მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბევრი შანსის ილუზია - ირაკლი ლაითაძის ბლოგი

გზა
25.05.24 14:00
174

ილუზია ყველაზე დიდი სიამოვნებაა
ვოლტერი

ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც შემხვედრია (Financial Times, The Economist) მოსაზრება (რომელსაც ვეთანხმები), რომ ცხოვრება არ იძლევა შეცდომის გამოსწორების ბევრ შანსს. ეს მოსაზრება წინააღმდეგობაშია დღეს გაბატონებულ ლამის აქსიომურ პოზიციასთან, რომ დაშვებული შეცდომა მხოლოდ ზრდის შანსია, რომ შეცდომა აყალიბებს ხასიათის სიმტკიცეს და ა.შ. ეს დაახლოებით ისეთივე ილუზიაა, როგორც კომფორტის ზონა და პერმანენტული მოტივაცია.

ქოუჩები, ფსიქოლოგები და CEO-ები გატაცებით გვიყვებიან, რომ ყველა შეცდომის გამოსწორება შესაძლებელია. თითქმის 100%-იანი დარწმუნებით ვიტყვი, რომ შეგნებულად ცრუობენ. იტყუებიან იმის გამო, რომ თვითონვე იგრძნონ თავი უკეთესად და სხვებისთვისაც ყალბი დიდებით გაიბრწყინონ. მსმენელები კი სხედან და ამ ბლეფს ენთუზიაზმით იჯერებენ. გარდა ამისა, დღეს არსებული ყალბი ოპტიმიზმის კულტურა ამ „ორატორებს“ ზემოხსენებული პოზიციისკენ უბიძგებს და მათ კი იმის გამბედაობა არ ჰყოფნით ან შეგნებულად არ უნდათ, რომ სიმართლე თქვან. სიმართლე კი, ჩემი აზრით, ის არის, რომ დაახლოებით 35-40 წლის ასაკში ხვდები, რომ ცხოვრება არ შედგება ყველა დაშვებული შეცდომების ჯამიდან. მათი დიდი უმრავლესობის გამოსწორება მართლა შეიძლება, მაგრამ არსებობს დისპროპორციულად მძიმეწონიანი, რამდენიმე, სულ 2-3 შეცდომა, რომელთა დაშვებაც საკმარისია, რომ ადამიანის ცხოვრება სხვა, მისთვის ნაკლებად სასურველი ან სრულად არასასურველი გზით წავიდეს. ყოველი ასეთი შეცდომა ამცირებს შემდგომი არჩევანის ვარიანტების რაოდენობას და ხშირად ასეთი შეცდომა გამოუსწორებელიც კი არის. ავიღოთ შემდეგი შემთხვევები: ქორწინება და განათლება/პროფესია. დაუშვებ აქ შეცდომას? გამოსწორების შანსი პრაქტიკულად აღარ არსებობს ან ძალიან ძვირი ჯდება და ხასიათის არანაირ განმტკიცებას ეს ხელს არ უწყობს. ძვალი ყველაზე მყიფე შეხორცების ადგილასაა.

ვთქვათ, ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდნენ. ქალი დარჩა შვილთან ერთად (სასამართლოები ძალიან ბევრ შემთხვევაში შვილს დედას უტოვებენ). შემდეგ იგი მეორეჯერ დაქორწინდა (ან არ დაქორწინდა, ან ჰყავს პარტნიორი ან არავინ), გააკეთა წარმატებული კარიერა ან დაიწყო თავისი ბიზნესი, იშოვა დიდი ფული და ა.შ. ბავშვის ბიოლოგიური მამაც მზრუნველი აღმოჩნდა (რაც ხშირად არ ხდება). აირჩია არასწორი ქმარი? დიახ. შემდეგ კი, რა კუთხიდანაც არ უნდა შეხედო ამ ამბავს, ფაქტი ჯიუტია - ბავშვი უმამოდ გაიზარდა. რა გავლენა ჰქონდა ამას მის ფსიქიკაზე, ამას დანამდვილებით თვით ზიგმუნდ ფროიდიც ვერ გვეტყოდა.

ან უნივერსიტეტში გადაწყვიტე ბიზნესის სწავლა, business studies, არადა სერვანტესის და ბერნსის კითხვა გიყვარდა. კი, 30 წლის ასაკშიც კი შეგიძლია რევერსი, მაგრამ რას უშვრები დაკარგულ წლებს? ნაყინი რომ დაგივარდეს ქუჩაში, ის დაგენანება, არათუ ხელიდან გაშვებული წლები.

ხშირად ადამიანები ამ გადაწყვეტილებებს საკმაოდ იოლად იღებენ. ალბათ, იმის იმედით, რამე რომ იყოს, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. არა, სამწუხაროდ. ცხოვრება დამოკიდებულია სულ რამდენიმე, მაგრამ უმნიშვნელოვანეს არჩევანზე. Life is path-dependent, როგორც იტყვიან რეალისტი ინგლისელები.

ავტორი - ირაკლი ლაითაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები