ბიძინა ივანიშვილი უჩივის შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ს, რადგანაც ბანკმა აშშ-ის სანქციები მისი ოჯახის წევრებზე და მათ მიერ დაფუძნებულ კომპანიებზეც განავრცო.
აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს პერსონალური ფინანსური სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა. როგორც ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი, ივანიშვილს Julius Baer-თან პრობლემები სანქციების დაწესებამდეც ჰქონდა, რადგანაც ბანკმა მას მიმართა ანგარიშის შეჩერების მოთხოვნით იქიდან გამომდინარე, რომ ის პოლიტიკურად აქტიურ პირს წარმოადგენდა. აშშ-ის სანქციების შემდეგ კი ბანკმა ივანიშვილის ოჯახის წევრების და მათ მიერ დაფუძნებული კომპანიების ანგარიშების მომსახურებაც შეაჩერა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ იავნიშვილს ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ოჯახის წევრებზე აქვს გაფორმებული, მაგალითად ქართუ ბანკი, ქართუ ფონდი და ქართუ ჯგუფი მისი შვილის უტა ივანიშვილის საკუთრებაშია, ხოლო თანაინვესტირების ფონდი მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის საკუთრებაშია.
უკანასკნელ ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც ივანიშვილმა პარლამენტში შესვლამდე შეავსო, ივანიშვილი უთითებდა, რომ საბანკო დეპოზიტზე 65.6 მილიონი დოლარი ჰქონდა განთავსებული, ეკატერინე ხვედელიძეს კი 88.4 მილიონი დოლარი ჰქონდა პირად საბანკო დეპოზიტზე განთავსებული. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ბანკის მიერ მისი ოჯახის წევრთა მომსახურების შეჩერება იყო "უკანონო", თუმცა თავად კომერციულ ბანკს მეორადი სანქციების თავიდან არიდების გათვალისწინებით შეეძლო უარი ეთქვა აღნიშნულ ტრანზაქციებზე, რადგანაც ბანკის მხრიდან არსებობს ეჭვი, რომ აღნიშნული თანხები საბოლოოდ ისევე სანქცირებული ივანიშვილის ხელში შეიძლება აღმოჩენილიყო.
ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის განცხადება შეეხება ივანიშვილის ინტერპრეტაციას იმასთან დაკავშირებით რომ Julius Baer-მა დაარღვია კანონმდებლობა და პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით ივანიშვილის ოჯახის წევრებს მომსახურება შეუჩერა. აღნიშნულ განცხადებაში ასევე საუბარია Credit Suisse-სთან მიმდინარე მრავალწლიან დავაზეც.
ამასთან, სწორედ Julius Baer-ის ესქროუ ანგარიშზე ინახება ის თანხაც, რაც ივანიშვილმა Credit Suisse-ს მრავალწლიანი სასამართლო პროცესის შედეგად მოუგო, თუმცა აღნიშნულ ანგარიშზე წვდომა ივანიშვილს არ გააჩნია.
ივანიშვილის ადვოკატის ლაშა კალანდაძის განცხადება ახალ დავაზე:
"როგორც დაინტერესებული პირებისთვის კარგად არის ცნობილი, ბიძინა ივანიშვილი თითქმის 10 წელია აწარმოებს დავას Credit Suisse-ის/მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების წინააღმდეგ სხვადასხვა იურისდიქციებში.
გაცნობებთ, რომ სინგაპურში მიმდინარე დავა Credit Suisse-ის წინააღმდეგ წარმატებით დასრულდა. ბერმუდაში მიმდინარე საქმე კი, რომელიც წარმატებით არის დასრულებული პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში, საბოლოო ინსტანციის სასამართლოში განხილული იქნება 2025 წლის ზაფხულში. შვეიცარიაშიც იწყება სამოქალაქო საქმეების განხილვა (შვეიცარიაში დავის საგანს წარმოადგენს იმ თანხების ანაზღაურება, რომლის კომპენსირება ვერ მოიცვა სინგაპურსა და ბერმუდაში მიმდინარე დავებმა).
აღნიშნული საქმეების განხილვის მიმდინარეობისა, თუ შედეგების შესახებ საზოგადოება ეტაპობრივად იქნება ინფორმირებული.
დაინტერესებულ პირებს შევახსენებთ, რომ Credit Suisse-ის უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი გადატანილი იქნა სხვა შვეიცარიულ ბანკში (Julius Baer), მათ შორის, ის ანგარიშებიც, რომლებზედაც უნდა განთავსებულიყო ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხები.
