Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის, ბიძინა ივანიშვილის ქონება ინდექსის აღრიცხვიდან ყველაზე დიდია და ის 6.55 მილიარდ დოლარს აღწევს. Bloomberg-ის თანახმად, ივანიშვილის ქონება 2023 წლის დასაწყისში 5.7 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული და ის წლის განმავლობაში 855 მილიონი დოლარით გაიზარდა.
Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი ივანიშვილის ქონებას 2013 წლიდან აფასებს. შეფასების დაწყებისას ივანიშვილის ქონების სავარაუდო მოცულობად 6.4 მილიარდი დოლარი იყო შეფასებული, თუმცა მალევე ის 5.6 მილიარდამდე შემცირდა, მას შემდეგ გასული 10 წლის განმავლობაში 5.1-6 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობდა.
Bloomberg-ის მოსაზრებით ბიძინა ივანიშვილის ქონების 27% განთავსებულია გლობალურ აქციებში, 36% ფიქსირებული შემოსავლის აქტივებში, 20% ნაღდ ფულში, 12% ალტერნატიულ საინვესტიციო ინსტრუმენტებში, 5% კი ნედლეულის ბაზარზე. ამასთან, Bloomberg-ის თანახმად, ივანიშვილი ფლობს ხელოვნების ნიმუშების კოლექციას, რომლის მოცულობაც $1 მილიარდამდეა.
მნიშვნელოვანია ის, გარემოება, რომ ბიძინა ივანიშვილის აქტივების შესახებ, მათ შორის უკანასკნელი ზრდის შესახებ Bloomberg-ი წერს ისეთ გარემოებებზე დაყრდნობით, როგორიცაა საფონდო ბირჟაზე წამყვანი ინდექსების ღირებულების ზრდა. მაგალითად, S&P 500-ის ღირებულება წლიურად 25%-ით არის გაზრდილი, სწორედ ამიტომ Bloomberg-მა ივანიშვილის ქონების ის სავარაუდო ნაწილი, რაც აქციებში არის ინვესტირებული გაზარდა.
შედარებით უფრო მოკრძალებულია Forbes-ის შეფასება, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილის ქონება 4.9 მილიარდ დოლარს შეადგენს. Forbes-ის თანახმად, ქართველი ოლიგარქის ქონება მაქსიმალური 2014 წელს იყო და ის 5.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.