“ბევრი საერთაშორისო კომპანია ხსნის ოფისებს როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში, რაც ამ სფეროსა და რეგიონის მიმართ ინტერესს გამოხატავს”, - ამის შესახებ ლოგისტიკის სფეროში საკონსულტაციო საერთაშორისო კომპანია RDL Group-ის გენერალურმა დირექტორმა, რომან დედკოვმა BMG-ის ბაქოს ბიუროსთან ინტერვიუში სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო სექტორის შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, რეგიონში როგორც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ასევე ლოგისტიკური სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული, თუმცა გამოწვევებიც ბევრია.
“მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, ჯერაც ზრდისა და განვითარების ეტაპზე ვიმყოფებით, რადგან ბევრ ინფრასტრუქტურულ კომპანიას ვხედავთ, როგორც ევროპიდან, ასევე საუდის არაბეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომლებიც ლოგისტიკურ ჰაბებში, პორტებსა და ტერმინალებში ინვესტიციებს დებენ. ეს ეხება როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანსა და ყაზახეთს. ამგვარად, განვითარების შესაძლებლობა ჯერაც დიდია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბრუნვა საკმაოდ მაღალია, მაგრამ არსებობს გარკვეული გამოწვევები, რომლებიც უნდა გადავლახოთ, რათა ამ დერეფნებში ტვირთის ბრუნვა რამდენიმეჯერ გავზარდოთ”, - განაცხადა მან.
BMG-ის კითხვაზე - როგორია სატრანსპორტო დერეფნის განვითარების ძირითადი პერსპექტივები და რისკები, რომან დედკოვმა აღნიშნა, რომ რეგიონში გახსნილია დიდი შესაძლებლობები.
“ამ ყველაფერს დავარქმევდი არა რისკებს, არამედ შესაძლებლობებს, რომლებიც იხსნება, როგორც რეგიონისთვის, ანუ ეროვნული დერეფნების განვითარების მიმართულებით, ასევე საერთაშორისო დერეფნების კუთხით, რომლებიც კავკასიური სახელმწიფოების, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს. ამ გზებით, პირველ რიგში, ქვეყნებს შორის არსებული ტვირთბრუნვა იზრდება, რითაც შიდა ბაზარი ვითარდება. ეს კი, ქვეყნებს გლობალურ ლოგისტიკურ არენაზე გასვლის საშუალებას აძლევს. ჩინეთიდან მომავალი ტვირთი გადის ყაზახეთს და კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანში ხვდება, შემდეგ კი საქართველოში, საიდანაც რამდენიმე ვარიანტი იშლება”, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ რეკონსტრუქციის შემდეგ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზს აღდგენა დამატებითი იმპულსი იქნება ნაკადების ხელახალი გადანაწილების და ტვირთბრუნვის ზრდის კუთხით, როგორც ევროპასა და ჩინეთს შორის, ასევე რეგიონის ქვეყნებში.