ექსპრემიერ ბიძინა ივაშვილის ყოფილი ადვოკატი, სანდრო სამადბეგიშვილი, რომელიც იურიდიულ ფირმა MKD Law-ში საქმიანობს განმარტებას აკეთებს ბერმუდის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ივანიშვილისთვის $607-მილიონიანი კომპენსაციის ვადაზე ადრე მიცემისთვის უარის მიზეზებს უკავშირდება.
საქმე ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის დავას უკავშირდება, რომელშიც ბიძინა ივანიშვილმა გაიმარჯვა და ბანკის ბერმუდულ შვილობილს 607 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. თუმცა, ბანკმა განაჩენი გაასაჩივრა და იქამდე სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას უმაღლესი ინსტანციის სასამართლო გამოიტანს, კომპენსაციის გადახდის აღსრულება არ მოხდება. თუმცა, განაჩენის შესაბამისად, Credit Suisse-მა ეს 607 მილიონი დოლარი განათავსა სპეციალურ ესქროუ ანგარიშზე და თანხა ივანიშვილისთვის ხელმისაწვდომი გახდება მხოლოდ მას შემდეგ რაც ის საბოლოო ინსტანციის სასამართლოშიც გაიმარჯვებს.
თუმცა, როგორც ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს განაჩენიდან ირკვვეა, ასევე მიმდინარეობს სხვა პროცესიც, რომელიც საბოლოო განაჩენის გამოტანამდე, ამ ესქროუ ანგარიშზე დადებული 607 მილიონი დოლარის გამოყენების უფლებას შეეხება. ივანიშვილის მხარე მოითხოვს, რომ მათ მიეცეთ წვდომა 607 მილიონ დოლარზე, რის სანაცვლოდაც მზად არიან წარადგინონ შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტია, თუმცა სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რისთვისაც რამდენიმე არგუმენტი მოიყვანა, მათ შორის ისიც, რომ ივანიშვილის მიერ გარანტიის სახით წარდგენილი აქტივები (თანაინვესტირების ფონდის აქტივები) მდებარეობს საქართველოში და ექვემდებარება საქართველოს იურისდიქციას, ხოლო თავად ბიძინა ივანიშვილს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა საქართველოში მიმდინარე სამართლებრივ პროცესებზე და მათ შორის სასამართლოზეც, შესაბამისად იმ შემთხვევაში თუკი გარანტიის სახით წარდგენილი ქონების აღსრულება გახდება საჭირო, მოპასუხე მხარე შესაძლოა ბარიერს წააწყდეს, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სასამართლომ მიუთითა არის ივანიშვილის სანქცირების ალბათობა, რასთან დაკავშირებითაც ევროპარლამენტს ამ დრომდე სამი რეზოლუცია აქვს მიღებული, ხოლო მისი სანქცირების რისკი ასევე პრობლემა იქნება იმ შემთხვევაში თუკი უზრუნველყოფის სახით წარდგენილი ქონების აღსრულება გახდება საჭირო.
სანდრო სამადბეგიშვილის განმარტება ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე:
სანამ რიგი პოლიტიკოსები, საკითხის არცოდნის მიუხედავად, შეეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ამ შემთხვევაში, როგორც იურისტი და არა მხარე მცირე განმარტებას გავაკეთებ საქართველოს მოქალაქესა და შვეიცარიული ბანკის ბერმუდულ შვილობილს შორის არსებული დავის იმ ერთ ასპექტზე, რომლითაც დღეს გაერთობიან საინფორმაციო საშუალებები.
- საქართველოს მოქალაქემ ბერმუდას სასამართლოში, პირველ ინსტანციაში, შვეიცარიული ბანკის შვილობილ სადაზღვევო კომპანიას მოუგო დაახ. 607 მილიონი აშშ დოლარი;
- წინსწრებით ვიტყვი, რომ საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდა აპელაციაში, რომლის შედეგადაც გადაწყვეტილება არსებითად უცვლელი დარჩა. ამდენად, საქართველოს მოქალაქემ წარმატებას მიაღწია ორივე შემთხვევაში;
- საქართველოს მოქალაქემ იმთავითვა მოითხოვა, რომ მოგებული თანხა ბანკს (რომელიც პასუხისმგებელი აღმოჩნდა თავის შვილობილზე) მისთვის დაუყოვნებლივ გადაეხადა, რის საშუალებასაც ბერმუდის კანონმდებლობა იძლევა. აღნიშნულზე მას უარი ეთქვა, თუმცა ალტერნატივად შერჩეულ იქნა შვეიცარიული ბანკის მიერ თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება. ეს გადაწყვეტილება დაბალანსებული და ლეგიტიმური იყო შვეიცარიული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება უნდა მომხდარიყო სხვა შვეიცარიულ ბანკში, მეტი დაცულობისთვის. ბერმუდას სასამართლომ ამაზე თანხმობა განაცხადა. ბევრი წერა-კითხვის, ხმოვანი და ვიდეო ჩართვების შემდეგ ადვოკატთა ჯგუფებს შორის, საკითხი შეთანხმდა და თანხა განთავსდა სადეპოზიტო ანგარიშზე;
- დამთავრდა რა მეორე ინსტანცია, გამარჯვებულმა საქართველოს მოქალაქემ კვლავ მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულება, მიუხედავად იმისა, რომ წაგებული მხარე გადაწყვეტილების მორიგ ჯერზე გასაჩივრებას აპირებდა. სასამართლოს შესაფასებელი გახდა შემდეგი საკითხი: თუკი შვეიცარიული ბანკის შვილობილი წარმატებული იქნება თავის მომდევნო საჩივარში, ხოლო საქართველოს მოქალაქეს უკვე მიღებული ექნება თანხა, რამდენად შესაძლებელი ან რამდენად რთული იქნება შვეიცარიული ბანკისთვის, რომ საქართველოს მოქალაქისგან დაიბრუნოს წინსწრებით, საბოლოო გადაწყვეტილების დადგომამდე მიღებული თანხა;
- სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ:
o საქართველოს მოქალაქემ არჩია ცხადად არ დაესახელებინა თავისი სიმდიდრის ოდენობა;
o საქართველოს მოქალაქეს არ დაუსახელებია საქართველოს გარეთ რაიმე არსებითი აქტივი, რომლის მიმართაც შეიძლება წარიმართოს აღსრულება [თუკი იგი ბანკმა მოიგო მომდევნო აპელაცია, ხოლო საქართველოს მოქალაქემ არ დააბრუნას წინსწრებით მიღებული თანხა];
o არსებობს სანქცირების რისკი (აქ ევროპარლამენტის სამი რეზოლუცია აიღო წყაროდ);
o არსებობს რისკი, რომ საქართველოში საქართველოს მოქალაქის მხრიდან იქნება „ჩარევა ან გავლენა“ სასამართლო გადაწყვეტილებებზე (ეყრდნობა პროფესორი ბოვრინგის ნაშრომს, ევროპარლამენტის რეზოლუციასა, არასამთავრობოების ანგარიშებს.
- ჯამში, სასამართლო ამბობს, რომ თუკი საქართველოს მოქალაქეს მოგებული თანხის დაუყოვნებლივ წაღება უნდა, მაშინ საბანკო გარანტია უნდა წარმოადგინოს, გაცემული სათანადო ბანკის მიერ.