ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გახდა ცნობილი.
ყრილობაზე, ივანიშვილი სიტყვით გამოვიდა და პოლიტიკაში მესამედ დაბრუნების მიზეზები განმარტა. მან თქვა, რომ "სიმძიმის ცენტრის მისია" აქვს შესასრულებელი და არ უნდა დაუშვას პარტიის შიგნით დაპირისპირება.
მიზეზებს შორის დაასახელა: საქართველოს გარშემო რთული პოლიტიკური ვითარება; "განადგურებული ოპოზიციისგან" შესაძლო შედეგების მიღების არ დაშვება; საარჩევნოდ პარტიის გაძლიერება; ევროკავშირში გაწევრიანება.
"3 წლის შემდეგ, ჩემივე ინიციატივით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით, პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები. დღეს საქართველო რთული გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენი ქვეყნის გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება გართულდა და გამოწვევებიც გაიზარდა. შესაბამისად, გართულდა ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაც. ასეთ პირობებში, მცირე შეცდომაც კი ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც მმართველი პარტია წარმოადგენს, ქვეყანას ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს. საქართველოს ეროვნული მიზნები არსებითად შესრულებულად მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მივიჩნიოთ, როცა ეროვნულ თვითმყოფადობას ბოლომდე დავიცავთ, სახელმწიფოს სუვერენიტეტს სრულად აღვადგენთ, ქვეყანას გავაერთიანებთ და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს შევასრულებთ - საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანად დღეს ევროკავშირში ინტეგრაცია იკვეთება.
პოლიტიკიდან გასვლისას, მმართველი პარტიის სათავეში გამართული გუნდი დავტოვე, რომელმაც გასული 3 წლის განმავლობაში მრავალი სირთულის დაძლევა და ამოცანის შესრულება შეძლო. ამ ფონზე, სამწუხაროდ, ვიმეორებ - სამწუხაროდ, სრულად განადგურდა ოპოზიცია. განადგურდა პოლიტიკის ის სუბიექტი, რომელიც პოლიტიკურ სისტემაში მმართველი გუნდის კონტროლზეა პასუხისმგებელი. დანაშაულებრივი წარსულით დამძიმებული ოპოზიცია ხელისუფლების ჯანსაღი და ქმედითი კონტროლით არც მანამდე გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა მას კონტროლის მინიმალური რესურსიც კი აღარ დარჩა. ნაცვლად ოპოზიციური პარტიების ეფექტიანი კონტროლისა, ხელში შეგვრჩა სიცრუის ნიაღვარი, რომელიც ყოველდღიურად მოედინება მათი მედიასაშუალებებიდან და უკვე იმდენად გაცვდა, რომ მმართველ გუნდს მცირე დისკომფორტსაც კი ვეღარ უქმნის.
ოპოზიციის განადგურების პირობებში, იზრდება რისკები მმართველ გუნდში. ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ გრჩება, ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება.
ამ ყველაფერმა მიმაღებინა ჩემთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება, შემოვბრუნდე პოლიტიკაში და დავიკავო მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა, რის შესახებაც ჩემს მიერ დაფუძნებული პარტიის ხელმძღვანელ გუნდს ცოტა ხნის წინ თავად მივმართე.
ახლა რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ 90-100 მანდატს საარჩევნო კამპანიის გარეშეც მიიღებდა. შესაბამისად,
ჩემი მთავარი მიზანია:
საარჩევნოდ პარტიის კიდევ უფრო გაძლიერება, არამედ ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა. მმართველი პარტია საჭიროებს ახალ სიმძიმის ცენტრს და მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ ამ ახალი სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება დღეს დროული და აუცილებელია. ამისათვის, 2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი და მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება ჩემსა და გუნდს შორის ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებს და კოორდინაციას საჭიროებს.
ხაზი მინდა გავუსვა, რომ როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მე ვიქნები გუნდის მთავარი მრჩეველი. ჩემი სურვილი არაა, შევითავსო პარტიის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილებები, რომელიც შესანიშნავად ახორციელებს პარტიის მენეჯმენტს და მომავალშიც ის შეასრულებს პარტიის მართვის ფუნქციას.
ვფიქრობ, რომ ჩემი პოლიტიკური და ცხოვრებისეული გამოცდილება და შესაბამისი რჩევები ესაჭიროება გუნდს, რათა ჩვენი ქვეყანა საბოლოო გამარჯვებამდე მივიყვანოთ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ბოლომდე დავიცვათ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, სრულად აღვადგინოთ სახელმწიფო სუვერენიტეტი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საქართველო 2030 წლამდე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში ჩავაყენოთ და ევროკავშირში გავაწევრიანოთ. ჩვენი ვალია, ეს შესაძლებლობა სრულად გამოვიყენოთ და ამისათვის ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ.
ჩვენი სამშობლო, ჩვენი ღირსეული და ამაყი ერი მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებს. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, საქართველოს წინსვლისა და წარმატებისთვის ბოლომდე დავიხარჯოთ. სწორედ ამ პასუხისმგებლობამ დამაბრუნა კიდევ ერთხელ პოლიტიკაში", - განაცხადა ივანიშვილმა.