საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ბეჟან წაქაძე რეგიონში წყალმომარაგების პროექტების დაფინანსების გაზრდას ითხოვს. „წყლის მიმართულებით კატასტროფული მდგომარეობაა“, - ასე მიმართა მან პარლამენტში პლენარულ სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის მეორე მოსმენით განხილვისას ფინანსთა მინისტრ ლაშა ხიციშვილს და განაცხადა, რომ რეგიონში მოსახლეობას ეს საკითხი ყველაზე მეტად აწუხებს.
„ბოლო არჩევნებში ეს პრობლემა ღრმად წამოიწია - ეს წყლის პრობლემაა. თქვენ თქვით რომ 514 მილიონი ლარია მიმართული ამაზე. დღეს, ისე როგორც არასდროს მოსახლეობა ამ პრობლემის გადაწყვეტას ელის. მათი თხოვნა და დავალებაა ჩემდამი და ალბათ როგორც მე სხვა დეპუტატებსაც რეგიონებში ამას ეუბნებოდნენ, რომ წყლის მიმართულებით კატასტროფული მდგომარეობაა. ამიტომ (2026 წლის ბიუჯეტის) გადამუშავებული ვარიანტი, რომ შემოვა პარლამენტში ჩვენ ეს თანხები, თხოვნა მექნება, რომ კიდევ გავზარდოთ. ალბათ იკითხავთ, საიდან და როგორ? ბიუჯეტი 5%-იან ზრდაზეა დაგეგმილი, დარწმუნებული ვარ რეალობაში მეტი იქნება. ასევე შეიძლება კიდევ გადავხედოთ სხვადასხვა მუხლებს და დაახლოებით 100 მლნ-ით გავზარდოთ, იმიტომ რომ ეს პროცესი დავიწყოთ. ეს გრძელვადიანი პროცესია და რაც მეტ თანხას ჩავდებთ მით მალე დავასრულებთ ამ პრობლემას“, - განაცხადა დეპუტატმა. უნდა აღინიშნოს, რომ წლის პრობლემებზე დღეს ფინანსთა მინისტრს სხვა დეპუტატებმაც დაუსვეს კითხვები.
პარლამენტარების კითხვის საპასუხოდ კი ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ 2026 წლის ბიუჯეტში წყლის პროექტებზე თანხები არა თუ მცირდება, არამედ იზრდება, რადგან წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონებში როგორც ქალაქებშია, ასევე სოფლებში მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. მან განმარტა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურაში მსხვილი პროექტების ხარჯები მათ დასრულებასთან ერთად შემცირდება და ეს ფინანსური რესურსი წყალმომარაგების სისტემის განვითარებაზე მიიმართება.
2026 წელს წყლის პროექტების დაფინანსება მიმდინარე წლის დაფინანსებაზე ნაკლები არ არის. პირიქით რამდენიმე მილიონიანი ზრდა არის ამ ნაწილში. წყლის პროექტებთან დაკავშირებით დაფინანსების ზრდა გაცხადებულია, რომ ეს ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ძალიან დიდი თანხები იხარჯებოდა და იხარჯება საგზაო პროექტების მიმართულებით და დიდი პროექტები სრულდება და დასრულდება მომდევნო წლებში ჩქაროსნულ მაგისტრალთან დაკავშირებით. ყველაზე დიდი - რიკოთის მონაკვეთის მიმართულებით ყველაზე დიდი ხარჯი იყო და დასასრულს უახლოვდება. გზების მიმართულებით ბათუმიდან სარფამდე და თბილისიდან წითელ ხიდამდე და სადახლოს მიმართულებით პროექტების დაფინანსებაზე გვაქვს ხელმოწერილი ხელშეკრულებები. ამის შემდეგ შიდა გზებზე ხარჯები იქნება, თუმცა ასეთი დიდი ხარჯები არ იქნება ინფრასტრუქტურაზე. ჩვენი პრიორიტეტია, რომ ეს თანხები დიდწილად წავა წყლის ინფრასტრუქტურაზე. თქვენ იცით, რომ ყველა ქალაქში წყლის მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, რომ წყლის მიწოდება 24 საათის განმავლობაში შესაძლებელი იყოს. ვფიქრობ, უახლოეს წლებში ეს პროცესი დასრულდება. თუმცა ამავდროულად ჩვენ სოფლების ნაწილსაც ვიწყებთ და ბუნებრივია, ამისთვის თანხები გამოიყოფა როგორც ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ ხელი მოვაწერეთ აზიის განვითარების ბანკთან 200 მლნ ევროს დაფინანსებას მხოლოდ წყლის პროექტების მიმართულებით, უახლოეს დღეებში ეს ხელშეკრულება რატიფიცირებისთვის პარლამენტში იქნება წარმოდგენილი. ამ კუთხით მომდევნო წლებში მუშაობა არამხოლოდ ქალაქებში არამედ სოფლებშიც აქტიურად გაგრძელდება, ბუნებრივია იქნება შესაბამისი კრიტერიუმები.
საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში გვექნება წლები, როდესაც მაღალი ხარჯი იქნება. თუ პროექტი იქნება დასრულების ფაზაზე შესაძლებელია იყოს წლები, როდესაც ასეთი ხარჯი არ იქნება, თუმცა არის პრიორიტეტული მიმართულებები როცა იქნება განსაზღვრული ასეთი ტიპის ხარჯის გადატანა ეს იქნება წყლის ინფრასტრუქტურა, სკოლები, საბავშვო ბაღები და სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურა, რომლებზეც აღნიშნულ თანხებს გადავანაწილებთ“, - განაცხადა მინისტრმა.
ლაშა ხუციშვილმა ისიც აღნიშნა, რომ მთავრობა ცდილობს მშპ-სთან მიმართებით არსებული მაღალი კაპიტალური დანახარჯები შეინარჩუნოს, რაც მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.
„საქართველო მიეჩვია, რომ კაპიტალური დანახარჯები მშპ-სთან მიმართებით საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა. როდესაც საგადასახადო ტვირთი ქვეყანას 24-25%-ის ფარგლებში აქვს და ამ თანხიდან დაახლოებით 8% ისტორიულად კაპიტალური დანახარჯებია, ეს ყველაზე მაღალ დანახარჯად ითვლება მშპ-სთან მიმართებით არამხოლოდ რეგიონში, არამედ მთლიანად მსოფლიოში. ჩვენ ვცდილობთ, კაპიტალური დანახარჯების წილი იყოს 7%-ზე მაღალი მუდმივად და მივაღწიოთ 8%-ის მაჩვენებელს. შემდეგ წლებში ჩვენ ამის შესაძლებლობა გვექნება, რომ კაპიტალური დანახარჯები მაქსიმალურად მაღალ ნიშნულზე შევინარჩუნოთ და როდესაც ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ის არის, რომ კაპიტალური დანახარჯები ბოლო 5-6 წლის განმავლობაში მუდმივად მაღალია და ამ ხარჯების შენარჩუნება ნამდვილად პრიორიტეტულია“, - განმარტა ფინანსთა მინისტრმა.




