უნდა აღინიშნოს, რომ Julius Baer-ი წლების განმავლობაში კონსტრუქციულად თანამშრომლობდა, თუმცა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალა; თითქმის 6 თვის განმავლობაში Julius Baer-ი ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხებისთვის განკუთვნილი ანგარიშების (თანხების ბრუნვის) შესახებ ინფორმაციას ზღუდავდა. აღნიშნულის დამადასტურებელი არაერთი მიმოწერა არსებობს; ბიძინა ივანიშვილი ბანკს უხსნიდა, რომ ჰქონდა უფლება, მიეღოინფორმაცია ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხების შესახებ და მოითხოვდა ბანკისგან განმარტებას, რა სამართლებრივ საფუძველზე იზღუდებოდა მისი გარანტირებული უფლება, თუმცა ბანკი აჭიანურებდა რეაგირებას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც Julius Baer-მა ირწმუნა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი უფლებების დასაცავად მიმართავდა სამართლებრივ მექანიზმებს, Julius Baer-მა დაიწყო ინფორმაციით უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულება.
ბოლო პერიოდში კი კვლავ გართულდა ურთიერთობა. ბიძინა ივანიშვილის აზრით, ჰეჯ ფონდებმა (CarVal Credit Value Fund III, Promona Capital VIII და TPG Opportunities Partners III) დაარღვიეს თანხების დაბრუნების ვადები. Julius Baer-ი არის, ხელშეკრულების მიხედვით, ვალდებული, მიიღოს ზომები ჰეჯ ფონდების მიერ ვალდებულების დროულად შესრულებაზე. Julius Baer-ი კი მხოლოდ იტყობინება, რომ წერილებს უგზავნის ჰეჯ ფონდებს, თუმცა არ აკეთებს განმარტებას წერილების შინაარსთან, არც იმასთან დაკავშირებით, რა ქმედებებს ახორციელებს ან განახორციელებს ჰეჯ ფონდების მხრიდან ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. რადგან ბიძინა ივანიშვილი ვერ იღებს კანონით გარანტირებულ ინფორმაციას, თუ განმარტებას, თვლის, რომ Julius Baer-ი და ზემოაღნიშნული ჰეჯ ფონდები კოორდინირებულად მოქმედებენ მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ/საზიანოდ.
ურთიერთობა გაუარესდა სხვა მიმართულებითაც. თავდაპირველად, ბანკმა უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს შეესრულებინა დავალება თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც Julius Baer-მა მიიღო შეტყობინება, რომ სამართლებრივი მექანიზმებს მიმართავდნენ ბენეფიციარები თავიანთი უფლებების დასაცავად, ბანკმა შეასრულა დავალება თანხის გადმორიცხვის შესახებ, თუმცა თითქმის ერთი თვე დასჭირდა აღნიშნული ვალდებულების შესრულებას, არა და, როგორც წესი, ასეთი დავალების შესრულება ერთ დღეში ხორციელდება.
შემდეგ 2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში Julius Baer-ი, ფაქტობრივად, დაემუქრა, რომ პირადი საბანკო ანგარიში უნდა დაეხურა ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც პოლიტიკურად აქტიური პირისთვის. აღნიშნული საფუძვლით ანგარიშის დახურვის/გაუქმების მიზანშეწონილობა Julius Baer-ის მიერ არ იყო არგუმენტირებული. ბანკმა არც კი განმარტა, რატომ დადგა დღის წესრიგში, თან მაინც და მაინც 2024 წლის ბოლოს, პოლიტიკურად აქტიური პირის საფუძვლით პირადი ანგარიშის გაუქმების საკითხი. Julius Baer-ს არც დაუხურავს პირადი ანგარიში, თუმცა მისი აღნიშნული ქმედების შესახებ საზოგადოების ინფორმირება მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული.
და ბოლოს, Julius Baer-მა, ბენეფიციარების აზრით, არასწორად (უფრო, სათავისოდ) განმარტა ე.წ. ამერიკული სანქციები და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის კომპანიებსაც აცნობა, რომ ფაქტობრივად ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარეს მათი საბანკო ანგარიშები.
ზემოაღნიშნული საკითხები უქმნის ბიძინა ივანიშვილს წინაპირობას ჩათვალოს/იფიქროს, რომ Julius Baer-ის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს და Julius Baer-იც, ამა თუ იმ ფორმით, ჩართული არის პოლიტიკურ შანტაჟში.
რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, მათ შორის, უცხოელი ადვოკატების ჩართულობით, დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები Julius Baer-ის წინააღმდეგ ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
BMG-იმ აღნიშნულ საკითხზე კითხვით შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-საც მიმართა. ბანკში აცხადებენ, რომ კლიენტებთან დაკავშირებულ საკითხზე საჯარო კომენტარს არ აკეთებენ.