თბილისის ცენტრში, თამარაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული 80,145 მ²-ის უძრავი ქონება გაიყიდა - ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ფონდმა" ტერიტორია შპს “ნეო სითი დეველოპმენტს” მიჰყიდა, რომელიც 2023 წლის მარტში დაფუძნებული კომპანიაა. უცნობია რამდენი ათეული მილიონი დოლარია აღნიშნული გარიგების ღირებულება. ასევე უცნობია რა პროექტის განვითარება იგეგმება თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე.
ამავე კომპანიამ შეიძინა გმირთა მოედნის მიმდებარედ არსებული 42,500 მ²-ის უძრავი ქონება, რომელიც ლაგუნა ვერეს და ყოფილ აბრეშუმის ქარხანას მოიცავს. ცნობილია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე თავად ივანიშვილის კუთვნილი კომპანია “კოსტავას 69” 52-სართულიანი ცათამბჯენების პროექტის განვითარებას გეგმავდა. ზაფხულშივე საკრებულომ აღნიშნულ პროექტზე შესაბამისი თანხმობაც გასცა.
ბიზნესრეესტრის თანახმად, ამ აქტივების შემძენი კომპანიის ერთადერთი დამფუძნებელი და 100%-იანი პარტნიორი ყოფილი დეპუტატი მარიკა ვერულაშვილია. ჯერჯერობით, უცნობია ჩაერთვებიან თუ არა პროექტის განვითარებაში სხვა პარტნიორებიც. სავარაუდოდ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ასევე უცნობია გეგმავს თუ არა კომპანია ცათამბჯენების ის პროექტი განავითაროს, რაც ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ გასული წლის ბოლოს წარადგინა.
ამასთან, ბიზნესრეესტრის მონაცემებით, 2023 წლის 7 აგვისტოს "ნეო სითი დეველოპმენტის" 100%-იან წილზე "ქართუ ფონდის" სასარგებლოდ გირავნობის უფლება დარეგისტრირდა.
მთლიანობაში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაყიდული უძრავი ქონების ფართობი 122,600 მ²-ს შეადგენს.
აგვისტოში "ნეო სითი დეველოპმენტმა" გაავრცელა განცხადება, სადაც კომპანიამ აღნიშნა, რომ "ლაგუნა ვერეს" სპორტულ კომპლექსს აღადგენდა.
"დაგეგმილია საცურაო კომპლექს ლაგუნას აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა. სამუშაოები დაიწყება შესაბამისი კვლევების მომზადებისა და სანებართვო დოკუმენტაციის აღების შემდგომ და დასრულდება მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებასთან ერთად.
კომპანია წარმოადგენს ლაგუნა ვერეს განვითარების პროექტს. ქალაქს ექნება ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რომლის ისტორიაც 1978 წელს იწყება. აუზი მისი გამორჩეული დიზაინითა და არქიტექტურით ცურვის მოყვარულებსა და პროფესიონალებს მაღალი სტანდარტის უნიკალურ სივრცეს შესთავაზებს. 70-იანი წლების თბილისის მოდერნიზმის გამორჩეული ნიმუში დაიბრუნებს პირველსახეს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.