ბევრი საერთაშორისო გამოფენა, რომელიც სანდოობით გამოირჩეოდა „ფეიქ ბაიერების“ საჭორაო სივრცედ გაიქცა. ამის შესახებ კომპანია BTL Georgia-ს ბიზნესის განვითარების დირექტორმა გურამ ავალიანმა BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო გამოფენებზე ბაიერების ხარისხი ხშირად არ შეესაბამება იმ მოლოდინებს, რაც კომპანიებს რეალური ბიზნესთანამშრომლობის კუთხით აქვთ.
“სიმართლე რომ ვთქვა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საერთაშორისო ტურიზმის ბაზარზე საკონვენციო მიმართულებები ხარისხობრივ ვარდნას განიცდის. არაერთი გამოფენა, რომელიც ადრე სანდოობით გამოირჩეოდა, მათ შორის M&I, ITB Berlin და IBTM Barcelona გარკვეულწილად იქცა იმ სივრცედ, რასაც მე „ფეიქ ბაიერების“ საჭორაო სივრცეს ვუწოდებ. ხშირად, ასეთ ღონისძიებებზე არიან ადამიანები, რომლებიც რეალურად არ წარმოადგენენ აქტიურ მყიდველებს, თუმცა სარგებლობენ იმ ბენეფიტებით, რასაც მსგავსი ტიპის ღონისძიებები სთავაზობს მონაწილეებს და საბოლოოდ უბრალოდ ერთობიან ასეთ სივრცეებში “, - განმარტავს ის.
მისი თქმით, ტურიზმის მიმართულებით მარკეტინგულ აქტივობებში რესურსების ინვესტირება მნიშვნელოვანია, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ბაიერების სწორ შერჩევას.
„მისასალმებელია, რომ ეკონომიკური რესურსების რეინვესტირება ხდება ტურიზმის მარკეტინგში და მიმართულებების პოპულარიზაციაში, თუმცა ჩვენ ვისურვებდით, რომ მთავარი აქცენტი გაკეთდეს ბაიერების შერჩევაზე და მათ ხარისხობრივ შესაბამისობაზე ჩვენი ლოკაციის საჭიროებებთან“, - ამბობს ავალიანი.
გადაცემაში მან ასევე ისაუბრა სხვადასხვა ტურისტულ ბაზარზე საქართველოს პოტენციალზეც. მისი შეფასებით, ახლო აღმოსავლეთი საინტერესო ბაზარია, თუმცა არსებული გეოპოლიტიკური ვითარება გაურკვევლობას ქმნის.
„ახლა რთულია ახლო აღმოსავლეთზე, როგორც სამიზნე ბაზარზე საუბარი, რადგან ბევრი ადამიანისთვის გაურკვეველია, რამდენ ხანს გაგრძელდება რეგიონში არსებული ვითარება. რაც შეეხება ინდურ ბაზარს, ჩვენი კომპანია ამ მიმართულებით ნაკლებად მუშაობს, თუმცა ვიცით, რომ სხვა კომპანიები ამ ბაზრიდან გარკვეულ სარგებელს იღებენ“, – ამბობს ის.
მისი თქმით, ინდოეთის ბაზრის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ფაქტორია ტურისტების მხარჯველუნარიანობაც: „ინდოელი ტურისტი გარკვეულ მასას ქმნის, თუმცა რამდენად ეფექტური და შემოსავლიანია ეს ბაზარი კონკრეტული კომპანიებისთვის, ეს იმ მოთამაშეებმა უნდა შეაფასონ, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ამ მიმართულებით“, – აღნიშნავს ავალიანი.
რაც შეეხება ევროპულ ბაზარს, მისი შეფასებით, სწორედ აქ ჩანს საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოტენციალი.
„ევროპაში საკმაოდ ფართო კორპორატიული სეგმენტი არსებობს და მათი ინტერესები და მოლოდინები ხშირად ძალიან ემთხვევა ჩვენს ადგილობრივ სტანდარტებსა და შესაძლებლობებს. მაგალითად, ჩემთვის არასდროს ყოფილა რთული საერთო ენის გამონახვა ჩეხ ან უნგრელ პარტნიორებთან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ევროპა ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ბაზარია“, – ამბობს ის.




























