მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილის ასოციაცია "ატუ" იუსტიციის სახლთან, მტკვრის სანაპიროზე რესტორნის აშენებას გეგმავს

ასოციაცია ატუ

ბიძინა ივანიშვილის ასოციაცია "ატუმ" თბილისის არქიტექტურის სამსახურს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშრალი ხიდის და საარბრუკენის ხიდის, ასევე იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებული 4078 კვადრატული მეტრის განვითარების პროექტი წარუდგინა.

არქიტექტურული პროექტის თანახმად, ასოციაცია "ატუ" ადგილზე მრავალფუნქციური ცენტრის აშენებას გეგმავს, რომლის ძირითადი დანიშნულებაც კაფეს და რესტორნის ფუნქციონირება იქნება. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ნაგებობა ჰარმონიულად უნდა შეერწყას თბილისის არქიტექტურას და ახალი დანიშნულების ცენტრი უნდა გახდეს დედაქალაქის მაცხოვრებელბისა და მისი სტუმრებისთვის. ობიექტის განაშენიანების ფართობი 18 921 კვადრატულ მეტრამდე იქნება.

"წინამდებარე პროექტი ითვალისწინებს მდინარის სანაპირო ზოლში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის - რესტორნისა და მასთან დაკავშირებული რეკრეაციული სივრცეების მოწყობას.

პროექტის განხორციელების მიზნით წარმოდგენილია ტერიტორიის ფუნქციური ზონის ცვლილების მოთხოვნა, ვინაიდან არსებული ზონირება სრულად ვერ უზრუნველყოფს დაგეგმილი საზოგადოებრივ-საქმიანი ფუნქციის განხორციელებას. საპროექტო ტერიტორია ამჟამად მოქცეულია რეკრეაციული ზონა-2-ისა და სატრანსპორტო ზონა-1-ის ფარგლებში. პროექტით მოთხოვნილია მხოლოდ იმ ნაწილის ფუნქციური ზონის ცვლილება, სადაც დაგეგმილია საზოგადოებრივ-საქმიანი ფუნქციის მქონე ობიექტის განთავსება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სატრანსპორტო ზონა-1 პროექტის ფარგლებში უცვლელი სახით რჩება და მასზე რაიმე ტიპის ჩარევა, ცვლილება ან ფუნქციური ტრანსფორმაცია არ ხორციელდება. საპროექტო კონცეფცია წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურულ ნაგებობას, რომელიც ორგანულად ერწყმის სანაპირო ლანდშაფტს და გარემოს ბუნებრივ მახასიათებლებს.

შენობა გადაწყვეტილია დინამიკური, ორგანული ფორმით, რაც ვიზუალურად ასახავს მდინარის მოძრაობასა და გარემოს ბუნებრივ პლასტიკას. ობიექტი შედგება რამდენიმე ღია და ნახევრად ღია საზოგადოებრივი სივრცისგან, რომლებიც ინტეგრირებულია გამწვანებულ ტერასებთან, სასეირნო ბილიკებთან და ხედებით მდინარის მიმართულებით. პროექტში გათვალისწინებულია რესტორნის სივრცეები, ღია ტერასები, მოსასვენებელი და გამწვანებული ზონები, რაც უზრუნველყოფს ტერიტორიის საზოგადოებრივ აქტივაციასა და რეკრეაციული ფუნქციის შენარჩუნებას. არქიტექტურული გადაწყვეტა ორიენტირებულია მსუბუქ ვიზუალურ აღქმაზე, გარემოსთან ჰარმონიულ ინტეგრაციასა და პანორამული ხედების მაქსიმალურ გახსნაზე. პროექტი ხელს შეუწყობს ტერიტორიის ურბანულ განვითარებას, სანაპირო სივრცის გააქტიურებას, ტურისტული და საზოგადოებრივი ფუნქციების გაძლიერებას, ასევე თანამედროვე, ხარისხიანი საზოგადოებრივი გარემოს ფორმირებას,"- ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

საჯარო რეესტრის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ასოციაცია "ატუ" მტკვრის სანაპიროზე აღნიშნულ უძრავ ქონებას 2008 წლიდან ფლობს.

პროექტის რენდერები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები