"ტექნოლოგიურად განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, იმიტომ რომ ინოვაციებს სჭირდება ინტერდისციპლინარულობა" - ასე აფასებს "საქართველოს უნივერსიტეტის" რექტორის მრჩეველი, ნანა დიხამინჯია "ქართული ოცნების" მიერ გატარებულ უმაღლესი განათლების რეფორმას.
როგორც მან "ანალიტიკას" ეთერში აღნიშნა, არასწორია მიდგომა, რომ საჯარო უნივერსიტეტები სახელმწიფოს ეკუთვნის და მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მთავრობამ უნდა მიიღოს.
"სახელმწიფოსი არ არის უნივერსიტეტი. განათლების სფეროში ჩართულმა ბევრმა ადამიანმა, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ უნივერსიტეტი სახელმწიფოსი არ ყოფილიყო იმიტომ რომ ეს იყო საბჭოთა მიდგომა, ეს არ არის დასავლური მიდგომა და ზუსტადაც დასავლური მიდგომით ვითარდება უნივერსიტეტები ბევრად უკეთესად, ვიდრე ამ საბჭოთა ცენტრალიზებული მიდგომით. უნივერსიტეტს აქვს ავტონომია, ეს ჩვენ კონსტიტუციაში გვქონდა გაწერილი და მე დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში, როცა, იმედია, აღდგება ისევ ეს სახელმწიფო, რეფორმის ანალიზის შემდეგ ეს ცვლილებები აბსოლუტურად უკანონოდ გამოცხადდება. ტექნოლოგიურად განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, იმიტომ რომ ინოვაციებს სჭირდება ინტერდისციპლინურობა. ინოვაციებს სჭირდება, რომ ერთ უნივერსიტეტში ბევრი სხვადასხვა მიმართულების ადამიანი გყავდეს და მათ თანამშრომლობას უწყობდე ხელს. ინოვაციას სჭირდება, რომ უნივერსიტეტს ჰქონდეს თავისუფალი ფული და თვითონ წყვეტდეს, როგორ დახარჯოს ეს ფული. და ამ ყველაფერს ზემოდან ვერ გადაწყვეტ", - ამბობს ნანა დიხამინჯია.
მისივე თქმით, რეფორმის ნეგატიური გავლენა უშუალოდ აისახება კერძო სექტორზეც. დიხამინჯიას განმარტებით, კერძო უნივერსიტეტებს სასწავლო პროგრამების სამწლიან ფორმატზე ნაჩქარევად გადაყვანას არაოფიციალური ინსტრუქციებით ავალდებულებენ, რაც ხარისხის სტანდარტებს სრულად უგულებელყოფს.
"პირდაპირ კერძო უნივერსიტეტებსაც მიადგნენ და მოსთხოვეს, რომ 4 წლიანი პროგრამები 3-წლიანზე გადასულიყო. უფრო მეტიც, ძალიან უცნაურია, რომ კანონში არ არის ასეთი მკაფიო ჩანაწერი, მაგრამ ამას ინსტრუქციებში სთხოვენ კერძო უნივერსიტეტებს.
ძალიან სასაცილო სურათი მივიღეთ: როდესაც ჩვენ, ხარისხის განვითარების ცენტრის ექსპერტები დავდიოდით და ვთხოვდით უნივერსიტეტებს, რომ მათ 1-1.5 წელი მაინც ემუშავათ პროგრამებზე, ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე შესაძლებელია, 4-წლიანი პროგრამა 2 კვირაში აქციო 3-წლიანად და უკვე ჩარიცხული სტუდენტებიც გადაიყვანო ამაზე. ამათაც ძალიან აფუჭებენ კერძო უნივერსიტეტებსაც აფუჭებენ და საჯაროსაც", - ამბობს "საქართველოს უნივერსიტეტის" რექტორის მრჩეველი.
ნანა დიხამინჯია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ რეფორმის ფარგლებში, საერთაშორისო აკრედიტაციის მოთხოვნებს მხოლოდ ძველი, ოთხწლიანი პროგრამები აკმაყოფილებს. მისი თქმით, ახალი მოდელი რისკის ქვეშ აყენებს ქართული დიპლომების საერთაშორისო აღიარებას.
"დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება როგორც ამ სამწლიანი პროგრამების, ისე მეთერთმეტე კლასის ატესტატის აღიარებას. არ შეიძლება პროგრამა ერთ თვეში გადააკეთო, ეს წარმოუდგენელი ამბავია და უკვე ვხედავთ, რამდენი რაღაც არ არის თავსებადი. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 4-წლიანი პროგრამა დაუტოვეს მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამებს; თუ საერთაშორისო აკრედიტაცია გთხოვს 4-წლიანს და თურმე საჭიროა 4-წლიანი, ამ საერთაშორისო აკრედიტაციას ე.ი შენი 3-წლიანი არ აკმაყოფილებს", - ამბობს ის.
ნანა დიხამინჯია ცვლილებების უკან პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოტივებს ხედავს, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვასა და ბიზნესისთვის იაფი, თუმცა დაბალკვალიფიციური მუშახელის მიწოდებას. გარდა ამისა, დიხამინჯია პროცესში რუსულ ინტერესსა და ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული გაძლიერების შეფერხების მცდელობაზე საუბრობს.
"რა თქმა უნდა, რეფორმა სჭირდება "ქართულ ოცნებას" იმისთვის, რომ სრულად დაიმორჩილოს უმაღლესი განათლება. პროგრამებზე წლების შემცირებაში კი, ჩემი აზრით ორი მიზანია, ერთი ის, რომ დაიზოგოს ბიუჯეტი და მეორეც, მიიღონ ნაკლებად ძვირად ღირებული, უფრო იაფფასიანი სამუშაო ძალა. შეამჩნევდით, უკვე წლებია ისმის ბიზნესისგან, რომ აღარ არის იაფფასიანი სამუშაო ძალა.
იმდენად ქაოსურია მთელი ეს პროცესი, რომ აქ მარტივად შეგვიძლია დავინახოთ არამარტო პარტიის პირადი ინტერესი, არამედ სუფთა რუსული ინტერესი, რომელიც ცდილობს, რომ საქართველო მართლა თავის გუბერნიად აქციოს, ქვეყანა იყოს სუსტი, იმიტომ რომ განათლებული ქვეყანა არის ძლიერი და ამას ჩვენ ვხედავთ დასავლური ქვეყნების მაგალითებზე, თუ სად უფრო მძლავრობს ტოტალიტარული მიდგომები", - ამბობს ნანა დიხამინჯია.
ცნობისთვის, 2025 წლის დეკემბერში უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა სრულად დაფინანსდება ბიუჯეტიდან. ამასთან, საუნივერსიტეტო სისტემაში დაინერგება 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას.
ამასთან, ეკონომიკის სამინისტრომ შრომის ბაზრის კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც დაადგინა, როგორი იქნება შემდეგ უახლოეს რამდენიმე წელში შრომის ბაზრის მოთხოვნები, კვლევის შედეგების საფუძველზე კი უნივერსიტეტებში სხვადასხვა სპეციალობაზე კვოტები გამოყო.




























