მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბეზოსსა და მასკს ქველმოქმედებაში ქონების 1%-ზე ნაკლები აქვთ დახარჯული

6164817a58df0
BM.GE
12.10.21 00:35
1894
გამოცემა Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი რეიტინგის მიხედვით, უმსხვილესი ონლაინმაღაზია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკთან ერთად იმ 165 მილიარდერის რიგებში მოხვდა, რომლებმაც საკუთარი ცხოვრების განმავლობაში ქველმოქმედებას თავისი ქონების 1%-ზე ნაკლები შესწირეს. დაანგარიშების დროს სპეციალისტებს არ გაუთვალისწინებიათ კერძო ფონდები, ასევე საქველმოქმედო ორგანიზაციებში გადარიცხული თანხები, რომელთაგან გარკვეულ ფინანსურ სარგებელს თვითონ შემომწირველებიც იღებენ.

ექსპერტებმა მიმდინარე წლის Forbes 400-ში შემავალი მილიარდერები ხუთ ჯგუფში გაანაწილეს. თითოეული იმ პირებს აერთიანებს, რომლებმაც ქველმოქმედებაში ამ დროისთვის მათ განკარგულებაში არსებული ქონების 1%-ზე ნაკლები, 1%-დან 5%-მდე, 5%-დან 10%-მდე, 10%-დან 20%-მდე და 20%-ზე მეტი დახარჯეს. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ ჯგუფში მხოლოდ რვა ადამიანი მოხვდა. მათ შორის ყველაზე გულუხვი ამერიკელი ბიზნესმენი და ინვესტორი, უორენ ბაფეტი აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, მან ქველმოქმედებისთვის საერთო ჯამში დაახლოებით 44 მილიარდი აშშ დოლარი გაიღო. ამ დროისთვის ბაფეტის ქონება 103.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. შედეგად, ის Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ მილიარდერების ყოველდღიურ რეიტინგში 11 ოქტომბრის მონაცემებით მე-9 ადგილს იკავებს.

საკუთარი ქონების 10%-დან 20%-მდე წილი ქველმოქმედებისთვის Forbes 400-ში შემავალმა თერთმეტმა მილიარდერმა გაიღო. მათ შორის მოხვდა ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი მაკენზი სკოტი, რომელიც ფილანთროპიული მიზნებისთვის საკუთარი სიმდიდრის 13%-ს შეელია. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის სკოტის ქონება 55.3 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. ქველმოქმედებაში თავისი ფინანსური მონაგარის 5%-დან 10%-მდე ნაწილი – 44-მა, 1%-დან 5%-მდე ნაწილი კი 116-მა მილიარდერმა დახარჯა. რაც შეეხება ჯეფ ბეზოსსა და ილონ მასკს, რომლებიც ამ დროისთვის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანების ჩამონათვალში პირველ და მეორე ადგილებს ინაწილებენ, ამ მხრივ ისინი ყველაზე ძუნწები აღმოჩნდნენ, ვინაიდან ქველმოქმედებაში ქონების 1%-ზე ნაკლები დახარჯეს. შეგახსენებთ, რომ Amazon-ის დამფუძნებელი ამ დროისთვის 191.7 მილიარდ აშშ დოლარს ფლობს და Forbes-ის რეიტინგში მეორე პოზიციაზეა, Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი კი 202.1 მილიარდი აშშ დოლარით ჩამონათვალს ლიდერობს.

Forbes.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები