"ბევრი უზუსტობაა კანონში, სტუდენტები საერთოდ ნახსენებიც არ არის" - ამის შესახებ HR-აუთსორს კომპანია One Point-ის მმართველმა პარტნიორმა ნინო ნიაურმა “საქმიან დილაში” სტუმრობისას უცხოელების დასაქმების შეზღუდვაზე საუბრისას აღნიშნა.
საქმე ისაა, რომ 1-ელი მარტიდან საქართველოში უცხოელების დასაქმება შეიზღუდა - მთავარი მიზანი ადგილობრივის შრომის ბაზრის დაცვაა. ერთ-ერთი სიახლეა „შრომითი საქმიანობის უფლება“, რომლის გარეშეც უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან შრომითი ან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება აიკრძალა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელები საერთოდ ვერ იმუშავებენ.
ნიაურის თქმით, ბევრი ხარვეზია კანონში, მაგალითად ის, რომ საერთაშორისო კომპანიას და ქართულ კომპანიას სხვადასხვა პირობაში აყენებს.
“მაგალითად, საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას ვალდებულება აქვს, რომ 10 დღით ადრე საიტზე გამოაქვეყნოს თავისი ვაკანსია, თუკი უცხო ქვეყნის მოქალაქის დაქირავება უნდა, მაშინ როცა საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიას არ აქვს ამის ვალდებულება. ასევე, ეს კანონი თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს არ იცავს, რომ ბაზარს არეგულირებს ეკონომიკა და ამაში ექცევა დასაქმებაც ბუნებრივია. ეს კანონი ვისთვის არის სიკეთის მომტანი ცოტა გაურკვეველია. ბიზნესისთვის არ არის სიკეთის მომტანი, საზოგადოებისთვის არ არის, იმიტომ რომ ნებისმიერი დამატებითი ბიუროკრატია ბიზნესისთვის არის დამატებითი ხარჯი, ეს ყველამ ვიცით”, - აღნიშნა ნიაურმა.
One Point-ის მმართველმა პარტნიორმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ კანონში სტუდენტები ნახსენები არცაა, მაშინ როცა მაგალითად, კურიერების პოზიციაზე ხშირად სწორედ სტუდენტები გვხვდებიან.
“ეს არის დროებითი სამუშაო, თანხის დროებითი გამომუშავების შესაძლებლობა და ამას როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე უცხოელი როგორც დასაქმების ბაზარს - ასე იყენებს..
სტუდენტურ დასაქმებას ეს კანონი საერთოდ უგულებელყოფს, ანუ არანაირ ჩარჩოში არ აქცევს, რაც იმას ნიშნავს საკანონმდებლო ენაზე, რომ ამ კანონის ფარგლებში მოექცევა, და რაც ასევე იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელს ხდის სტუდენტისთვის ლეგალურ მუშაობას. ანუ ეს რას გამოიწვევს? ევროპამ ეს გზა გაიარა, იქაც არის კვოტირება და იქაც ხდება ეს, მაგრამ გარკვეული ანალიზის საფუძველზე და არა ისე, რომ უბრალოდ რადგან მოსახლეობისთვის ეს პოპულარული თემა არის, მოდი ასე ვთქვათ... ამ კვოტირებასაც თავისი წესები აქვს”, - დასძინა მან.
ხოლო კითხვაზე, რა ტვირთი შეიძლება გახდეს ეს კანონი ბიზნესისთვის, ნინო ნიაური ამბობს, რომ კერძო სექტორისთვის ამ კანონის პირობებში ვითარება გართულდება, - “საკმაოდ გართულდება იმიტომ, დამატებითი ბიუროკრატია დამატებითი ხარჯია. კანონი თვითონ ძალიან სუსტია და ბევრი ვარირების შესაძლებლობას იძლევა, სამწუხაროდ. ამ ტიპის ბევრი კანონი გვაქვს ბოლო პერიოდში. კითხვა უფრო მეტია ვიდრე პასუხი, და რა უნდა ქნას ბიზნესმა, ალბათ, პირველ რიგში, უნდა ქნას ის, რომ მაქსიმალურად შეეცადოს, ნაკლებად დაიზარალოს თავი და ამ პირობებში გადარჩეს”, - აღნიშნა მან.




























