, ჩვენ უმთავრესად შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ არა მხოლოდ დაანონსებული ან უკვე განხორციელებული ტარიფები ცუდია ზრდისთვის, არამედ გაურკვევლობის საერთო ფონი - უნდა ვაღიაროთ, და ესეთია Brexit–ისგან გამოწვეული გაურკვევლობა. ამ მდგომარეობაში კი, ბევრი ინვესტორის დამოკიდებულებაა "დაელოდე და ნახე".

აღნიშნულ ვითარებაში ერთი გარემოება, რომლის შესახებაც ბევრს არ ვსაუბრობთ, არის ის, რომ ყველაზე მკვეთრად დაზარალებული ადამიანები არიან დაბალშემოსავლიანი ოჯახები, რადგან საქონელი, რომელსაც ისინი ყიდულობენ, თავისუფალი ვაჭრობის არარსებობის პირობებში უფრო ძვირია.




Euronews: რა არის ძირითადი გამოწვევები და საფრთხე ევროპასთან დაკავშირებით?

 



რეფორმის ყველაზე რთული და მაინც ყველაზე სასურველი სფერო სტრუქტურულ სფეროა. ავტომატიზაცია, ციფრული ტექნოლოგიების ძალიან სწრაფი განვითარება, ხელოვნური ინტელექტი - ყველა მათგანი აყენებს ახალ მოთხოვნებს ქვეყნების წინაშე. ამიტომ, შრომითი ბაზრების რეფორმირება, ხვალინდელ უნარებში ინვესტიციის ჩადება, ადამიანური კაპიტალი შეიძლება და უნდა იყოს პოლიტიკოსების ფოკუსირების მთავარი მოტივი, რათა ევროპამ შეძლოს მომავალი კონკურენციის მოპოვება.




Euronews: გარდა სავაჭრო დაძაბულობისა, პროტექციონიზმის, Brexit-ისა და ა.შ., რა საფრთხეებს უნდა მივაქციოთ ყურადღება? რა არის შემდეგი ბომბი?

 

კრისტალინა გეორგიევა: თუ მე უნდა გამოვყო ის, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, ეს არის კლიმატის ცვლილებების რისკები. ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ შეიძლება მკვეთრად იმოქმედოს ბუნების ძალის გავლენამ ეკონომიკაზე, ამდენად, ჩვენ მოსალოდნელი შოკების უმეტესობას თავი უნდა ავარიდოთ. 


ამის გარდა, ჩვენ უფრო დაუცველი ვართ ტერორიზმის წინააღმდეგ. ჩვენ უფრო მომზადებული უნდა ვიყოთ მოულოდნელი ძვრებისსა და შოკებისთვის, ასევე უფრო სწრაფნი, ადაპტირებული ეკონომიკის ასაშენებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები